რაში გვჭირდება ფეხზე ნეკა თითი? — ყველაზე პატარა თითის მნიშვნელოვანი დანიშნულება
ავეჯზე მირტყმით ჩვენი გამწარების გარდა, როგორც ჩანს, ფეხზე ნეკა თითი სხვა ფუნქციასაც ასრულებს.
უკვე დიდი ხანია, ადამიანის ფეხის თითებმა ხეებზე მოჭიდების ფუნქცია დაკარგა. ჩვენს ყურადღებას ისინი მხოლოდ დისკომფორტის ან რამეზე მირტყმის შემთხვევაში იქცევს.
ფეხის თითები, რომლებიც ახლა ევოლუციის შედეგად გვაქვს, შედარებით მოკლე და სქელია. ამას ჩვენთვის არაერთი სარგებლობა მოაქვს, მათ შორის, სირბილის კუთხით.
2009 წელს მეცნიერებმა ადამიანებზე ექსპერიმენტი ჩაატარეს და სხვადასხვა სიგრძის თითის ეფექტიანობა შეამოწმეს ფეხებზე. აღმოჩნდა, რომ შედარებით გრძელი თითების მქონე ადამიანებს სირბილისთვის ბევრად მეტი ენერგიის დახარჯვა სჭირდებათ. სხვა ნაშრომის თანახმად, სპრინტერებს, ჩვეულებრივ, შედარებით გრძელი ფეხის თითები აქვთ, ასე კი ცოტა ხნით სიჩქარეს სწრაფად იკრებენ მეტი ენერგიის გაღების ხარჯზე.
მნიშვნელოვანი როლი აქვს ნეკა თითსაც, რომელიც, ერთი შეხედვით, ყველაზე სუსტი, პატარა და უსარგებლო ნაწილი შეიძლება გვეგონოს. თავის დანიშნულებას იგი საკმაოდ ეფექტიანად ასრულებს:
"ნეკა თითის დანიშნულება ბალანსისა და მამოძრავებელი ძალის უზრუნველყოფაა", — აცხადებს დოქტორი ბრიუს პინკერი, ტერფების დაავადებათა მკურნალი ექიმი — "როდესაც ნაბიჯს ვდგამთ, ნორმალური ბიომექანიკის ფარგლებში ტერფი ლატერალურიდან მედიალურამდე ბრუნდება".
საგულისხმოა ისიც, რომ სიარულის უნარი ცერა თითის, ნეკა თითისა და ქუსლის კოორდინირებულ მუშაობაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, თუკი ფეხს რომელიმე ნაწილს ჩამოვაშორებთ, ბალანსიც დაირღვევა, როგორც შტატივის შემთხვევაში.
თავისთავად, ადამიანები ფეხის ნეკა თითის გარეშეც იბადებიან ან მათ მოგვიანებით კარგავენ დაავადებებისა თუ უბედური შემთხვევების გამო. ამ დროის ისინი ამ თითის გარეშეც ეგუებიან სიარულს, თუმცა, შესაძლოა, ამან ბალანსის დარღვევა ან სიარულის შეცვლა გამოიწვიოს.
შესაბამისად, ნეკა თითის მნიშვნელობას გვერდს მაინც ვერ ავუვლით — იმის მიუხედავადაც კი, რომ მისი რაიმეზე მირტყმა აუტანელ ტკივილს იწვევს.
ასევე იხილეთ: რატომაა ფეხის თითის რამეზე მირტყმა ასეთი მტკივნეული? — რას ამბობს მეცნიერება
კომენტარები