მარტოობის მეცნიერება: ყველაფერი, რაც ამ შეგრძნების შესახებ უნდა ვიცოდეთ — მოკლედ
მარტოობა იზოლაციის სუბიექტური განცდაა, რომელიც ბოლო წლებში გლობალურმა პანდემიამ საგრძნობლად გაახშირა. ადამიანისთვის ემოციური დისკომფორტის შექმნის გარდა, ამ შეგრძნებას არაერთი ფიზიკური თუ ფსიქიკური პრობლემის გამოწვევაც შეუძლია.
ფსიქოლოგიისა და ნეირომეცნიერების დარგებში ბოლო დროს არაერთი მიგნება ვიხილეთ. შესაბამისად, მარტოობის კომპლექსური მექანიზმებისა და ტვინზე მისი შესაძლო გავლენის შესახებ მეტი ხდება ცნობილი.
მარტოობა მარტო ყოფნის პირისპირ
მარტოობა და მარტო ყოფნა სხვადასხვა რამაა. მარტოობა სუბიექტური გამოცდილებაა, რომელიც უფრო სოციალური ურთიერთობების ხარისხს (ხარისხს ადამიანი სუბიექტურად აღიქვამს) უკავშირდება და არა მათ რაოდენობას. სწორედ ამის გამო, ალბათ, თქვენც გიგრძნიათ თავი ბრბოში მარტოსულად, მარტო ყოფნისას კი — პირიქით.
ამ ორი მდგომარეობის ერთმანეთისაგან გამიჯვნა ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან მარტოობის ფსიქოლოგიურ გამოცდილებამ არაერთი ფიზიკური რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს და ტვინის ჯანმრთელობაზე იმოქმედოს.
მარტოობის ნეირობიოლოგია
ახალი კვლევებით მარტოობასთან დაკავშირებულ ნეირობიოლოგიურ მექანიზმებზე არაერთი რამ შევიტყვეთ.
როგორც ჩანს, მარტოობის შეგრძნება ტვინის იმ რეგიონებთანაა დაკავშირებული, რომლებიც სოციალურ შემეცნებასა და ემოციების რეგულაციაზე აგებს პასუხს. მათ შორისაა პრეფრონტალური ქერქი და ნუშისებრი სხეული, იგივე ამიგდალა.
ამასთანავე, ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით (fMRI) ჩატარებული კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა მარტოსული და დანარჩენი ადამიანების ტვინების ფუნქციონირებაში განსხვავებები შენიშნეს: გადამუშავების კუთხით იმ ადამიანთა კანონზომიერებები, ვინც თავს მარტოსულად გრძნობდნენ, მეტად უნიკალური და იდიოსინკრაზიული იყო.
მიგნებები იმაზე მეტყველებს, რომ მარტოობას შეუძლია, ადამიანებში ტვინის ფუნქციონირება შეცვალოს და აღქმისა თუ შემეცნების კუთხით განსხვავებულ გამოცდილებებამდე მიგვიყვანოს.
მარტოობა და ფსიქიკური ჯანმრთელობა
ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მარტოობა ფსიქიკურ ჯანმრთელობას თავისთავად უკავშირდება. არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მას არაერთი მენტალური პრობლემის პროვოცირება შეუძლია, მათ შორის, დეპრესიისა და შფოთვის.
ამას გარდა, შესაძლოა, ქრონიკულმა მარტოობამ სოციალური საფრთხეებისადმი მუდმივი შიშის შეგრძნება და ჰიპერსიფხიზლე, ანუ საფრთხისადმი გადამეტებული ყურადღება, მოიტანოს. თავის მხრივ, ამან ჯანმრთელობაზე უარყოფითად შეიძლება იმოქმედოს და ძილის დარღვევა, იმუნიტეტის დაქვეითება თუ ავადობის გახშირებაც გამოიწვიოს.
მართალია, ტექნოლოგიების განვითარების შედეგად 21-ე საუკუნეში ადამიანებთან დაკავშირება ყველაზე მარტივია, თუმცა მარტოობა ასეთი ხშირი მაინც არასოდეს ყოფილა. ამას იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ ციფრულ კომუნიკაციას ცოცხალი ინტერაქციის ჩანაცვლება არ შეუძლია.
მიუხედავად ამისა, კვლევების თანახმად, მარტოობასა და მის უარყოფით შედეგებთან საბრძოლველად არაერთი გზა არსებობს. მათ შორისაა: სოციალური უნარების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ჩარევა, სოციალური მხარდაჭერის გაძლიერება, სოციალური კონტაქტის შანსების გაზრდა და არაადაპტაციური სოციალური შემეცნებისთვის შესაბამისი ყურადღების მიქცევა.
დადგენილია, რომ ე.წ. მაინდფულნეს მედიტაციის ერთ სესიასაც კი შეუძლია, მარტოობის განცდა შეამსუბუქოს. ეს კიდევ ერთხელ უსვამს პრობლემის კუთხით ფსიქოლოგიური ინტერვენციების მნიშვნელობას.
მარტოობის კუთხით ფსიქოლოგიისა და ნეირომეცნიერების დარგებმა ბოლო წლებში საგრძნობლად წინ წაიწია. იმისათვის, რომ პრობლემის არსსა და მისი გადაჭრის გზებში უკეთ გავერკვეთ, კვლევები კვლავაც უწყვეტად მიმდინარეობს.
კომენტარები