იდეა, რის მიხედვითაც ადამიანის გონება სხვა ფორმითაც არსებობს ჩვენთვის განსაკუთრებით 1950-იანი წლებიდანაა საინტერესო. იდეა სამეცნიერო ფანტასტიკამაც აიტაცა. სატელევიზიო სერიები, როგორიცაა შავი სარკე (Black mirror) და ატვირთვა (Upload) სწორედ ასეთ რეალობაზე მოგვითხრობენ.

პარალელურად მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ბოლოდროინდელი მიღწევები ამ ოცნებასთან გვაახლოებენ.

2016 წელს BBC Horizon-მა გაგვაცნო პროგრამა — The Immortalist, რომელშიც მილიონერი დიმიტრი იტცკოვი ტვინის გაციფრულებაზე მუშაობს. ის ამისთვის ცნობილ ნეირომეცნიერებთან და სხვა ექსპერტებთან თანამშრომლობს.

მილიონერს და მის გუნდს მიაჩნდა, რომ ამას 2045 წლისთვის შეძლებდნენ. ასე მალე მსგავსი შედეგების მიღება ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ერთი რამ ფაქტია, ტვინის შესწავლის მხრივ წინ მივიწევთ. შესაბამისად, თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია.

რამდენიმე მიდგომა

ამ მხრივ ყველაზე პერსპექტიული ტექნიკა "სკანირება და კოპირებაა", სადაც ტვინის სტრუქტურა დეტალურად იქნება დასკანირებული. ეს შეიძლება მოხდეს ელექტრონული მიკროსკოპის ტექნიკის გამოყენებით. ეს ტვინის სამუშაო ასლის შესაქმნელად შესაბამის მონაცემებს შეაგროვებს.

2008 წელს გამოქვეყნებულ მოხსენებაში, ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ტვინის კომპიუტერში ატვირთვა როგორც ურთულესი დავალება ისე აღწერეს. თუმცა, აქვე აღინიშნა, რომ ტექნოლოგიების განვითარების ფონზე ეს დასაშვებია.

ექსპერტების ნაწილი ამას სკეპტიკურად უყურებს. მათი აზრით, გონების სხეულიდან გამოყოფა ძალიან რთული იქნება.

აღსანიშნავია, რომ ჩვენ ბოლომდე არ გვესმის თუ როგორ მუშაობს სისტემა, რომელიც ცნობიერს წარმოქმნის. შესაბამისად, რთულია წინასწარ იმის თქმა იქნება თუ არა ცნობიერი გაციფრულებულ სისტემაში.

დღეს მეცნიერებასა და ფილოსოფიაში მსგავსი თეზისები აქტიურად განიხილება. ეს ის საკითხია რაზეც გადაჭრით პასუხი ჯერ არ გვაქვს.

ტვინის მოდიფიკაცია

ერთი რამ ფაქტია, ტექნოლოგიები და ჩვენი ტვინები ერთმანეთთან სულ უფრო დაკავშირებულია. ნეიროტექნოლოგია — ადამიანის ტვინის აქტივობების ჩამწერი და აღმქმელი მოწყობილობები სწრაფად ვითარდება. ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისები და იმპლანტები დღეს უკვე არსებობს. საცდელ ეტაპზე, მაგრამ უკვე შემუშავებულია მოწყობილობები რაც ადამიანებს ფიქრით ტექსტის დაწერისა და წინადადებების გადმოცემის საშუალებებს გვაძლევს.

ასევე: ტვინის იმპლანტების ეპოქა სულ უფრო გვიახლოვდება — რა ვიცით და რას ველოდებით

ტვინის ახალი იმპლანტი ფიქრით წუთში 90 სიტყვის "დაწერის" საშუალებას იძლევა

ასეთი პორგრესი, ხელოვნური ინტელექტის მიღწევებთან ერთად, გვაძლევს ტვინის ტალღების უკეთ გაშიფვრის საშუალებას. სამომავლოდ, მსგავსმა ტექნოლოგიებმა შეიძლება ტვინის გაციფრულებაც დააჩქარონ.

დანამდვილებით არავინ იცის, რამდენი დრო შეიძლება დაგვჭირდეს ტვინის ბოლომდე გასაგებად — შესაბამისად, მის სრულად გასაციფრულებლად. თუმცა, პერსპექტივები არსებობს.

ვნახოთ, რა იქნება შემდეგი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.