ისტორიაში პირველად: მეცნიერები ხელოვნური ინტელექტის მიერ შემუშავებულ წამალს ადამიანებზე ტესტავენ
ისტორიაში პირველად, ხელოვნური ინტელექტის სისტემის მიერ აღმოჩენილი და შექმნილი წამალი ოფიციალურად გადის მეორე ფაზის ტესტირებას ადამიანის კლინიკურ კვლევებში.
წამალი, სახელწოდებით NS018_055, შეიქმნა ბიოტექნოლოგიური ფირმა Insilico Medicine-ის მიერ იდიოპათიური ფილტვის ფიბროზის სამკურნალოდ — ესაა ფილტვების ქრონიკული დაავადება, რომელიც ხშირად იწვევს სუნთქვის პრობლემებს.
პრეპარატი დაამტკიცეს მე-2 ფაზის ცდებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ მეცნიერები ახლა ამოწმებენ, მოქმედებს თუ არა იგი რეალურად ადამიანებში.
Insilico Medicine-ის მკვლევრების თქმით, ხელოვნური ინტელექტის დანერგვა ფარმაცევტიკის სფეროში ინდუსტრიის პროდუქტიულობას ერთი-ორად გაზრდის.
"ჩვენს კომპანიას — და ეს არის დიდი, თამამი პრეტენზია — შეუძლია, გააორმაგოს თითქმის ყველა დიდი ფარმაცევტული კომპანიის პროდუქტიულობა", — განაცხადა Insilico Medicine-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალექს ჟავორონკომ.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუკი ჟავორონკოს დავუჯერებთ, AI-ს გამოყენებით წამლების შემუშავებისთვის საჭირო დროის განახევრებაა შესაძლებელი.
კომპანია ნერგავს ხელოვნური ინტელექტის მოდელებს, რომლებსაც შეუძლია, სწრაფად და ეფექტურად გადაიტანოს მონაცემთა მასიური ნაკრებები ახალი მოლეკულების შესაქმნელად. ეს მოლეკულები კი საბოლოოდ შეიძლება იქცეს წამლად.
მოკლედ რომ ვთქვათ, კომპანია, როგორც თავად აცხადებს, იყენებს AI-ს ფარმაცევტული პროდუქტის პოტენციური სამიზნის იდენტიფიკაციისთვის, კონცეპტუალიზაციისა და ეფექტიანობის პროგნოზირებისთვის.
Insilico Medicine იყენებს NVIDIA გრაფიკული დამუშავების ტექნოლოგიას თავისი ხელოვნური ინტელექტის გასაძლიერებლად და, როგორც ვხედავთ, ეს მიდგომა შედეგიანია. NVIDIA-ს თანახმად, წამალი NS018_055-ის შექმნას 18 თვეზე ნაკლები დრო დასჭირდა, მაშინ, როცა ამ პროცესს, ჩვეულებრივ, ექვსი წელი მიაქვს.
Insilico-მ გამოიყენა თავისი ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა პრე-კლინიკური წამლის 12 კანდიდატის აღმოსაჩენად, რომელთაგან სამი გადავიდა ადრეულ კლინიკურ კვლევებზე. ამ სამიდან კი NS018_055 პირველია, რომელიც მე-2 ფაზის კვლევებში მოხვდა.
"როდესაც პირველად წარვადგინეთ ჩვენი შედეგები, ადამიანებს, უბრალოდ, არ სჯეროდათ, რომ გენერაციული ხელოვნური ინტელექტის სისტემებს შეუძლია, მიაღწიოს მრავალფეროვნების, სიახლისა და სიზუსტის ამ დონეს", — დასძინა ჟავორონკომ თავის განცხადებაში. "ახლა კი, როდესაც წამლის პერსპექტიული კანდიდატების ასეთი რაოდენობა გვაქვს, ხალხი ხვდება, რომ ეს რეალურად მუშაობს."
რა თქმა უნდა, ეს საკმაოდ ამბიციური განცხადებაა იმის გათვალისწინებით, რომ პრეპარატი ადამიანებზე კლინიკური კვლევების მრავალწლიან პროცესს ახლა იწყებს. მხოლოდ დრო გვიჩვენებს, რამდენად ეფექტიანი იქნება იგი.
კომენტარები