ნახეთ: ასტრონომებმა იუპიტერის მსგავსი ეგზოპლანეტა პირდაპირ გადაიღეს
ასტრონომებმა, კეკის ობსერვატორიის მეშვეობით, იუპიტერის მსგავსი ეგზოპლანეტა პირდაპირ აღბეჭდეს. ესაა ერთ-ერთი ყველაზე მცირე მასის ციური სხეული, რომელიც ოდესმე გადაგვიღია, ხოლო მისი ორბიტა ჩვენი მზის სისტემის აირის გიგანტისას ჰგავს.
აღნიშნული ობიექტი AF Lep b-ის სახელითაა ცნობილი და მზის მაგვარი ვარსკვლავის გარშემო გადაადგილდება. ის დედამიწისგან დაახლოებით 87.5 სინათლის წლითაა დაშორებული. მასზე დასაკვირვებლად სპეციალისტებმა ასტრომეტრიის მეთოდს მიმართეს, რომელიც პლანეტებთან გრავიტაციული ურთიერთქმედების შედეგად მნათობთა მცირე მოძრაობების დაფიქსირებას გულისხმობს.
AF Lep b-ის მშობელი ვარსკვლავის შესახებ მოპოვებული მონაცემების მიხედვით მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში ვარაუდობდნენ, რომ ამ სისტემაში ეგზოპლანეტა უნდა ყოფილიყო. ეს მართლაც ასე აღმოჩნდა.
ასტრონომებმა კეკის ობსერვატორიიდან გადაღებულ სურათებში მნათობის სიკაშკაშე ჩაახშეს, რის შედეგადაც გამოსახულებაზე ეგზოპლანეტა გამოჩნდა. ის იუპიტერზე 3-ჯერ მასიურია, თუმცა უფრო ახალგაზრდაა. მზეზე ნაკლებად ხნიერია ის ვარსკვლავიც, რომლის ირგვლივაც AF Lep b მოძრაობს.
ავტორებმა კვლევისთვის კეკის ობსერვატორიის ადაპტაციური ოპტიკური სისტემა და ტელესკოპზე დამონტაჟებული ახლო ინფრაწითელი კამერა NIRC2/კორონოგრაფი გამოიყენეს. ისინი ფიქრობენ, რომ ამისა და ასტრომეტრიის მეშვეობით ეგზოპლანეტების პირდაპირ დაფიქსირების უკეთესი შესაძლებლობა გვეძლევა.
მათი ნაშრომი გამოცემაში Astrophysical Journal Letters გამოქვეყნდა.
კომენტარები