რა არის სიცოცხლე — ახალი თეორია
ალბათ, ერთხელ მაინც გიფიქრიათ, თუ რა არის სიცოცხლე და როგორია მისი დეფინიცია.
ბიოლოგები "სიცოცხლეს" შემდეგნაირად განსაზღვრავენ: ეს არის ერთეული, რომელიც რეპროდუცირებს, რეაგირებს გარემოზე, მეტაბოლიზებს ქიმიკატებს, მოიხმარს ენერგიას და იზრდება. ამ მოდელის მიხედვით რაღაცა ან ცოცხალია ან არა.
ეს განმარტება კარგად მუშაობს პლანეტა დედამიწის შემთხვევაში — თუ არ ჩავთვლით ვირუსებს, რომლებიც გამონაკლისია. თუმცა, თუ სიცოცხლე სხვაგანაცაა, ის შეიძლება არ იყოს შემდგარი იგივე მასალისგან, რისგანაც ჩვენ. ის შეიძლება არ გამოიყურებოდეს ასე, არ მოძრაობდეს ან საერთოდ, კომუნიკაციაც კი განსხვავებული ფორმის ჰქონდეს. ჩნდება შეკითხვა, როგორ განვსაზღვრავთ მას სიცოცხლედ?
ასეთ დროს რთულია, სტანისლავ ლემის "სოლარისი" არ გაგახსენდეს. სამეცნიერო ფანტასტიკის ამ შედევრში პლანეტაზე არის ოკეანე — რაღაცა რაც ცოცხალია, მაგრამ ის მთლიანია, ერთდაერთია და მარტოა — თუმცა ცოცხალია.
დავუბრუნდეთ მეცნიერებას: არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტრობიოლოგი, სარა უოლკერი და გლაზგოს უნივერსიტეტის ქიმიკოსი, ლი კრონინი ფიქრობენ, რომ მათ ამ რთულ შეკითხვებზე პასუხს მიაგნეს.
მათ მიაჩნიათ, რომ მხოლოდ შემთხვევითობა ვერ შეძლებს ისეთი რთული მოლეკულების წარმოებას, რომელიც ცოცხალ ორგანიზმებში გვხვდება.
რთული ობიექტების მილიარდობით ასლის შესაქმნელად, როგორიცაა ცილები და ადამიანის ხელები, სამყაროს სჭირდება "მეხსიერება".
"ელექტრონის დამზადება შესაძლებელია სამყაროს ნებისმიერ წერტილში და მას არ აქვს ისტორია. თქვენ ფუნდამენტური მასალისგან შედგებით, მაგრამ ისტორიული ნაწილისგანაც. შეგიძლიათ განსაზღვროთ თქვენი ასაკი, იმის მიხედვით როდის დაიბადეთ. თუმცა, თქვენ შედგებით იმისგან რაც მილიარდობით წლის წინ გაჩნდა. ამ პერსპექტივიდან ჩვენ საკუთარი თავი უნდა აღვიქვათ, როგორც ინფორმაციის გავრცელების ხაზი. და ეს დინება დროებით ინდივიდშია აგრეგირებული", — უთხრა უოკერმა New Scientist-ს.
უოლკერისა და კრონინის "შეკრების თეორია" პროგნოზირებს, რომ ბიოლოგიური პროცესების შედეგად წარმოქმნილი მოლეკულები უფრო რთული უნდა იყოს, ვიდრე არაბიოლოგიური პროცესების შედეგად წარმოქმნილი.
ახალი თეორიის შესამოწმებლად მკვლევრებმა გააანალიზეს ორგანული და არაორგანული ნაერთები დედამიწიდან და კოსმოსიდან. მათ შორის E. coli ბაქტერიები, საფუარი, შარდი, ზღვის წყალი, მეტეორიტები, წამლები, სახლში მოხარშული ლუდი და შოტლანდიური ვისკი.
მკვლევრებმა ნაერთები ნაწილებად დაყვეს და გამოიყენეს მასის სპექტრომეტრია, მოლეკულური სამშენებლო ბლოკების დასადგენად. შედეგად, ბლოკებიდან თითოეული ნაერთის ხელახლა შეკრებისთვის საჭიროება გამოთვალეს და მას "მოლეკულური შეკრების ინდექსი" უწოდეს.
15 ან მეტი ნაერთი მხოლოდ ცოცხალი სისტემებიდან და ტექნოლოგიური პროცესებიდან იყო.
"ეს შეიძლება იყოს უჯრედი, რომელიც ქმნის კომპლექსურ მოლეკულებს, როგორიცაა ცილები. მეორე შემთხვევაში ეს გვხვდება ქიმიური ექსპერიმენტისას, როდესაც ქიმიკოსი კიბოს საწინააღმდეგო პრეპრატზე მუშაობს", — აღნიშნულია ნაშრომში.
არაორგანულმა ნაერთებმა ამ ზღურბლს ვერ მიაღწიეს.
"ჩვენი ინდექსის სილამაზე იმაში მდგომარეობს, რომ სიცოცხლის იდენტიფიცირებისთვის არ არის აუცილებელი უცხოპლანეტელიც ნახშირბადზე დაფუძნებული სიცოცხლის ფორმა იყოს — როგორც ეს დედამიწაზეა", — თქვა უოლკერმა.
ინდექსი ინდიფერენტულია იმის მიმართ, უცხოპლანეტური სიცოცხლე ახლა იწყებს ჩამოყალიბებას თუ გადავიდა ტექნოლოგიურ სტადიაზე, რომელიც ჩვენს წარმოდგენებს სცდება. კვლევის მიხედვით, ყველა ეს მდგომარეობა აწარმოებს კომპლექსურ მოლეკულებს, რომლებიც არ შეიძლებოდა ყოფილიყო ცოცხალი სისტემის გარეშე.
ახალი თეორიის მიხედვით, სიცოცხლე მოლეკულურ დონეზე კომპლექსურობასა და "მახსოვრობას" საჭიროებს, რომელიც მატერიის სხვა ფორმას უბრალოდ არ გააჩნია.
უოკერი და კრონინი თეორიის NASA-სთვის შეთავაზებას გეგმავენ. მათ მიაჩნიათ, რომ ეს კოსმოსურ სააგენტოს არამიწიერი სიცოცხლის ფორმების აღმოჩენაში დაეხმარება.
კომენტარები