საფრანგეთის გამოქვაბულში, სავარაუდოდ, ნეანდერტალელთა უძველესი "ნახატები" აღმოაჩინეს
მეცნიერებმა საფრანგეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე La Roche-Cotard-ის გამოქვაბულის კედლებზე ნეანდერტალელთა მიერ დატოვებული კვალი აღმოაჩინეს, რომელიც შესაძლოა, უძველესი ასეთი ნიმუში იყოს.
მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მიკვლეული მტკიცებულებების მიხედვით, ადამიანის ეს გადაშენებული სახეობა საკმაოდ განვითარებული იყო. მათ გამოქვაბულებში არსებული ერთგვარი სიმბოლოების მხოლოდ მცირე რაოდენობა უკავშირდება, შესაბამისად ამ უკანასკნელთა მნიშვნელობაზე რაიმეს დაზუსტებით თქმა ძნელია, ხოლო ინტერპრეტაციები ჯერ კიდევ საკამათოა. არაა გამორიცხული, ახალმა მიგნებამ ყველაფერი შეცვალოს.
როგორც ავტორები ამბობენ, მათ მიერ აღმოჩენილი "ნახატები" კედლებზე თითების გამოყენებითაა დატანილი. ისინი სპეციალისტებმა ფოტოგრამმეტრიის მეშვეობით შეისწავლეს და სამგანზომილებიანი რეპრეზენტაციული გამოსახულებები შექმნეს. შედეგად, ნიმუშების ფორმები და განლაგება დეტალურად გააანალიზეს. დადგინდა, რომ ისინი ორგანიზებული და განზრახ ამოტვიფრულია.
ავტორებმა ლუმინესცენციური დათარიღების მეთოდს მიმართეს, რომლის მიხედვითაც გამოქვაბულში ნეანდერტალელებმა ეს კვალი დაახლოებით 57 000 წლის წინ დატოვეს, სტრატიგრაფიული მონაცემების თანახმად კი — 75 000 წლის წინ.
აღნიშნული პერიოდი ამ არეალში ჰომო საპიენსების გამოჩენას საკმაოდ უსწრებს წინ, ამიტომ ზემოხსენებული სიმბოლოები ნეანდერტალელებს მიეწერება. ამას ამყარებს გამოქვაბულში აღმოჩენილი ე.წ. მუსტიეს კულტურის ქვის იარაღები, რომლებსაც ეს სახეობა აქტიურად იყენებდა.
ყველაფრის მიუხედავად, სიმბოლოების გაშიფვრა ძნელია, რადგან ისინი რაიმეს ზუსტად არ გამოსახავს. ახალი ნაშრომი გამოცემაში PLOS ONE გამოქვეყნდა.
კომენტარები