გაიცანით გრეის ჰოპერის ჯილდოს გამარჯვებულები, რომლებიც ტექნოლოგიებში ქალთა გაძლიერებას უწყობენ ხელს
16 ივნისს, ამერიკელი პროგრამისტი ქალის, ადმირალ გრეის ჰოპერის ჯილდოს გამარჯვებულები მესამედ გამოვლინდნენ. ყოველწლიური დაჯილდოება საზოგადოების ყურადღებას ტექნოლოგიების სფეროში გენდერული თანასწორობის მნიშვნელობისკენ მიმართავს. ღონისძიება იმ ლიდერებს გვაცნობს, რომლებიც ქალების გაძლიერების მიმართულებით მისაბაძი მაგალითები არიან.
გრეის ჰოპერის ჯილდომ მომავლის ლიდერის, ICT სფეროს ჩემპიონის, ტექნოლოგიური სტარტაპის, ქალთა გაძლიერების პროგრამის, მრავალფეროვნების მხარდამჭერი ორგანიზაციისა და ICT სექტორში ქალების გაძლიერების ქომაგის ნომინაციაში მრავალფეროვნების მხარდამჭერები გამოავლინა და სპონსორებთან ერთად ისეთი პროგრამები თუ სხვა სახის დახმარება შესთავაზა, რაც უმნიშვნელოვანესი საქმის სტაბილურად კეთებაში შეუწყობთ ხელს.
გრეის ჰოპერის ჯილდოს პროგრამის კონსულტანტის, ნინუცა ნანიტაშვილის თქმით, ექვსივე ნომინაციაში ათეულობით გამორჩეული განაცხადი მიიღეს და ჟიურის 3-3 ფინალისტის გამორჩევა განსაკუთრებით გაუჭირდა.
"სასიხარულოა, რომ ღონისძიებით დაინტერესება სულ უფრო იზრდება. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია მეტი ვისაუბროთ თანაბარი ჩართულობის მნიშვნელობაზე, რათა მეტმა და მეტმა კომპანიამ გაითავისოს, რამდენად აუცილებელია ტექნოლოგიებში მრავალფეროვნება. ასევე, ქალებს ვაჩვენოთ წარმატების ნათელი მაგალითები და ამით ერთგვარ ბიძგის მიმცემად ვიქცეთ, რათა ტექნოლოგიების სფეროში განვითარდნენ", — გვეუბნება ნინუცა.
თითოეული ნომინაციის ფინალისტების ვინაობა უკვე გაგაცანით და მათი საქმიანობის შესახებაც მოგიყევით. ამ სტატიაში კი, გამარჯვებულების შესახებ წაიკითხავთ და გაიგებთ, რას ნიშნავს მათთვის გრეის ჰოპერის ჯილდოს მოპოვება.
მომავლის ლიდერი
აღნიშნულ ნომინაციაში გამარჯვებული Techworld with Nana-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ნანა ჯანაშია გახდა. აღნიშნული იუთუბ არხი სასწავლო ვიდეოებს აერთიანებს, რომლებიც გამომწერებს ტექნოლოგიური ხელსაწყოებისა და მათი გამოყენების შესახებ საჭირო ცოდნას უზიარებს. წამოწყებამ გამოხმაურება მალევე მოიპოვა და მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციებისთვის სასწავლო პლატფორმადაც კი იქცა. ნანამ გადაწყვიტა, რომ იუთუბ არხი, რომელსაც 800 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, ბიზნესად ექცია — ამგვარად, ბიზნეს პარტნიორთან ერთად შპს nnSoftware დააფუძნა, TechWorld with Nana კი ბრენდად აქცია.
ნანა ამჟამად აშშ-ში იმყოფება, ამიტომ დამსწრე აუდიტორიას ვიდეოჩანაწერის საშუალებით მიმართა.
"გრეის ჰოპერის ჯილდო ჩემთვის იმის დადასტურებაა, რომ ჩემი საქმიანობით შთაგონებას ვაძლევ ქალებს, დაიჯერონ, რომ კონკრეტულად ICT სფეროში და ზოგადადაც, შრომისა და ძალისხმევის ხარჯზე, მიაღწიონ ნებისმიერ რამეს, რასაც მიზნად დაისახავენ. ზუსტად ისე, როგორც ჩემთვისაც სხვადასხვა სფეროდან ძალიან ბევრი წარმატებული ქალი ჩემი მოტივაციისა და ამბიციის წყაროა", — აღნიშნა ნანამ.
აღნიშნული ნომინაციისა და ტექნოლოგიური სტარტაპის გამარჯვებულების მხარდამჭერი თიბისია, რომელიც მათზე მორგებული პროგრამის საშუალებით დაეხმარება კიდევ უფრო გაძლიერებაში.
თიბისის დირექტორის მოადგილის, ნინო მასურაშვილის თქმით, კომპანიის სტრატეგიის ნაწილი ტექნოლოგიებისა და ახალგაზრდების, განსაკუთრებით გოგოების მხარდაჭერაა, ამიტომ მოხარულები არიან, რომ გამარჯვებულებს მათზე მორგებულ პროგრამებს შესთავაზებენ.
"ჩვენ გვჯერა, რომ მრავალფეროვნება არის უმნიშვნელოვანესი და ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა, მაქსიმალურ წარმატებას მიაღწიოს. ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გოგოებმა ტექნოლოგიების მიმართულებით განათლების მიღება და დასაქმება დაბრკოლებების გარეშე შეძლონ", — ამბობს ნინო.
ICT სფეროს ჩემპიონი
აღნიშნულ ნომინაციაში თამარ ბოსიკაშვილმა გაიმარჯვა, რომელიც წლებია ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობს და გამოწვევების მიუხედავად, ICT სექტორის ლიდერია. თამარი ორი ტექნოლოგიური კომპანიის დამფუძნებელია:
Aisitec საკონსულტაციო მომსახურებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობს და კომპანიებს საერთაშორისო სისტემების მომსახურების სერვისს სთავაზობს, მათ შორის, ადამიანური რესურსების მართვის პორტალსა და ხელმოწერებისა და შტამპების იურიდიული ძალის მქონე კვალიფიცირებულ სერვისს.
BiteriumAI კი ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სტარტაპია, რომელიც მაღალი წნევისა და გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკის მქონე ადამიანებს პრევენციის სისტემას სთავაზობს. სისტემა ამ ეტაპზე 40-მდე სიმპტომს ეყრდნობა და მომხმარებლებს რეკომენდაციებსა და პროგნოზებს უზიარებს, რაც გართულებების რისკს 80%-ით ამცირებს.
თამარის თქმით, ტექნოლოგიების სფეროში გამოწვევებთან გამკლავების გამოცდილება თვითონაც აქვს და მოხარულია, რომ არსებობს მსგავსი დაჯილდოება, რომელიც სტერეოტიპების მსხვრევას უწყობს ხელს.
"როცა ინფორმატიკის მიმართულებით მივიღე განათლება, ძალიან კარგად ვიცოდი პროგრამირების ენები, რომლებიც ახალი შემოსული იყო, თუმცა არაერთ წინააღმდეგობას წავაწყდი. უკვირდათ, რომ ქალი შეიძლებოდა პროგრამული უზრუნველყოფით, ზოგადად, ტექნოლოგიებით დაინტერესებულიყო. მსგავსი დაჯილდოებების გზით წარმატების მაგალითების გამოვლენა ამსხვრევს სტერეოტიპებს იმის შესახებ, რომ ქალებს ტექნოლოგიების მიმართულებით განვითარების ნაკლები შანსი აქვთ და ქალებს, რომლებიც ჯერ კიდევ ეჭვობენ, მოტივაციას აძლევს", — გვიზიარებს თამარი.
ტექნოლოგიური სტარტაპი
აღნიშნულ კატეგორიაში გამარჯვება Bizon.ge-მ მოიპოვა, რომელიც მძიმე ტექნიკისა და მანქანა-დანადგარების პლატფორმაა. კომპანია მყიდველებსა და გამყიდველებს ერთმანეთთან კომუნიკაციის დამყარებას, მიმოცვლას უმარტივებს. Bizon.ge მიზნად ისახავს, რომ ტექნიკის მიმართულებით წამყვან პლატფორმად იქცნენ და აღნიშნულ მიზანთან ახლახან განხორციელებული ინვესტიციაც აახლოებთ, რისი წყალობითაც ლიზინგის კომპონენტიც დაამატეს. კაცებით დომინირებულ სფეროში ქალების მიერ წამოწყებული ბიზნესი შესაძლებლობების ნათელი მაგალითია.
კომპანიის თანადამფუძნებლის, სალომე ღუდუშაურის თქმით, მნიშვნელოვანია, დაჯილდოების გზით მისწვდნენ ქალებს, რომელთაც საკუთარ თავში შესაძლებლობების გამოყენების ძალა ჯერ კიდევ ვერ იპოვეს.
"გრეის ჰოპერის დაჯილდოება ისეთი ტიპის ღონისძიებაა, რომელსაც ყველა უნდა გულშემატკივრობდეს და მადლობა სპონსორებს, იმ ორგანიზაციებს, რომლებიც მხარდამჭერები არიან, რადგან უმნიშვნელოვანესია, ერთი მხრივ, ფინანსურად თუ სხვა ფორმით ხელშეწყობა, რათა ქალები ICT თუ სხვა ნებისმიერ, მამაკაცებით დომინირებულ სფეროებში გაძლიერდნენ და, მეორე მხრივ, მივწვდეთ ქალებს, რომლებსაც ჯერ არ აღმოუჩენიათ რესურსი თუ ჟინი, რომ საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენონ", — აღნიშნავს სალომე.
ქალების გაძლიერების პროგრამა
აღნიშნულ კატეგორიაში გამარჯვება ანტერპრენერობის საგანმანათლებლო პროგრამამ —Technovation Girls მოიპოვა, რომელიც 13-18 წლის გოგოებს საჭირო უნარებით აღჭურვავს, რათა ტექნოლოგიური ანტერპრენერები და ლიდერები გახდნენ. მოხალისე მენტორების დახმარებით, გოგოები გუნდურად მუშაობენ ტექნოლოგიური პროექტების განვითარებაზე, რომლებიც რეალური გამოწვევების საპასუხოდ იქმნება. Technovation Girls 100-ზე მეტ ქვეყანაშია, საქართველოში კი 2016 წლიდან არის.
წელს პროგრამაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 249 გოგო ჩაერთო, რომელთაც პროექტებზე იმუშავეს და საკუთარი იდეები წარადგინეს, მათგან 6 გუნდი კი გლობალურ შეჯიბრზე გაემგზავრება. 2023 წლიდან პროგრამას ალტე უნივერსიტეტი ახორციელებს.
მრავალფეროვნების მხარდამჭერი ორგანიზაცია
Forset მონაცემების ტექნოლოგიისა და დიზაინის გამოყენებით ცდილობს, რომ დაეხმაროს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმიანობას ეწევიან, კომუნიკაცია უფრო ეფექტურად დაამყარონ. გარდა იმისა, რომ კომპანია ყველა დაინტერესებულ ადამიანს აძლევს საჭირო ცოდნას, ორგანიზაციის გუნდის 87% ქალები, ხოლო 6% ქვიარ ადამიანები არიან.
Forset-ის პროექტების კოორდინატორი, ლელა მერაბიშვილი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, ტექნოლოგიებზე წვდომა ყველას თანაბრად ჰქონდეს.
"თბილისში თუ რეგიონებში მცხოვრებ გოგოებსა და ბიჭებს თანაბარი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, რომ მომავლის პროფესიების მიმართულებით მიიღონ განათლება, დასაქმდნენ და განვითარდნენ, ეკონომიკურად გაძლიერდნენ. ჯილდოს მიღება მოტივაციაა, რომ უფრო ნაყოფიერად ვიმუშაოთ. გარდა ამისა, ეს არის იდეების მიმოცვლის, ახალი ადამიანებისა და ორგანიზაციების აღმოჩენის კარგი შესაძლებლობა, რომ ინდუსტრიის გამორჩეულ ორგანიზაციებთან ერთად სამომავლო პროექტები დავგეგმოთ, რათა ტექნოლოგიები კიდევ უფრო ინკლუზიური გახდეს.", — გვეუბნება ლელა.
ICT სექტორში ქალების გაძლიერების ქომაგი
ნომინაციაში გამარჯვება ციფრული უსაფრთხოების ექსპერტმა, ნინო გამისონიამ მოიპოვა. ნინო კანადური ორგანიზაცია SecDev Foundation-ისთვის მუშაობს და ქართული და საერთაშორისო მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერას ცდილობს, რათა ციფრული ჰიგიენის მიმართულებით ცნობიერება აიმაღლონ.
ნინოს თქმით, აღნიშნული ჯილდოს მიღება, ერთი მხრივ, სასიხარულოა და, მეორე მხრივ, პასუხისმგებლობა, რომ უფრო მეტი შემართებით განაგრძოს ადამიანების, განსაკუთრებით ქალებისა და ქვიარ ადამიანების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა.
"როცა შრომას გიფასებენ, სურვილი გიჩნდება, იმაზე მეტი გააკეთო, ვიდრე აქამდე გიკეთებია. ამასთან, ეს მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვისაც, ვისი უფლებებიც ჩემთვის უმთავრესია. ციფრული უსაფრთხოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ქალებისთვის და ქვიარ ადამიანებისთვის იმიტომ არის, რომ ისინი ბევრად მოწყვლადი არიან ინტერნეტ სივრცეში, უფრო ხშირად ხდებიან პარტნიორების, ყოფილი პარტნიორების თუ სხვა ადამიანების მხრიდან თავდასხმის სამიზნეები. ამდენად, უმნიშვნელოვანესია, რომ მათ იცოდნენ, როგორ დაიცვან თავი თავდასხმისა და შანტაჟისგან", — აღნიშნავს ნინო.
გრეის ჰოპერის წლევანდელ ჯილდოზე ძირითადი ექვსი ნომინაციის გამარჯვებულებთან ერთად სპეციალური აღნიშვნით გამოარჩიეს ქალთა გაძლიერების სოციალური პროგრამა, ტექგოგო და ქალთა გაძლიერების ქომაგი, ავთანდილ მღებრიშვილი.
ტექგოგო ევროკავშირისა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით, სულ ცოტა ხნის წინ შექმნილი სოციალური პროგრამაა, რომელიც ქალების ეკონომიკურ გაძლიერებაზე ზრუნავს. ტექგოგო ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში, მარნეულში მცხოვრები ქალების გაძლიერებაზე ზრუნავს და მათ ციფრული პროფესიების ათვისების შესაძლებლობას აძლევს, რათა ეკონომიკურად დამოუკიდებლები გახდნენ.
პროგრამის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, თეო ქავთარაშვილი აღნიშნავს, რომ წამოწყება მოწყვლადი ჯგუფების — მარტოხელა დედებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
"ტექნოლოგიებში ჩართულობა გულისხმობს ეკონომიკურ გაძლიერებას, ეს არის ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესიები და ამ მიმართულებით ქალებისა და კაცების თანაბარი ჩართულობა გენდერული თანასწორობის მიღწევის საწინდარია. გენდერული თანასწორობის მიღწევის შემაფერხებელი ხომ სწორედ ეკონომიკური უთანასწორობაა. შესაბამისად, ჩვენი მისიაც სწორედ ეს არის, რომ ქალებმა დაამსხვრიონ სტერეოტიპები იმის შესახებ, რომ ქალების საქმე ეს არ არის, ქალებს ეს არ შეუძლიათ", — გვეუბნება თეო.
ავთანდილ მღებრიშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექ მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელია, რომელიც თბილისში და საქართველოს რეგიონებში მცხოვრები გოგოების მხარდაჭერაზე, ტექნოლოგიების მიმართულებით განვითარებაში მათ მხარდაჭერაზე ზრუნავს.
ავთანდილმა ჯილდოს მიღებისას აღნიშნა, რომ მისთვის უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდებს დაანახოს, რომ ტექნოლოგიების საშუალებით ეკონომიკურად გაძლიერება შეუძლიათ.
"ტექნოლოგიების განვითარებაში გენდერის გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი ბოლო წლების საქმიანობა სწორედ იმაზეა ორიენტირებული, რომ ახალგაზრდებს, სკოლის მოსწავლეებს, განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს მივწვდეთ და გავაგებინოთ, რომ არსებობს ტექნოლოგიები, რომლებიც არღვევს საზღვრებს", — აღნიშნა ავთანდილმა.
პროექტი 2021 წელს, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ინიციატივით, თიბისისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით შეიქმნა. წელს მისი მხარდამჭერები Visa, UN Women, Majorel, UGT, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) , აჭარა ჯგუფი, Lineate და გენდერული თანასწორობის საბჭო არიან.
კომენტარები