ახალი კვლევის თანახმად, დედამიწის ღერძის დახრილობა 1993-დან 2010 წლამდე დაახლოებით 80 სანტიმეტრით შეიცვალა, რაც ამ დროის განმავლობაში ჩვენ მიერ დიდი ოდენობით მიწისქვეშა წყლის ამოტუმბვამ განაპირობა. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, როგორი გავლენა აქვს კაცობრიობას პლანეტაზე.

საერთო ჯამში, აღნიშნულ პერიოდში დედამიწის შიდა ბუნებრივი რეზერვუარებიდან 2 150 გიგატონა წყალი მოვიპოვეთ. შედარებისთვის, ამდენი სითხე გლობალურად ოკეანეებში რომ ჩაგვეღვარა, მათი დონე 6 მილიმეტრით მოიმატებდა. ეს იმდენად უზარმაზარი რაოდენობაა, რომ პლანეტის წარმოსახვითი ღერძის ცვლილებაც კი გამოიწვია, რაც მეცნიერებმა კომპიუტერული მოდელირების შედეგად დაადგინეს.

ზემოხსენებული ღერძი, რომლის გარშემოც ჩვენი მშობლიური ციური სხეული ბრუნავს, გეოგრაფიულ ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებს არ ემთხვევა, არამედ დროთა განმავლობაში სხვადასხვა წერტილს კვეთს. მასზე ზემოქმედებს ისეთი პროცესები, როგორიცაა მყინვარების ლღობა და წყლის გადანაწილება, მათ შორის მიწისქვეშა რეზერვუარების, რომლებსაც აქტიურად ვიყენებთ. მოდელში ამ მარაგის დამატება ღერძის ცვლილების მაჩვენებლებს დაემთხვა, რაც ნიშნავს, რომ თითქმის 80-სანტიმეტრიან გადანაცვლებაზე სწორედ ესაა პასუხისმგებელი.

ფოტო: Seo et al.

ბრუნვითი პოლუსის ასეთმა გადანაცვლებამ შესაძლოა, პლანეტის ზედაპირის სეზონურ ამინდზეც იქონიოს გავლენა. შესაბამისად, სპეციალისტები ცდილობენ გაარკვიონ, გაამწვავებს თუ არა ეს კლიმატის ცვლილებას, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს და მნიშვნელოვან ეკოსისტემებს საფრთხის წინაშე აყენებს.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Geophysical Research Letters გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.