რობერტ ქეროლანი მინესოტას პირველი სასამართლო ოლქის ყოფილი მოსამართლეა. მან იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი წარჩინებით მიიღო აიოვას უნივერსიტეტის იურიდიულ კოლეჯში. ასევე წარჩინებით მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი უაიონინის წმინდა მარიამის სახელობის კოლეჯში.

მოსამართლე ქეროლანი 18 წლის განმავლობაში მუშაობდა სამართლის ინსტრუქტორ მასწავლებლად უილიამ მიტჩელის სამართლის კოლეჯში, 4 წლის განმავლობაში იყო მინესოტას შტატის გენერალური პროკურორის თანაშემწე.

რობერტ ქეროლანი

საერთაშორისო მოღვაწეობის კუთხით, როგორც საერთაშორისო მოსამართლე, იგი შვიდი წლის განმავლობაში მუშაობდა კოსოვოს რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოში, ერთი წლის განმავლობაში — ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში ომის დანაშაულების პალატის სააპელაციო დეპარტამენტში და ექვსი თვის განმავლობაში — კოსოვოს გაერთიანებულ დროებით ეროვნულ მისიაში. თავმჯდომარეობდა კოსოვოს სასამართლო-საპროკურორო საბჭოს და კონსულტაციებს ეწეოდა იორდანიის სამეფოს საკონსტიტუციო სასამართლოს შექმნასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

შინ, ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე ჩვენ მოსამართლე ქეროლანს ვთხოვეთ, საქართველოში გატარებული ექვსი თვის განმავლობაში აღმოჩენილი მთავარი მიგნებები გაეზიარებინა ჩვენთვის.

მოდი, დავიწყოთ თქვენი და იურისპრუდენციის ურთიერთობის მიმოხილვით. თქვენ 23 წელი მუშაობდით საქმის განმხილველ მოსამართლედ მინესოტას შტატის პირველ საოლქო სასამართლოში. შემდეგ 11 წლის განმავლობაში მსახურობდით უფროსი საქმის განმხილველი მოსამართლის თანამდებობაზე. მანამდე კი 17 წლის განმავლობაში იყავით პროკურორი და მუშაობდით პირველი ხარისხის მკვლელობის, ორგანიზებული დანაშაულის, ტერორიზმის, პროდუქციის ხარისხის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული რთული დავების საქმეებზე. რამ გიბიძგათ, ცხოვრება ამ საქმისთვის დაგეკავშირებინათ?

ალბათ, ყველაფერი ბავშვობიდან და მამაჩემიდან იწყება. მე სოფელში უკიდურეს სიღარიბეში გავიზარდე. მამაჩემი ფერმერი იყო. შესაბამისი რესურსები რომ ჰქონოდა, ალბათ ადვოკატი გახდებოდა, მაგრამ იმ დროს ეს უბრალოდ შეუძლებელი იყო. მამაჩემი ფენომენალური ადამიანი იყო და ალბათ, პირველად სწორედ მან მიბიძგა ამ სფეროსკენ. არჩევანზე მოქმედებს ასევე იდეალები, რომლითაც იზრდები, წიგნები, რომლებსაც კითხულობ და ასე შემდეგ. გავიხსენოთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების უდიდესი პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი სწორედ იურისტი იყო, თვითნასწავლი. ამანაც შთამაგონა, რომ იურისტი უნდა გავმხდარიყავი და მერე თითქოს მთელი ცხოვრება ამ მიზნის გარშემო მოეწყო. შეერთებული შტატების მიღმა ბევრ ქვეყანაში მიმუშავია და ამ პროცესში აღმოვაჩინე, რომ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მოსამართლეებს მსგავსი პრობლემები აქვთ, მათ შორის, საქართველოშიც. ეს არის საკითხები, რომლებიც ყოფა-ცხოვრებას უკავშირდება: ვალები, სტრესი, რთული გრაფიკი. მიუხედავად ამ სირთულეებისა, უნდა გავიხსენოთ, რომ პრაქტიკულ დონეზე მოსამართლეები ხშირად ადამიანის ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, ვიდრე ხელისუფლების წარმომადგენლები. შემიძლია გითხრათ, რომ 50 წლის წინ ვერ ვიფიქრებდი, რომ დღეს აქ ვიქნებოდი, თბილისში, საქართველოში.

ხანდახან ცხოვრება არაპროგნოზირებადია. ასეთივე არაპროგნოზირებადია გადაწყვეტილების მიღების პროცესი. არსებობენ მოსამართლეები, რომლებიც საკუთარ საქმიანობას ასე უდგებიან: "მაქვს ცარიელი ფურცელი, ვუყურებ და ვამბობ, რომ გადავწყვეტ ამ საქმეს. ჯერ არ ვიცი, საით წამიყვანს, მაგრამ ვიცი, რომ ფაქტებს დავეყრდნობი". ცნობისმოყვარეობა თუ არ გამოძრავებს, მოსამართლეც ვერ გახდები.

როგორ მოხვდით კონკრეტულად საქართველოში და როგორ შეაფასებდით განვლილ ექვსთვიან პერიოდს?

მოდი, ბოლო ნაწილით დავიწყებ და ვიტყვი, რომ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. რაც შეეხება საქართველოში ვიზიტს, ჩამოსვლამდე საქართველოს შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი, მაგრამ ორი მეგობარი მყავს, რომლებიც საქმიანი ვიზიტით ყოფილან საქართველოში. ვიცოდი, რომ ამჟამად თქვენს ქვეყანაში პოლიტიკურად დაძაბული სიტუაციაა და ასევე ის, რომ აშშ-სათვის მნიშვნელოვანი პარტნიორი ხართ. ერთ-ერთ ამერიკელ მოსამართლესთან ვსადილობდი, როცა მან ახსენა, რომ საქართველოს რესპუბლიკაში არსებობს ერთი საინტერესო პროგრამა და გამოცდილ მოსამართლეს ეძებენ. ასეთი ფორმატის პროგრამასთან შეხება ჯერ არ მქონია. ადრე, როცა საერთაშორისო სამართლით ვიყავი დაკავებული, სხვადასხვა ქვეყნიდან ექსპერტი მოსამართლეები ტრენინგებს გვიტარებდნენ. პროცესში აქტიურად ვიყავით ჩართულები, მაგრამ მენტორების წასვლიდან გარკვეული დროის შემდეგ ისევ ძველებურად მუშაობას ვუბრუნდებოდით. გარდა ამისა, მოსამართლეებს დროდადრო სჭირდებათ, რომ სხვა მოსამართლეებს დაურეკონ და აზრი ჰკითხონ: "ასეთი საქმე თუ გქონია? როგორ გადაჭერი?". ეს 10-დღიანი კურსის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა. ეს კონკრეტული პროგრამა კი არაჩვეულებრივია, რადგან მხოლოდ მოკლე ვადით კი არ გყავს მენტორი, არამედ გყავს მოსამართლე, რომელთანაც შეგიძლია მუდმივი დიალოგი გქონდეს.

უკვე რამდენიმე წელია, საერთაშორისო სამართლით აღარ ვარ დაკავებული და ვფიქრობდი, რომ ცოტა "დავჟანგდი", მაგრამ საქართველოში დამარწმუნეს, რომ ჩემი გამოცდილება ქართველი მოსამართლეებისათვის მნიშვნელოვანი იყო. ამ პროგრამამ კიდევ ერთხელ გამახსენა, რომ სწავლა საინტერესო პროცესია და ხანდახან სტუდენტებიც "ასწავლიან" პროფესორს. ამ ცოდნით აშშ-ში რომ აქტიურ მოსამართლეობას ვუბრუნდებოდე, ბევრად უკეთესი მოსამართლე ვიქნებოდი.

რამდენ პროცესს დაესწარით საქართველოში ცხოვრების პერიოდში?

130-140 პროცესს დავესწარი. პროგრამა უმეტესად ფოკუსირებული იყო სამოქალაქო სამართალზე, ადმინისტრაციულ სამართალზე, ფინანსური საკითხების გადაწყვეტაზე (სესხები, გაკოტრება), განქორწინებებზე, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე და ასე შემდეგ.

რა ასპექტებით ჰგავს ქართული სამართალწარმოება ამერიკულ სამართალწარმოებას?

პრობლემები, რომლებსაც საქართველოში წავაწყდი, საკმაოდ ჰგავდა იმ პრობლემებს, რომელთა გადაჭრაც მინესოტის სასამართლოში მიწევდა. მსგავსება ძალიან ცხადია, მაგალითად, მშობლების მონახულების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მართალია, საქართველოს სამართლისა და სასამართლოების ექსპერტი არ ვარ, თუმცა, ერთი საყურადღებო განსხვავება ისაა, რომ ზოგადად მოსამართლეს საქართველოში უფრო მნიშვნელოვანი როლი აკისრია. შეერთებულ შტატებში მრავალი წესი არსებობს, რომელიც არეგულირებს, რა შეუძლია მოსამართლეს და რა — არა. საბოლოო გადაწყვეტილებაში იურისტებს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით. ჩვენ, როგორც მოსამართლეები, არ ვართ აქტიური გამომძიებლები. საქართველოში მუშაობის გამოცდილებამ კოსოვოსა და ბოსნიის გამოცდილება გამახსენა, რადგან, ამ ქვეყნების მსგავსად, მოსამართლეებს საქართველოშიც აქვთ უფლება, გამოძიების პარამეტრები შემოსაზღვრონ და სამართალწარმოება თავად წარმართონ. საქართველოში მოსამართლეებს მეტად ენდობიან საქმის გადაჭრისას და მათ მეტი კონტროლი აქვთ იმაზე, თუ როგორ დასრულდება სასამართლო პროცესი. ამ განსხვავების გარდა, პრობლემები თითქმის იგივეა.

გარდა ამისა, შევამჩნიე, რომ იურისტები აქაც იმდენადვე ბრაზდებიან მოსამართლეებზე, როცა მათი პრეტენზიები არ კმაყოფილდება, როგორც შეერთებულ შტატებში.

თქვენ ქართველ მოსამართლეებთან არაერთი ინდივიდუალური შეხვედრა გქონდათ. მათი გადმოსახედიდან, რა არის სასამართლო სისტემის მთავარი პრობლემა?

შევამჩნიე, რომ თქვენთან მოსამართლეები ძალიან გადატვირთულები არიან და შესაბამის ანაზღაურებას ვერ იღებენ. მათ მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ. სასამართლოს მოსამართლეებიდან ბევრი ფიქრობს, რომ აქ ბევრად მარტივია საქმის გასაჩივრება, ვიდრე შეერთებულ შტატებში, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ გადაწყვეტილებას ნაკლები წონა აქვს. საქმეებში ჩართული მხარეები მოსამართლის მიმართ სათანადო პატივისცემას ყოველთვის არ იჩენენ. საზოგადოებასაც არ ესმის, რამდენად დიდ როლს ასრულებენ მოსამართლეები ადამიანების ცხოვრებაში. როგორც წესი, საზოგადოება მხოლოდ ცალკეული პროცესების შესახებ იგებს, რომელშიც ვინმე ცნობილი ადამიანი ან პოლიტიკოსი მონაწილეობს. ეს კი სასამართლოში განხილული საქმეების ერთი მცირედი ნაწილია. მოსამართლეები ფიქრობენ, რომ მათ მიმართ პატივისცემის ნაკლებობა იმითაცაა გამოწვეული, რომ მოქალაქეები მათი დატვირთულობისა და კომპენსაციის სრულ სურათს ვერ ხედავენ და წარმოდგენას ერთეული საქმეებით იქმნიან.

მართალია, მოსამართლეებს შეერთებულ შტატებშიც შეზღუდული რესურსები აქვთ, მაგრამ საქართველოში ეს ბევრად უფრო ინტენსიურად ჩანს. მათგან ელიან, რომ ისინი ძალიან შეზღუდული რესურსებით იდეალურად იმუშავებენ. მაგალითად, ზოგიერთ სამოქალაქო სასამართლო დარბაზში ოთახი იმდენად პატარაა, რომ მოწმეები ორ ადვოკატს შორის ძალიან მჭიდრო განლაგებაში იძლევიან ჩვენებას. როცა მოწმე ფიზიკურად ასე ახლოსაა რომელიმე მხარის ადვოკატთან, ამან მინიმუმ ქვეცნობიერად შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს მის ჩვენებაზე. რესურსები შეზღუდულია, მაგრამ მოსამართლეები ცდილობენ, ეს მათ საქმეებზე არ აისახოს.

არსებობს თუ არა საქართველოში რაიმე კულტურული ან საზოგადოებრივი ფაქტორები, რომლებიც სასამართლო სისტემის ფუნქციონირებაზე გავლენას ახდენს?

ვიცოდი, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მომიწევდა, მაგრამ ამომწურავი პასუხი მაინც არ მაქვს. შეიძლება ეს უბრალოდ სპეკულაციაა, მაგრამ როცა პირველად დავიწყე პროცესებზე დაკვირვება, პირველი, რაც შევამჩნიე ის იყო, რომ ყველა ერთად ლაპარაკობდა. ვერ ვხვდებოდი, როგორ ახერხებდნენ რაიმეს გაგებას. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ უბრალოდ საკმარისად სწრაფი ყურები არ მქონდა. მხარეებს, მათ შორის მოსამართლესაც, ყველაფერი ესმოდათ. რაც უფრო დიდ დროს ვატარებდი დარბაზში, მით უკეთ ვხვდებოდი, რომ ეს მოდელი მუშაობს. უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობენ განსხვავებული კულტურები და არც ერთი არ სჯობს მეორეს. შეერთებულ შტატებში მოსამართლე აუცილებლად გააჩუმებდა ერთად მოლაპარაკე მხარეებს, მაგრამ საქართველოში ამის საჭიროებას ვერ ვხედავ.

საქართველოში სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა საკმაოდ დაბალია. თქვენი აზრით, რითია ეს გამოწვეული და რა შეიძლება გაკეთდეს უნდობლობის აღმოსაფხვრელად?

გასაგებია, რომ სასამართლო აპოლიტიკური და მიუკერძოებელი უნდა იყოს, თუმცა ამის მიღმა, სასამართლომ უკეთ უნდა შეძლოს საზოგადოების ინფორმირება. მე მინახავს, როგორ მოქმედებს ეს საზოგადოების დამოკიდებულებაზე სისტემის მიმართ. როცა მოსამართლე გავხდი, აშშ-ში სასამართლოს საინფორმაციო ოფისები არ არსებობდა. ახლა არსებობს. საინფორმაციო ოფიცერი ხშირად არც მოსამართლეა და არც ადვოკატი. როგორც წესი, ეს არის ჟურნალისტი, რომელიც თავს უყრის ინფორმაციას, აქვს მედიასთან კონტაქტი და თავად მედიის თანამშრომლებიც ენდობიან, რადგან მათი კოლეგაა. მოსამართლეებს ხშირად უჭირთ იმის განსაზღვრა, რამდენის თქმის უფლება აქვთ და ამ დროს ეთიკის წესებით ხელმძღვანელობენ, თუმცა კანონის მიხედვით, პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის დიდი ნაწილი საჯაროა და საზოგადოებას მისი მიღების უფლება აქვს. სასამართლოს საინფორმაციო ოფიცერს ამ როლის შესრულება შეუძლია. ეს არც ისე ძვირფასი რესურსია და თვალსაჩინო შედეგის მოტანა შეუძლია.

რა ნაბიჯების გადადგმა შეიძლება იმისთვის, რომ სასამართლო პროცესების ხანგრძლივობა შემცირდეს და ეფექტურობა გაიზარდოს?

ჩემი დაკვირვებით, აქაური მოსამართლეები საკმაოდ ეფექტურები არიან. მას შემდეგ, რაც ისინი საქმეს ასრულებენ, გადაწყვეტილების მიღება დიდხანს აღარ იწელება ხოლმე. ხანდახან რამდენიმე დღე ან კვირაა საჭირო. შეერთებულ შტატებში, სადაც მე ვმუშაობ, ქცევის კოდექსი მოსამართლეებს ავალდებულებდა, 90 დღის ვადაში მიეღოთ გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სადამსჯელო ღონისძიება შეეხებოდათ. აქ მოსამართლეები ბევრად სწრაფად მუშაობენ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პროცესები უფრო მალე სრულდება. უნდა ითქვას, რომ იურისტები კრეატიულ გზებს პოულობენ საქმის გადასადებლად.

ვფიქრობ, უნდა გართულდეს საქმის გადადების მოთხოვნა. ამისთვის მხოლოდ მოსამართლისთვის გაგზავნილი წერილი არ უნდა იყოს საკმარისი. ადვოკატი უნდა დაუკავშირდეს ოპონენტს და აცნობოს, რომ სასამართლო პროცესის გადადებას ითხოვს და დააკონკრეტოს მიზეზი. თუ მეორე მხარეც დაეთანხმება, მაშინ სასამართლოში წასვლა აღარ იქნება საჭირო, თუმცა თუ შეთანხმება ვერ მოხერხდება, მეორე მხარეს მაინც უნდა მივიდეს სასამართლოში შესაბამისი არგუმენტებით.

რა თქმა უნდა არსებობს საქმეები, სადაც სიჩქარე არ შეიძლება. მაგალითად, როცა წყდება, რომელ მშობელთან უნდა იცხოვროს ბავშვმა, უამრავი ფაქტორია გასათვალისწინებელი, ოჯახური ძალადობის შემთხვევები და ა.შ. თუმცა ზოგადად, რაც უფრო დიდხანს იწელება საქმე, მით უფრო ძვირი უჯდებათ ის მონაწილე მხარეებს. გადადება მეტ დახარჯულ დროსა და ფულს ნიშნავს. ადვოკატებმა უნდა გააცნობიერონ, რომ საქმის სწრაფად წარმართვა მათ ინტერესებშიცაა. საქართველოში მოსამართლეს, თავისი საგამოძიებო როლიდან გამომდინარე, შეუძლია უფრო სწრაფად წარმართოს საქმე და ამ მხრივ ქართული სისტემა უფრო მოქნილია, თუმცა აუცილებელია, ადვოკატებიც იზიარებდნენ ამ აზრს.


თუ მსგავსი სიახლეები გაინტერესებს, შემოგვიერთდი ჯგუფში: რა ხდება სასამართლოში. აქ განვიხილავთ ყველაფერს, რაც საქართველოში სასამართლო სისტემის შესახებ უნდა იცოდე და ხელს ვუწყობთ დისკუსიის წამოწყებას სასამართლო სისტემაში განვითარებული მოვლენების შესახებ.

სტატია მომზადდა On.ge-ის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია On.ge და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს.

The article was prepared by the On.ge with the support of the USAID Rule of Law Program funded by the United States Agency for International Development (USAID) through the East-West Management Institute (EWMI). The views expressed in this article are the sole responsibility of the author and do not necessarily reflect the views of USAID and EWMI.