"ღამის ბუები" უფრო მალე კვდებიან, თუმცა ამის მიზეზი გვიან დაძინება სულაც არაა — ახალი კვლევა
დიდ კვლევაში, რომელიც 37 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, გამოვლინდა, რომ ე.წ. "ღამის ბუები" უფრო მოწყვლადები არიან ახალგაზრდა ასაკში სიკვდილისადმი, თუმცა ამის მიზეზი არა გვიან დაძინება, არამედ — თამბაქო და ალკოჰოლია.
კვლევაში გააანალიზეს მონაცემები 22 976 ფინელი ზრდასრული ტყუპისა, რომელთაგან 42,9% იდენტიფიცირებულია როგორც "ღამის ბუ" ან "ნაწილობრივ ღამის ბუ". ეს, ტექნიკურად, გულისხმობს ადამიანის ქრონოტიპს — ჩვენს ტენდენციას, გვსურდეს დაძინება ან ფხიზლად ყოფნა დროის გარკვეულ მონაკვეთში.
წინა კვლევებმა აჩვენა, რომ ღამის ბუებს აქვთ უფრო მაღალი სიკვდილიანობის რისკი და უფრო დიდი მიდრეკილება სარისკო ქცევებისადმი. ამ კვლევაში კი, როგორც ჩანს, ადრეული სიკვდილის გაზრდილი შანსი პირდაპირ კორელაციაშია არა ქრონოტიპთან, არამედ იმ ქმედებებთან, რომლებსაც გვიან დაძინების ტენდენცია იწვევს.
"ჩვენი დასკვნების საფუძველზე ვვარაუდობთ, რომ ადრეულ სიკვდილიანობაში ქრონოტიპის დამოუკიდებელი წვლილი მცირეა ან საერთოდ არ არსებობს", — ამბობს კრისტერ ჰუბლინი, ფინეთის პროფესიული ჯანმრთელობის ინსტიტუტის მკვლევარი. სამაგიეროდ, "სიკვდილიანობის გაზრდილი რისკი, რომლის წინაშეც "ღამის ბუები" დგანან, როგორც ჩანს, ძირითადად, გამოწვეულია თამბაქოსა და ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მოხმარებით."
1981 წელს კვლევის მონაწილეთა ქრონოტიპების იდენტიფიცირების შემდეგ, მკვლევრებმა 2018 წელს დაათვალიერეს მათი სიკვდილიანობის მაჩვენებლები. ანალიზში ასახული იყო ისეთი ფაქტორებიც, როგორებიცაა: განათლება, BMI და ძილის ჩვევები, ისევე როგორც მოწევისა და ალკოჰოლის მიღების რაოდენობა.
2018 წლისთვის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მონაწილეთაგან 8 728 დაიღუპა. ნებისმიერი მიზეზით სიკვდილის ალბათობა 9%-ით მეტი იყო ადამიანებში, რომლებიც საკუთარ თავს ღამის ბუდ აიდენტიფიცირებდნენ.
თუმცა, არამწეველებს, რომლებიც ასევე არ იღებდნენ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს, არ აღენიშნებოდათ სიკვდილიანობის გაზრდილი რისკი. ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ თამბაქო და სასმელი (რაც იწვევს ალკოჰოლთან დაკავშირებულ დაავადებებსა და ასევე ალკოჰოლით მოწამვლას) პასუხისმგებელია სიკვდილიანობის გაზრდილ რისკზე.
მიუხედავად იმისა, რომ ღამის ცხოვრების სიყვარული და ძილის მავნე ჩვევები ერთმანეთთან პირდაპირ კორელაციაში არაა, ისინი ხშირად ერთად ურთიერთქმედებს ადამიანზე. ძილის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს მრავალი ფსიქიკური და ფიზიკური პრობლემა და ასევე ნიკოტინისა თუ ალკოჰოლისადმი ადიქცია.
როგორც ყოველთვის, უფრო დეტალური კვლევები, რომლებშიც მეტი ადამიანია ჩართული, უკეთ დაეხმარება მკვლევრებს, დაადგინონ პირდაპირი კავშირები. თუმცა, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანია, ყურადღება გავამახვილოთ არა მხოლოდ ძილის ჩვევებზე, არამედ იმ არჩევანზეც, რომელსაც ეს ჩვევები პირდაპირ თუ ირიბად განაპირობებს.
კომენტარები