ტუტანხამონს უჩვეულოდ დიდი ტვინი ჰქონდა — მკვლევრებმა მისი თავის ახალი მოდელი შექმნეს
ტუტანხამონი ეგვიპტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მმართველია და, მიუხედავად იმისა, რომ ფარაონის შესახებ ბევრი ცნობა არსებობს, მისი ვიზუალური მახასიათებლები ჯერ კიდევ საკამათო საკითხია. მაგრამ ახლა, მკვლევრებმა შეიმუშავეს სახის ახალი მიახლოებითი მოდელი, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ გამოიყურებოდა ეს ისტორიული ფიგურა.
"ტუტანხამონი არქეოლოგების ინტერესს იწვევს არა მხოლოდ მისი სამარხის საყოველთაოდ ცნობილი საგანძურის გამო, არამედ იმიტომ, რომ იგი მართავდა ეგვიპტის ისტორიის მნიშვნელოვანი პერიოდის განმავლობაში", — ამბობს მაიკლ ჰაბიხტი, ავსტრალიის ფლინდერსის უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი და თანაავტორი.
ტუტანხამონის მამამ, ეხნატონმა, პოლითეისტური ეგვიპტის ისტორიაში რევოლუცია მოახდინა და აკრძალა ყველა ღმერთის თაყვანისცემა გარდა ატონისა, მზის ღვთაებისა. თუმცა ტუტანხამონი მამის გზას არ მიჰყოლია.
ტუტანხამონის სახის სამგანზომილებიანი მოდელის შექმნის მიზნით, მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა გამოიყენა მუმიის სრული თავის ქალას კომპიუტერული ტომოგრაფია. მათ ასევე იხელმძღვანელეს არქეოლოგების მიერ გადაღებული რენტგენის სხივებითა და თავის ქალას გაზომვებით.
ადრე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ტუტანხამონის თავის ქალა ნორმაზე ოდნავ გრძელი იყო. ახალმა გამოძიებამ კი აღმოაჩინა დამატებითი მტკიცებულება ამ დასკვნისთვის: მონაცემების შესწავლისას, მკვლევრებმა შენიშნეს, რომ მას ჰქონდა არა მხოლოდ უნიკალური ფორმის თავი, არამედ ძალიან დიდი მოცულობის ტვინი. ჩვეულებრივი ადამიანის ტვინის მოცულობა, დაახლოებით, 1234 კუბური სანტიმეტრია, ხოლო ფარაონის ტვინის მოცულობა 1432 კუბურ სანტიმეტრს შეადგენდა.
მკვლევრებმა ისიც აღნიშნეს, რომ ფარაონის თავის ქალას სტრუქტურა სხვა ეგვიპტური მუმიების მახასიათებლებისგან საკმაოდ განსხვავდება.
ცხადია, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფარაონი ტუტანხამონის სახის მოდელის შექმნა სცადეს. 1983 წელს მხატვარმა ბეტი პეტ გეტლიფმა შექმნა რეკონსტრუქცია თავის ქალაზე თაბაშირის დასხმის გამოყენებით. 2005 წელს კი საფრანგეთში, შეერთებულ შტატებსა და ეგვიპტეში დაფუძნებული მკვლევრები მუშაობდნენ ტანდემში საკუთარი ვერსიების შესაქმნელად.
მკვლევრების აზრით, ფარაონის სახის მიახლოებითი მოდელის შექმნა კიდევ ერთ მინიშნებას მოგვცემს მის შესახებ არსებული თავსატეხის ამოსახსნელად.
კომენტარები