ვების ტელესკოპმა კოსმოსში უძველესი რთული ორგანული მოლეკულები დააფიქსირა
ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა ჩვენგან დაახლოებით 12 მილიარდი სინათლის წლის მოშორებით მდებარე გალაქტიკა SPT0418-47-ში რთული ორგანული მოლეკულები დააფიქსირა. ეს ჩვენთვის ცნობილი უძველესი მსგავსი ნიმუშებია და იმ დროინდელია, როცა სამყარო ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო. კერძოდ, როცა სინათლე იქიდან ჩვენამდე წამოვიდა, დიდი აფეთქებიდან სულ რაღაც 1.5 მილიარდი წელი იყო გასული.
საუბარია პოლიციკლურ არომატულ ნახშირწყალბადებზე, რომლებიც საკმაოდ რთული სტრუქტურისაა და შესაძლოა, ასობით ატომისგან შედგებოდეს. კოსმოსში მათ არსებობას მტვრის ნაწილაკებს უკავშირებენ, მაგრამ დიდ დისტანციაზე ამგვარ მოლეკულებს სათანადო ტექნოლოგიის არქონის გამო ვერ ვაგნებდით. სამაგიეროდ, ახლა ჩვენს ხელთაა მსოფლიოში უმძლავრესი ობსერვატორია, რომლის მეშვეობითაც მსგავს ორგანულ მატერიას იმაზე 1 მილიარდი წლით ადრინდელ სამყაროში მივაკვლიეთ, ვიდრე წინა ნიმუშის შემთხვევაში.
ეს შეუძლებელი იქნებოდა გრავიტაციული ლინზირების ფენომენის გარეშე, რაც მასიური ობიექტების მიერ დრო-სივრცის გამრუდებას გულისხმობს და გამადიდებელი შუშის ეფექტი აქვს. სწორედ ასე შეისწავლეს ასტრონომებმა გალაქტიკა SPT0418-47, რომელიც ჩვენი პერსპექტივიდან სხვა, უფრო ახლომდებარე გალაქტიკის უკან იდეალურადაა განლაგებული და მის გარშემო ლინზირებული გამოსახულების ფორმითაა წარმოდგენილი.
კვლევამ აჩვენა, რომ ამ გალაქტიკაში ზემოხსენებული მოლეკულები თანაბრად არაა გადანაწილებული, რისი მიზეზიც უცნობია. ასევე, SPT0418-47-ს ჩვენი მშობლიური ირმის ნახტომის მსგავსი მასა და ნახშირბადისა თუ ჟანგბადის კონცენტრაცია აქვს, თუმცა მასზე ბევრად ახალგაზრდაა. შესაბამისად, ასეთი მდიდარი შემადგენლობის გამო, იქ რთული მოლეკულების ფორმირება გასაკვირი არაა.
აქამდე მიიჩნეოდა, რომ ასეთი მატერია ვარსკვლავების წარმოქმნის პროცესთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ახალი დაკვირვებების თანახმად, ეს ამ მხრივ არააქტიურ რეგიონებშიც ხდება. ზოგ აქტიურ არეალში კი პირიქით, არ ხდება.
ავტორები იმედოვნებენ, რომ უფრო ადრეულ ნიმუშებსაც დააფიქსირებენ. მათი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები