ეკოლოგიური კატასტროფა უკრაინაში — რა საფრთხეს ქმნის კახოვკის ჰესის აფეთქება
კახოვკის წყალსაცავი ინახავს, დაახლოებით, 18,2 კუბურ კილომეტრ წყალს, ანუ 15 ტრილიონ ლიტრს.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონში სამშაბათს განადგურდა მთავარი ჰიდროელექტროსადგური, რის შედეგადაც წყლის ნაკადები საცხოვრებელ ტერიტორიებსა და ომის ზონაში გადავიდა.
კადრებში ჩანს, როგორ ჩაედინება წყლის ნაკადები კახოვკის წყალსაცავიდან მდინარე დნიპროში.
"რუსულმა საოკუპაციო ჯარებმა გაანადგურეს კახოვკის ჰიდროელექტროსადგური", — წერს უკრაინის ძალების სამხრეთ სარდლობა Facebook-ის გვერდზე. "განადგურების მასშტაბებს, წყლის სიჩქარესა და მოცულობას და დატბორვის სავარაუდო ადგილებს ვაზუსტებთ."
ოკუპირებული ნოვაია კახოვკის რეგიონის რუსმა მერმა, ვლადიმერ ლეონტიევმა, სახელმწიფო მედიას განუცხადა, რომ კაშხალი განადგურდა "ტერორისტული აქტის" ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ ამ ტერმინს კრემლი ხშირად იყენებს უკრაინის თავდასხმების აღსაწერად.
რამდენიმე საათით ადრე ლეონტიევმა თქვა, რომ აფეთქების შესახებ ინფორმაცია უბრალოდ "სისულელეა".
კაშხლის განადგურების პირდაპირი შედეგები ჯერჯერობით უცნობია. კახოვკის წყალსაცავი ინახავს, დაახლოებით, 18,2 კუბურ კილომეტრ წყალს, ანუ 15 ტრილიონ ლიტრს.
წყალსაცავი წარმოადგენს პირველად წყალმომარაგებას ზაპორიჟიას ატომური სადგურის გასაგრილებლად, რომელიც უფრო ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს და ასევე კონტროლდება რუსეთის მიერ.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, თუკი რეზერვუარი ზედმეტად დაიცლება, ეს სერიოზულ რისკებს შეუქმნის ატომური სადგურის უსაფრთხოებას.
კახოვკის წყალსაცავი ასევე წყლით ამარაგებს მილიონობით ადამიანს ყირიმში, რომელიც რუსეთმა 2014 წელს დაიკავა.
მარკ ჰერტლინგის, შეერთებული შტატების არმიის ევროპისა და აშშ-ის მეშვიდე არმიის ყოფილი მეთაურის, თქმით, კაშხლის განადგურება, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს უკრაინის მოსალოდნელ დიდ კონტრშეტევაზე. მომდევნო 24 საათის განმავლობაში დნეპრის ორივე მხარეს ათობით ქალაქი დაიტბორება, — წერს ჰერტლინგი.
კიევს არ გაუმჟღავნებია, როდის დაიწყებს შეტევას, მაგრამ არაერთხელ მიგვანიშნა მოახლოებული მასობრივი თავდასხმის შესახებ.
კაშხლის რღვევის ყველაზე უარესი შედეგების ილუსტრაციული მოდელი, რომელიც ოქტომბერში შვედურმა გამოცემა Cornucopia-მ შექმნა, აჩვენებს მნიშვნელოვან წყალდიდობას ხერსონში, სადაც ასობით ათასი ადამიანი ცხოვრობს.
რუსეთის ხელისუფლების განცხადების მიხედვით, რუსეთის მიერ ოკუპირებული, დაახლოებით, 14 დასახლებული პუნქტი დაზარალდება წყალდიდობის შედეგად.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ოქტომბერში აღნიშნა, რომ 80-მდე ქალაქი დაზარალდებოდა კაშხლის განადგურებით. მაშინ მან ასევე დაადანაშაულა მოსკოვი კაშხლის გაბურღვაში.
უკრაინის ლიდერმა განაცხადა, რომ მან საგანგებო შეხვედრა მოიწვია თავის ეროვნულ უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან.
ხერსონის უკრაინელმა გუბერნატორმა, ალექსანდრ პროკუდინმა, მოსახლეობას მოუწოდა, რომ სასწრაფოდ მოემზადონ ევაკუაციისთვის.
"ხუთ საათში წყალი კრიტიკულ დონეს მიაღწევს", — თქვა მან ვიდეოში.
ჟენევის კონვენციების თანახმად, კაშხლის აფეთქება ომის დანაშაულია. კონვენციები უშვებს გამონაკლისს ასეთი თავდასხმისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ობიექტი მხოლოდ ან რეგულარულად გამოიყენება სამხედრო მიზნებისთვის.
კომენტარები