რატომ არსებობს დრაკონების კონცეფცია უამრავ კულტურაში?
დრაკონების კონცეფცია, თითქმის, ყველა ქვეყნის მითოლოგიაში არსებობს. უძველესი ევროპის, აზიის, აფრიკისა თუ ამერიკის თქმულებებში ვხვდებით ხვლიკისმაგვარ უზარმაზარ არსებებს, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, დაფრინავენ და ცეცხლს აფრქვევენ. საინტერესო ისაა, თუ როგორ განვითარდა არარსებული ცხოველის კონცეფცია უძველეს ცივილიზაციებში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად?
ვიდრე კითხვის პასუხზე ვიმსჯელებდეთ, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ დრაკონის კონცეფცია ყველგან ერთი და იგივე არ ყოფილა. მაგალითისთვის, შუა საუკუნეებში დრაკონებს აღწერდნენ როგორც ცეცხლისმფრქვეველ უზარმაზარ ხვლიკებს, ძლიერი სხეულებით, ღამურასებრი ფრთებითა და რქებით. ჩვეულებრივ, ისინი ბოროტ არსებებად განიხილებოდნენ. თხზულებებში კი ხშირად ხოტბას ასხამდნენ გმირებს, რომლებიც დრაკონებს მუსრავდნენ და სამეფოს მათი მძვინვარებისგან იხსნიდნენ.
ასევე იხილეთ: ვინ შექმნა დრაკონი? — ნეირომეცნიერება და ევოლუციური საფუძვლები
თუმცა აღმოსავლეთ აზიის კულტურებში დრაკონის სრულიად განსხვავებულ კონცეფციას ვაწყდებით. ისინი ატარებენ მითურ აურას და გამოხატავენ ძალაუფლებას, ძლიერებასა და იღბალს. მაგალითად, ჩინური კულტურის ერთ-ერთი ცნობილი დრაკონი, თიენლუნგი, იგივე "ზეციური დრაკონი", თქმულებების მიხედვით, ზეცაში დაფრინავდა და სამოთხეს იცავდა.
მესოამერიკულ კულტურაში გვხვდება ღმერთი სახელად კეტცალკოატლი — რაც ნიშნავს "ბუმბულებიან გველს". ეს დრაკონისმაგვარი ღვთაება მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მათ სულიერ რწმენაში და ითვლებოდა, რომ მან ფუნდამენტური წვლილი შეიტანა კაცობრიობის შექმნაში.
განსხვავებები არსებობს, მაგრამ მითოლოგიურ ურჩხულებს შორის მსგავსება გასაოცარია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ეს კულტურები გეოგრაფიულად განცალკევებული იყო და მითების შექმნის დროს ძალიან მცირე კულტურული მიმოცვლა განიცადა.
არსებობს რამდენიმე იდეა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ წარმოიშვა იდეების ეს კონვერგენტული ევოლუცია.
ადრიენ მეიორი, კლასიკური ფოლკლორისტი და სტენფორდის უნივერსიტეტის ანტიკური მეცნიერების ისტორიკოსი, ამტკიცებს, რომ უძველესმა ადამიანებმა წარმოიდგინეს მითიური არსებები, გადაშენებული არსებების ნამარხების არასწორი ინტერპრეტაციის შემდეგ. ამ ვარაუდის მიხედვით, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რომ უძველესმა ადამიანებმა ტირანოზავრის პრეისტორიული ნაშთები აღმოაჩინეს და დაიჯერეს, რომ ის ეკუთვნოდა დრაკონისმაგვარ არსებას.
მეორე თეორიის მიხედვით, დრაკონი ადამიანის გონების სიღრმეებში არსებული არქეტიპია. წიგნში, "An Instinct for Dragons", ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტის ანთროპოლოგი, დოქტორი დევიდ ი. ჯონსი, ვარაუდობს, რომ დრაკონების მითის ამგვარი გავრცელების მიზეზი მდგომარეობს ჩვენ მიერ საშიში მტაცებლების მენტალური ანაბეჭდის განვითარებაში.
ჯონსის მტკიცებით, ჩვენმა წინაპრებმა დაისწავლეს გარეული ცხოველების შიში. ამ პირველმა ინსტინქტმა წარმოშვა ჩვენი წარმოდგენები, რომლებიც ქმნის არქეტიპულ არსებას და აერთიანებს ნიანგის, გველის, მტაცებელი ფრინველისა და დიდი კატის ყველაზე სასტიკ მახასიათებლებს.
რა მიზეზიც უნდა არსებობდეს დრაკონების მითის უკან, ფაქტია, ისინი კაცობრიობის მეხსიერებაში ათასწლეულებია არსებობენ და დღემდე არ კარგავენ პოპულარობას ცნობილი ფიქციების — "ჰობიტის", "ჰარი პოტერის", "სამეფო კარის თამაშებისა" და სხვ. — წყალობით.
კომენტარები