არქეოლოგებმა ოკეანის მიერ შთანთქმული ლეგენდარული დაკარგული ქალაქი იპოვეს
ლეგენდის თანახმად, ოდესღაც აყვავებული ქალაქი ერთ ღამეში განადგურდა
არქეოლოგებმა ისტორიაში პირველად მოახერხეს დაკარგული ქალაქი რუნგჰოლტის რუკის შედგენა.
ლეგენდის თანახმად, ოდესღაც აყვავებული ქალაქი, რომელიც ახლა ჩრდილოეთ გერმანიის სანაპიროზე მდებარეობს, ერთ ღამეში გადაყლაპა ჩრდილოეთის ზღვამ ძლიერი ქარიშხლის შემდეგ, როგორც სასჯელი მისი მცხოვრებთა ცოდვებისთვის. ფოლკლორის მიხედვით, ეს ცოდვები მოიცავდა ლოთობას, უპატიოსნობას, მომხვეჭელობასა და სხვ.
თხზულებების თანახმად, ქალაქის მდიდრული ცხოვრება უზნეობაში გადაიზარდა და მისი დასასრული დადგა შობის ღამეს, როცა მთვრალი ახალგაზრდების ჯგუფმა მღვდელი აიძულა, ღორთან სექსუალური კავშირი დაემყარებინა. მღვდელი ეკლესიაში შევიდა, ილოცა და ღმერთს სთხოვა, ახალგაზრდები დაესაჯა. lლეგენდის თანახმად, მეორე დღეს ქალაქს დიდმა ქარიშხალი დაატყდა თავს და სრულიად წაშალა მისი არსებობის კვალი.
შუა საუკუნეების ლეგენდების თქმით, რუნგჰოლტის სამრეკლოს ხმა ჩრდილოეთის ზღვის სიღრმიდან ისმოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ისტორიკოსი ეჭვქვეშ აყენებდა ქალაქის რეალური არსებობის საკითხს, ახალმა კვლევამ აღმოაჩინა ამ "ჩრდილოეთ ატლანტიდის" ნაშთები ვადენის ზღვაში.
კიელის კრისტიან-ალბრეხტის უნივერსიტეტის არქეოლოგებმა აღმოაჩინეს, დაახლოებით, 1,9 კილომეტრის სიგრძის შუა საუკუნეების მიწაყრილები კუნძულზე, რომელიც ახლა ცნობილია როგორც სუდფოლი.
"ტალახის ქვეშ დამალული დასახლებები ლოკალიზებულია და რუკაზე ასახულია სხვადასხვა გეოფიზიკური მეთოდის გამოყენებით, როგორებიცაა: მაგნიტური გრადიომეტრია, ელექტრომაგნიტური ინდუქცია და სეისმიზმი", — აღნიშნავს დენის ვილკენი, კიელის უნივერსიტეტის გეოფიზიკოსი.
ახალი კვლევის თანახმად, ეს აღმოჩენები მოიცავს ნავსადგურს, დიდი ეკლესიის საძირკველსა და სადრენაჟო სისტემებს.
მეცნიერების თქმით, შუა საუკუნეების დასახლების ნაშთები ძლიერ ეროზიულია, ამიტომ საჭიროა, კვლევა რაც შეიძლება ინტენსიურად ჩაატარონ.
კომენტარები