ვების ტელესკოპმა სუპერცხელი ეგზოპლანეტის ატმოსფეროში წყლის ორთქლი დააფიქსირა
ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა იუპიტერზე 10-ჯერ მასიური სუპერცხელი ეგზოპლანეტის ატმოსფეროში წყლის ორთქლის კვალს მიაგნო. ის WASP-18 b-ის სახელითაა ცნობილი და ჩვენგან 400 სინათლის წლით დაშორებული, მზის მსგავსი ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს, რასაც 1 დღეზე ნაკლებს ანდომებს. ეს ციური სხეული საკუთარი მნათობისგან საშუალოდ 3.1 მილიონი კილომეტრ დისტანციაზეა. შედარებისთვის, მერკურისა და მზეს შორის მანძილი 63.4 მილიონი კილომეტრია.
ამ აირის გიგანტ ეგზოპლანეტაზე ტემპერატურა დაახლოებით 2 700°C-სს აღწევს, ამიტომ იქ წყლის მოლეკულები, უმეტესწილად, იშლება. ამის მიუხედავად, მსოფლიოში უმძლავრესმა ობსერვატორიამ მისი კვალის დაფიქსირება მაინც შეძლო, რაც განსაკუთრებული სპექტრული მგრძნობელობის დამსახურებაა. უნდა ითქვას, რომ 2008 წლიდან (WASP-18 b-ის აღმოჩენიდან) დღემდე, სხვა ტელესკოპებმა, მათ შორის ჰაბლმა და TESS-მა, იგივე მონაცემები ვერ მოიპოვა.
საინტერესოა, რომ ზემოხსენებული ციური სხეულის ერთი მხარე ყოველთვის ვარსკვლავისკენაა მიბრუნებული, როგორც მთვარის — დედამიწისკენ. ეს ნიშნავს, რომ პლანეტის გარშემო ტემპერატურა ერთნაირი არაა. მაგალითად, ვების მონაცემებით დაადგინეს, რომ ყველაზე მეტად განათებული არეალი 1 100°C-ით უფრო ცხელია, ვიდრე ჩაბნელებული ნახევარსფერო. ასეთი დიდი სხვაობა მეცნიერებისთვის მოულოდნელი იყო, ამიტომ ფიქრობენ, რომ შესაძლოა, იქ ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობი მექანიზმი სითბოს გადანაწილებას უშლიდეს ხელს.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები