ვინ და როგორ გამოიყენა ცეცხლი პირველად — კვლევა
პირველად ცეცხლის გასაჩენად ქვების ერთმანეთზე ხახუნი და ჯოხების გამოყენება იქნებოდა საჭირო. ეს უძველესი ადამიანისთვის მთავარი იარაღი იყო, თუმცა ჯერ კიდევ საკამათოა ის თუ ადამიანის რომელმა სახეობამ შეძლო ეს პირველმა.
ამ ამოცანის ამოხსნის მიზნით, მკვლევრებმა გააანალიზეს თითოეული მეთოდისთვის საჭირო შემეცნებითი პროცესები და დაადგინეს, რომ ნეანდერტალელები და ჰომო საპიენსები ცეცხლის დასანთებად სხვადასხვა მეთოდებს იყენებდნენ.
ზოგიერთი მტკიცებულება მიუთითებს, რომ უძველესი ადამიანები ცეცხლს 2 მილიონი წლის წინ უკვე იყენებდნენ. თუმცა, სხვა მეცნიერები თვლიან, რომ პირველი კონტროლირებადი ალი 200 000 წლის წინ გაჩნდა. და მიუხედავად იმისა, რომ ახალი კვლევის ავტორებს არ შეუძლიათ ზუსტად განსაზღვრონ თუ როდის მოხდა ეს ზუსტად, ისინი გვთავაზობენ რამდენიმე საინტერესო ჰიპოთეზას ორი ძირითადი "პიროტექნიკის" წარმოშობასთან დაკავშირებით.
მაგალითად, დარტყმა-ნაპერწკლის მეთოდი გულისხმობს კაჟის კვანძის დარტყმას შესაფერის მასალაზე, როგორიცაა პირიტი, ნაპერწკლის შესაქმნელად. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს არქეოლოგიური მტკიცებულება ამ მეთოდის გამოყენების შესახებ აფრიკაში, ამ ტიპის ადრეული იარაღები გვხვდება ევროპის ზედა პალეოლითის დროინდელ ადგილებზე.
იმის გათვალისწინებით, რომ ამ დროს ევრაზიის ტერიტორიას ნეანდერტალელები იკავებდნენ, კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ სწორედ ისინი იყენებდნენ ხსენებულ მეთოდს. ტექნიკის დაუფლებისთვის საჭირო ინტელექტის გაანალიზებისას, მკვლევრები განმარტავენ, რომ "მსგავსი ფორმით ცეცხლის გაჩენის მთავარი პრობლემა ისაა თუ როგორ გარდავქმნათ ნაპერწკალი ცეცხლად".
თუმცა, მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ნეანდერტალელებს შესაბამისი ინტელექტი ჰქონდათ და ამ ტექნიკასაც აითვისებდნენ.
მეორეს მხრივ, ხახუნისგან ცეცხლის გაჩენის ტექნოლოგია ცოტა უფრო რთულია. ის საჭიროებს ორი სხვადასხვა ტიპის ხის გამოყენებას.
შესაბამისად, უბრალოდ გარემოში არსებული ბუნებრივი მასალა ამ შემთხვევაში საკმარისი არაა. ეს მეთოდი წარმოებული ხელსაწყოების გამოყენებას მოითხოვს. იმის გათვალისწინებით, რომ მონადირე-შემგროვებელთა უმეტესობა დღესაც იყენებს ცეცხლის გაჩენის მსგავს მეთოდს, კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ ეს ტექნიკა მხოლოდ ჰომო საპიენსისთვის იყო დამახასიათებელი.
"ცეცხლის დამზადების ეს ტექნოლოგია სავარაუდოდ ჰომო საპიენსის სხვადასხვა ჯგუფებმა გამოიგონეს. ეს მაშინ, როდესაც აფრიკის სავანაში იყვნენ, მანამ სანამ დანარჩენ კონტინენტებს მოედებოდნენ" — ნათქვამია კვლევაში.
როგორც ჩანს, ევრაზიელმა ნეანდერტალელებმა ცეცხლის გამოყენება ქვების ერთმანეთთან რტყმით შეძლეს, ხოლო თანამედროვე ადამიანებმა აფრიკაში გამოიგონეს უფრო დახვეწილი მეთოდი.
კვლევა Cambridge Archaeological Journal-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები