ჩვენს გალაქტიკაში შესაძლოა, სიცოცხლისთვის თავსებადი ასობით მილიონი პლანეტა იყოს
ფლორიდის უნივერსიტეტში მომუშავე ასტრონომთა ახალი კვლევის თანახმად, ჩვენს გალაქტიკაში ჯუჯა ვარსკვლავების გარშემო მოძრავი ასობით მილიონი ეგზოპლანეტა შესაძლოა, სიცოცხლისთვის თავსებადი იყოს. ამის ხელშემწყობი ფაქტორი მათი ორბიტებია, რომლებიც მნათობის გრავიტაციულ გავლენას ამცირებს და წყლის თხევადი სახით შენარჩუნების საშუალებას იძლევა.
ჩვენი მზის მსგავსი ვარსკვლავები სამყაროში გავრცელებული არაა, არამედ კოსმოსში მასზე მცირე ზომისა და ნაკლებად მცხუნვარე მნათობები ჭარბობს. საკმარისი სითბოს მისაღებად ციური სხეული მათთან ახლოს უნდა გადაადგილდებოდეს, თუმცა ისეც არა, რომ გრავიტაციული ეფექტი იწვნიოს. სპეციალისტთა განცხადებით, ირმის ნახტომში სწორედ ასეთ ზონებში მოძრავი ასობით მილიონი ეგზოპლანეტა გვხვდება, საერთო რაოდენობის 3/4.
მეცნიერებმა M ტიპის ვარსკვლავების მიმდებარედ 150-ზე მეტი ციური სხეულის ორბიტა შეისწავლეს. რაც უფრო ოვალური იყო ის, ექსცენტრულობაც იზრდებოდა და თუ პლანეტა მზისა და მერკურის დისტანციაზე გადაადგილდებოდა, თავს იჩენდა ე.წ. მოქცევითი გახურების პროცესი. ამ დროს ობიექტი ერთგვარად იწელება, დეფორმაციას განიცდის, გრავიტაციული ძალები ეცვლება და ხახუნი ენერგიას სითბოდ აქცევს. ეს, საბოლოოდ, იქ თხევადი წყლის არსებობის შანსს საგრძნობლად ამცირებს.
შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ეგზოპლანეტა საკუთარი ვარსკვლავისგან სათანადო მანძილით იყოს დაშორებული, რათა მოქცევითი ძალები აიცილოს თავიდან და სიცოცხლისთვის თავსებადი პირობები შეინარჩუნოს. კვლევის მიხედვით, ასეთი ობიექტები ყველაზე გავრცელებული მრავალპლანეტიან სისტემებშია.
მეცნიერებმა Kepler-ისა და Gaia-ს ტელესკოპების მიერ მოპოვებული მონაცემები გამოიყენეს. მათი ნაშრომი გამოცემაში Proceedings of the National Academy of Sciences გამოქვეყნდა.
კომენტარები