დღეს, 26 მაისს, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 105-ე წლისთავს აღვნიშნავთ.

ჩვენი ქვეყნის ეროვნული დღე მეგობარმა სახელმწიფოებმაც იზეიმეს. საქართველოს პატივისცემის ნიშნად, წითელ-თეთრ ფერებში გაანათეს შენობები, შეასრულეს საქართველოს ჰიმნი და გამოფინეს ქართული დროშები.

ქართველ ხალხსა და საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს კი დამოუკიდებლობის დღე პოლიტიკოსებმა და საგარეო უწყებებმა მიულოცეს.

უკრაინა

ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილს მისალოცი წერილი მისწერა. ზელენსკი ამბობს, რომ დარწმუნებულია, უკრაინელი და ქართველი ხალხი შეძლებენ თავიანთი ტერიტორიებს დეოკუპაციას და დააბრუნებენ სამართლიან მშვიდობას ორივე სახელმწიფოში.

ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო, გისურვებთ მტკიცე ჯანმრთელობას და წარმატებებს თქვენს სახელმწიფო საქმიანობაში, ქართველ ხალხს კი — მშვიდობასა და კეთილდღეობას.

ვოლოდიმირ ზელენსკი

დამოუკიდებლობის დღე თავისუფლებისთვის საუკუნოვანი ბრძოლისა და ურთიერთდახმარების შეხსენებით მოგვილოცა უკრაინის საელჩომაც.

"დარწმუნებულები ვართ, რომ ერთობლივი ძალისხმევით აუცილებლად დავამარცხებთ ჩვენს საერთო მტერს — ფაშისტურ რუსეთს, სრულად აღვადგენთ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გავაგრძელებთ ჩვენი მომავლის აშენებას ევროპული ხალხების ერთიან ოჯახში.

ვუსურვებთ საქართველოს და ქართველ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას, ბედნიერებასა და ჰარმონიას! ერთად გამარჯვებამდე!" — ნათქვამია მისალოც წერილში.

ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინის საელჩოს მილოცვებში არსად ფიგურირებს საქართველოს მთავრობა.

აშშ

ამერიკელი ხალხის სახელით ქართველ ხალხს 26 მაისი მიულოცა აშშ-ის საელჩომ.

თქვენი მდიდარი, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში თავდაუზოგავად იბრძოდით დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის და უფრთხილდებოდით მას. ეს სულისკვეთება ისევეა ცოცხალი თქვენში, როგორც ოდესმე, განსაკუთრებით თქვენს მისწრაფებაში, გახდეთ ევროკავშირისა და ნატოს წევრები და უზრუნველყოთ უსაფრთხოება და კეთილდღეობა საქართველოს მომავალი თაობებისთვის

აშშ-ის საელჩოს მისალოცი წერილი

დამოუკიდებლობის დღე მოგვილოცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმაც. ქვეყანაში კი სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა საქართველოს დროშის ფერებში განათდა.

"ქართველ ხალხს ძალიან კარგად ესმის დამოუკიდებლობის, თავისუფლების და დემოკრატიის ფასი", — ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში.

სახელმწიფო მდივანი კიდევ ერთხელ ადასტურებს შეერთებული შტატების ერთგულებას, დაეხმაროს საქართველოს, ააშენოს უსაფრთხო, უკეთესი, ევროპული დემოკრატია, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს სურთ და იმსახურებენ.

"ჩვენი 31-წლიანი ორმხრივი ურთიერთობის განმავლობაში, შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიული განვითარების წინსვლის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, კანონის უზენაესობის გაძლიერების, ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და უკეთესი მომავლის შესაქმნელად", — ამბობს ბლინკენი.

ნიუ-იორკში მანჰეტენზე არსებულ Green Bowling Park-ში კი საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა.

ფოტო: საქართველოს დიპლომატიური მისიები

მეზობელი ქვეყნები

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მისალოცი პოსტი გამოაქვეყნა:

"ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი მეგობრისა და მეზობლის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გაუმარჯოს საქართველოს!"

გარდა ამისა, საქართველოს დროშის ფერებში განათდა სტამბოლის სულთან მეჰმედის ხიდი.

ასევე, ეროვნული დროშა გამოისახა თურქეთის სიდიდით მე-3 ქალაქის, იზმირის, მთავარ სიმბოლოზე — საათის კოშკზე.

ფოტო: საქართველოს დიპლომატიური მისიები

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს. სალომე ზურაბიშვილისადმი გაგზავნილ წერილში ფაშინიანი ამბობს, რომ საქართველოსთან ურთიერთსასარგებლო და კეთილმეზობლური ურთიერთობების გაღრმავება მათი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

ირაკლი ღარიბაშვილისადმი წერილში კი ფაშინიანი წერს, რომ სომხეთი საქართველოსთვის საიმედო მეგობარი და მეზობელია და ასეთად დარჩება.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ასევე, გაავრცელა მილოცვა საქართველოს პრეზიდენტისა და ქართველი ხალხისთვის.

"ასეთ მნიშვნელოვან დღესასწაულზე გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წარმატებებს თქვენს საქმიანობაში, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს – მშვიდობასა და კეთილდღეობას", — ნათქვამია ალიევის მილოცვაში.

გარდა ამისა, ბაქოში საქართველოს დროშის ფერებით განათდა ჰეიდარ ალიევის ცენტრი.

ფოტო: საქართველოს დიპლომატიური მისიები

ბელგია

ბრიუსელის მთავარი სიმბოლო, მანეკენ პისი ჩოხით შემოსეს.

იტალია

იტალიაში, ქალაქ ბარის მერიის შენობაზე საქართველოს დროშა გამოიფინა.

ფოტო: საქართველოს დიპლომატიური მისიები

დიდი ბრიტანეთი

ქართველ ხალხს გულმხურვალე მილოცვა გამოუგზავნა ბრიტანეთის მონარქმა, მეფე ჩარლზმა.

"მოუთმენლად ველი ჩვენს ქვეყნებს შორის თბილი მეგობრობისა და ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას ამ გამოწვევებით სავსე დროში", — ნათქვამია წერილში.

მისალოცი პოსტი გამოაქვეყნა ბრიტანეთის საელჩომაც.

გერმანია

"ვუსურვებთ საქართველოს თავისუფლებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას ევროკავშირთან ერთად", — ნათქვამია გერმანიის საელჩოს განცხადებაში.

ირლანდია

დუბლინის ღირსშესანიშნაობა, Samuel Beckett-ის ხიდი, საქართველოს დროშის ფერებით განათდა.

ფოტო: საქართველოს დიპლომატიური მისიები

დუბლინში, ქალაქის მთავარ მოედანზე კი, ჩვენი დროშა აღიმართა.

ლიეტუვა

"ქართველი ხალხის ერთგულება თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი დღეს ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც 1918 წელს. ლიეტუვა ულოცავს ქართველ ხალხს", — დაწერა მეგობარი ქვეყნის საგარეო უწყებამ.

კლაიპედის მერიის ძველი შენობა და შადრევანი დროშის ფერებში გაანათეს.

ისრაელი

იერუსალიმის ცენტრში, YMCA კომპლექსის წინ, საქართველოს დროშა გამოფინეს.

ფოტო: საქართველოს დიპლომატიური მისიები

ესტონეთი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს ტალინშიც.

შვეიცარია

26 მაისთან დაკავშირებით, ბერნის მერიის შენობაზე საქართველოს დროშა აღმართეს.

ინდონეზია

ჯაკარტას ცენტრალური შადრევანი წითელ-თეთრ ფერებში განათდა.

ფოტო: საქართველოს დიპლომატიური მისიები

კორეა

კორეის რესპუბლიკის დედაქალაქის მერიის შენობა საქართველოს დროშის ფერებში განათდა.

ფოტო: საქართველოს დიპლომატიური მისიებ