აღმოჩენილია 5000-ზე მეტი არსება, რომლის შესახებაც აქამდე არაფერი ვიცოდით — ნახეთ ვიდეო და ფოტოები
ისინი ოკეანის სიღრმეების ბინადრები არიან და ადამიანური გავლენით, მალე გადაშენება ემუქრებათ.
ჩვენ გარშემო თუ ოკეანის ფსკერზე უამრავი არსება ბინადრობს, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ არაფერი ვიცით. ამის ნათელი დასტურია 25 მაისს, ჟურნალ Current Biology-ში გამოქვეყნებული კვლევა, რომელიც მეცნიერებისთვის აქამდე უცნობ 5000-ზე მეტ სახეობას აღწერს.
წყნარი ოკეანის სიღრმეში, კლარიონ-კლიპერტონის ზონაში გადაღებული ვიდეო გვიჩვენებს ახალ სახეობებს, რომელთაა შესახებაც აქამდე არაფერი ვიცოდით.
კლარიონ-კლიპერტონის ზონა — ეს არის მინერალებით მდიდარი ადგილი წყნარ ოკეანეში, საიდანაც კომპანიები მსოფლიო ეკონომიკისთვის საკვანძო ნედლეულების მოპოვებას აპირებენ.
კაცობრიობა თანამედროვე მსოფლიო მოსახლეობისა თუ სისტემების ყოველდღიური, უწყვეტი ფუნქციონირებისთვის და განვითარების მიზნებისთვის მუდმივად ეძებს ლითონით, კობალტითა თუ სხვა მნიშვნელოვანი მინერალებით მდიდარ ადგილებს. ასეთი წერტილებიდან მინერალების მოპოვება აუცილებელია ელექტრომანქანების ელემენტებისა თუ სხვა ნახშირბადნეიტრალური პროდუქციის საწარმოებლად. კლარიონ-კლიპერტონის ზონა ერთ-ერთი ასეთი ადგილია. თუმცა, ამ ზონაში მინერალების მოპოვების პროცესი ახალაღმოჩენილ სახეობებს დიდ საფრთხეს უქმნის.
ფაქტს "სუფთა ენერგიის თავსატეხთან" მივყავართ: წიაღისეული საწვავიდან ენერგოეფექტურ საშუალებებზე გადასვლას აქვს თავისი გარემოსდაცვითი თუ ადამიანური ხარჯები...
მინერალების ოკეანეთა ფსკერიდან მოპოვების დამცველები ამბობენ, რომ ამ გზით ნედლეულის მოპოვება ადამიანებისთვის საფრთხისშემცველი არაა. ზღვის ფსკერიდან ნედლეულის მიღების კუთხით ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის, Metals Company-ის აღმასრულებელი დირექტორი — ჟერარდ ბარონი კი ამბობს, რომ "ფუნდამენტურად ლოგიკურია, რომ ვეძებთ ლითონების მოპოვების ისეთ გზებს, რომელიც ყველაზე მსუბუქ პლანეტარულ შეხებას გულისხმობს".
კლარიონ-კლიპერტონის ზონა წყნარ ოკეანეში, მექსიკასა და ჰავაის კუნძულებს შორის მდებარეობს. ეს წყალქვეშა ზონა ინდოეთზე ორჯერ დიდია და ე.წ. პოლიმეტალური კვანძებითაა მდიდარი. ეს განძია, რომელიც თანამედროვე სამყაროს ტექნოლოგიური მდგრადობისა და განვითარებისთვის სჭირდება.
ამ ზონაში მინერალების მოპოვებისადმი ინტერესი ათწლეულებია არსებობს, თუმცა ცოტა რამ არის ცნობილი ამ რეგიონის ბიომრავალფეროვნებაზე. სწორედ ამიტომ, ლონდონის Natural History Museum-ის გუნდმა გადაწყვიტა, ამ ზონაში ზღვის არსებებთან დაკავშირებული 100 000-ზე მეტი ჩანაწერი და ნიმუში გაეანალიზებინა.
ამ ნიმუშებს წლების განმავლობაში აგროვებდნენ, როგორც დისტანციურად მართვადი წყალქვეშა კამერების, ასევე სპეციალური ყუთების მეშვეობით.
კვლევისას გუნდმა 6000-დან 8000 სახეობა დააფიქსირა, აქედან 5000-ზე მეტი კი მეცნიერებისთვის სრულიად ახალია. უფრო კონკრეტულად, კლარიონ-კლიპერტონის ზონაში (CCZ) 5580 ახალი სახეობა აღიწერა, ამ ეტაპზე, მათგან მხოლოდ 438 აქვს სახელი.
მსოფლიოს ერთ-ერთ ჯერ კიდევ ხელუხლებელ ადგილას, უკიდურეს სიბნელესა და სიღრმეში, ზოგი არსების ევოლუციისთვის განსაკუთრებული პირობები შეიქმნა. აქ მობინადრეთა უმეტესობა დედამიწაზე სხვაგან არსად გვხვდება.
გამომდინარე იქიდან, რომ ბიომრავალფეროვნების კუთხით ეს საკმაოდ მდიდარი ადგილია, ამ სფეროში მომუშავე 700-ზე მეტი მეცნიერი მოითხოვს კლარიონ-კლიპერტონის ზონაში მინერალთა მოპოვების ნებართვის დაპაუზებას, სანამ "საკმარისი და მყარი სამეცნიერო ინფორმაციის მოპოვება არ მოხდება".
ამ მხრივ ახლა მნიშვნელოვანი დისკუსიები იწყება. კომპანია ამბობს, რომ მინერალების მოპოვებას წყალქვეშა ბიომრავალფეროვნებისთვის შეძლებისდაგვარად უმტკივნეულოდ ეცდება. ამისათვის რობოტიკის მიღწევების გამოყენებაც იგეგმება. თუმცა მეცნიერთა ნაწილი ამ მიდგომას სკეპტიკურად უყურებს. კომპანიაში კი ამბობენ, რომ არ არსებობს ისეთი მიდგომა, რასაც გარემოზე ნულოვანი გავლენა ექნება.
თუ ყველაფერი დაგეგმილი ტემპით წავა, კლარიონ-კლიპერტონის ზონაში მინერალების მოპოვებას 2024 წლის ბოლოსთვის ან 2025 წლის პირველ ნახევარში დაიწყებენ. მანამდე კი წყალქვეშ მინერალების მოპოვების თემაზე რეგულაციების შემოღებას ელოდებიან. იდეის ოპონენტების აზრით, ეს საკმარისი დრო არ არის პროცესის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
წყნარი ოკეანის სიღრმეში, ჩვენზე, დაახლოებით, 5000 მეტრით ქვემოთ, ოკეანის ფსკერზე მცხოვრები ათასობით სახეობა ამ საკითხზე ადამიანთა გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, არ ელოდება. თუმცა, ამ გადაწყვეტილების შედეგი შეიძლება საკუთარ არსებობად დაუჯდეს.
კომენტარები