NASA-ს მავალმა მარსზე უძველესი მდინარის კვალს მიაგნო
მარსი ყოველთვის ასეთი მშრალი პლანეტა არ ყოფილა, არამედ იქ ძველად ტბები, ოკეანეები და ნაკადულები გვხვდებოდა. ამის დასტურს NASA-ს მავალმა Curiosity-იმ გეილის კრატერის მიმდებარედ მიაგნო, მეორე აპარატმა Perseverance-მა კი ეზეროს კრატერის კვლევისას ახლახან სრულიად განსხვავებულ გეოლოგიურ წარმონაქმნებს მიაკვლია, რომლებიც იქ ადრე არსებულ, ძლიერი ნაკადის მქონე მდინარეზე მიანიშნებს.
Skrinkle Haven-ის სახელით ცნობილ ამ არეალში მავალზე დამონტაჟებულმა კამერამ Mastcam-Z დიდი ზომის ქვები და კლდოვანი ფრაგმენტები დააფიქსირა. მათ გადასაადგილებლად მხოლოდ სუსტი ნაკადული საკმარისი არ იქნებოდა, არამედ ძლიერი და ღრმა მდინარე, რომელიც მსგავს მატერიას თან მარტივად წაიყოლებდა.
მეცნიერთა აზრით, ეს უნდა ყოფილიყო მდინარე, რომლის კალაპოტიც დროთა განმავლობაში იცვლებოდა ან მას დაქსაქსული სტრუქტურა უნდა ჰქონოდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ქვების ზოლები ძველად უფრო მაღალი იყო, თუმცა შემდეგ, ქარის გავლენით, ისინი დაიშალა. ამგვარი რამ დედამიწაზეცაა შემორჩენილი, მაგრამ აქ მათ მცენარეები ფარავს, მარსზე კი ისინი უფრო მკაფიოდ ჩანს.
სწრაფი მდინარის მეორე კვალი Pinestand-ად წოდებულ ბორცვზეა, რომელიც Skrinkle Haven-ისგან 0.45 კილომეტრითაა დაშორებული და 20 მეტრამდე სიმაღლეზე განლაგებულ დანალექ ქანებს შეიცავს. სპეციალისტთა ვარაუდით, ისინი სწორედ მდინარესთან ურთიერთქმედების შედეგად წარმოიქმნა.
45 კილომეტრი ზომის ეზეროს კრატერში ძველად ტბა და მდინარის დელტა იყო, ამიტომ Perseverance მას დეტალურად იკვლევს და სიცოცხლის კვალს ეძებს. აქამდე უცნობი იყო, რომ მარსზე ადრეულ პერიოდში ასეთ ძლიერი მდინარეები არსებობდა, შესაბამისად, ახალი მიგნება უმნიშვნელოვანესია.
კომენტარები