საიდან მოხვდნენ ინდიელები ამერიკის კონტინენტზე? — ახალი კვლევა
მიტოქონდრიული დნმ-ის ახალმა კვლევამ აღმოაჩინა მტკიცებულება, სულ მცირე, ორი მიგრაციის შესახებ ამერიკას, ჩინეთსა და იაპონიას შორის ბოლო გამყინვარების ხანასა და დნობის შემდგომ პერიოდში.
ჯგუფმა, მიტოქონდრიულ დნმ-ზე დაკვირვებით, გამოიკვლია ინდიელების იშვიათი დამფუძნებელი შტო. 100 000 უახლესი და 15 000 უძველესი ნიმუშის გამოყენებით, ჯგუფმა შეძლო 216 თანამედროვე და 39 უძველესი პიროვნების იდენტიფიცირება, რომლებიც იზიარებდნენ საგვარეულოს. ნახშირბადული დათარიღების მეთოდის გამოყენებით შეადგინეს განშტოების რუკა და შეადარეს მუტაციები.
"ადგილობრივი ამერიკელების აზიური გენეალოგია უფრო კომპლექსურია, ვიდრე აქამდე ეგონათ", — თქვა განცხადებაში ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მოლეკულურმა ანთროპოლოგმა, იუჩუენ ლიმ. "ციმბირში, ავსტრალო-მელანეზიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ადრე აღწერილი საგვარეულო წყაროების გარდა, ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ჩინეთის ჩრდილოეთ სანაპირომ ასევე შეიტანა წვლილი ამერიკელების გენოფონდში."
გუნდის თქმით, პირველი "რადიაციული მოვლენა" (მიგრაციის მოვლენა) მოხდა 19 500-26 000 წლის წინ, მაშინ როცა ჩინეთის ჩრდილოეთ სანაპიროს ცივი პირობები ადამიანებისთვის არახელსაყრელი იყო. მეორე მოვლენა კი 19 000-დან 11 500 წლის წინ იყო, როდესაც მსოფლიოში ადამიანთა პოპულაცია გაფართოვდა უკეთესი კლიმატური პირობების დროს. ორივე შემთხვევაში, მეცნიერებს სჯერათ, რომ უძველესი ადამიანები ამერიკისკენ გაემართნენ წყნარი ოკეანის სანაპიროების და არა — ბერინგის მიწის ხიდის გავლით, როგორც ეს ადრე მიაჩნდათ. ბერინგის მიწის ხიდი ეწოდება მშრალ მიწას, რომელიც აკავშირებდა ციმბირსა და ალასკას ბოლო გამყინვარების ხანაში.
კონტინენტზე მათი მიგრაციის ანალიზსა და ისრისპირებისა და შუბების შედარების საფუძველზე, ვარაუდობენ, რომ ჩინეთისა და იაპონიის პალეოლითის ხალხები მოგზაურობდნენ წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ კიდეზე, სანამ არ მიაღწევდნენ ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს. ამ კავშირებიდან გამომდინარე, ზოგიერთი ვარაუდობს, რომ მკვიდრი ამერიკელები იყვნენ იაპონიის ჯომონის ხალხის შთამომავლები, თუმცა ბოლოდროინდელმა გენეტიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს, სავარაუდოდ, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის ნაცვლად, ამ ახალმა კვლევამ გამოთქვა ვარაუდი, რომ მსგავსება შეიძლება მომდინარეობდეს საერთო საგვარეულოდან.
გუნდმა ასევე აღმოაჩინა, რომ ხალხი ჩრდილოეთ ჩინეთის სანაპიროდან გადადიოდა იაპონიაში.
"გაგვიკვირდა, როცა აღმოვაჩინეთ, რომ ამ საგვარეულო წყარომ ასევე წვლილი შეიტანა იაპონიის გენოფონდში, განსაკუთრებით, ძირძველ აინუებში", — დასძინა ლიმ. "ვვარაუდობთ, რომ პლეისტოცენის კავშირი ამერიკას, ჩინეთსა და იაპონიას შორის შემოიფარგლებოდა არა მხოლოდ კულტურით, არამედ გენეტიკითაც."
ახლა გუნდი გეგმავს, გამოიკვლიოს უფრო მეტი თაობათა ხაზი, რათა უფრო სრულყოფილი წარმოდგენა ჰქონდეს იმაზე, თუ საიდან მოხვდნენ ინდიელები ამერიკის კონტინენტზე.
კომენტარები