ვარსკვლავის მიერ პლანეტის შთანთქმის პროცესი პირველად დაფიქსირდა — დედამიწის მომავალი?
ისტორიაში პირველად, ასტრონომებმა მზის მსგავსი ვარსკვლავის მიერ პლანეტის შთანთქმის პროცესი დააფიქსირეს, რაც მნიშვნელოვანია, რადგან დაახლოებით 5 მილიარდ წელში სწორედ ეს ელის დედამიწასაც.
ასევე, იხილეთ: როდის "ჩაქრება" ჩვენი მზე?
მეცნიერებისთვის ცნობილია, რომ თითოეული მნათობი განვითარების რამდენიმე ფაზას გადის. როდესაც მათ ბირთვში წყალბადის მარაგი იწურება, გარეთა შრე ფართოვდება და წითელ გიგანტს ვიღებთ, რომლის დიამეტრიც 100-1000-ჯერ იზრდება. შედეგად, ახლომდებარე პლანეტები ამ უზარმაზარი ობიექტის წიაღში ექცევა და ნადგურდება. ამის მიუხედავად, აქამდე მსგავსი მოვლენის პირდაპირი მაგალითი არ მოგვეპოვებოდა, რადგან ასეთ ვარსკვლავებს უშუალოდ ციური სხეულის შთანთქმის პროცესში ვერ ვაკვირდებოდით.
უკანასკნელი კვლევით ეს შეიცვალა, რადგან სპეციალისტებმა სწორედ საჭირო მომენტი დააფიქსირეს. მათ 12 000 სინათლის წლის მოშორებით, ირმის ნახტომის გალაქტიკის დისკოში, 2020 წელს წარმოქმნილი რადიაციული ანთება შეისწავლეს, რომელიც ZTF SLRN-2020-ის სახელითაა ცნობილი. მისი წყარო იყო ვარსკვლავი, რომლის სიკაშკაშემაც 1 კვირის განმავლობაში 100-ჯერ მოიმატა. მას ავტორები პალომარის ობსერვატორიიდან დააკვირდნენ და სპექტრული მონაცემები გააანალიზეს.
ასტრონომებს ეგონათ, რომ საქმე ნოვას ტიპის ვარსკვლავურ აფეთქებასთან ჰქონდათ, მაგრამ კოსმოსის ამ რეგიონში არა ცხელი, არამედ ცივი აირის კვალი გამოვლინდა, რომელიც დროთა განმავლობაში მტვრად გარდაიქმნება. ერთი წლის შემდეგ ინფრაწითელმა კამერამ იქ მტვრის ფორმირება მართლაც დაადასტურა. ტელესკოპ NEOWISE-ის მეშვეობით დადგინდა ისიც, რომ მნათობის პირველადი ანთების შემდგომი რადიაცია საკმაოდ დაბალენერგიული იყო, არა ისეთი, როგორიც ვარსკვლავთა შეჯახებას ახასიათებს, რაზეც ავტორებს ჰქონდათ ეჭვი.
მათი გამოთვლებით, ის, რაც ვარსკვლავს შეეჯახა, ნებისმიერ მნათობზე 1 000-ჯერ პატარა უნდა ყოფილიყო. ამან მეცნიერებს იუპიტერი გაახსენა, რომლის მასაც მზის დაახლოებით ერთი მეათასედია. სწორედ ამის შედეგად მიხვდნენ, რომ ეს იდუმალი ობიექტი პლანეტა იყო და არა რაიმე სხვა.
ვარაუდობენ, რომ აღნიშნული მოვლენისას დაახლოებით 33 დედამიწის მასის წყალბადი და 0.33 დედამიწის მასის მტვერი გამოიყო. აქედან გამოთვალეს, რომ ვარსკვლავი ჩვენს მზეზე 0.8-1.5-ჯერ მასიური უნდა ყოფილიყო, შთანთქმული ციური სხეული კი იუპიტერზე 1-10-ჯერ მასიური.
5 მილიარდ წელში მზე ზუსტად ასეთ წითელ გიგანტად გადაიქცევა და მის ახლო ორბიტებზე მოძრავ პლანეტებს გაანადგურებს. სამწუხაროდ, მათ შორისაა დედამიწაც, რომელიც პლაზმის გაფართოებულ შრეში მოექცევა. ამ დროს ჩვენგან 10 000 სინათლის წლის მოშორებით არსებული რეგიონიდან ზემოხსენებულის მსგავსი სახის რადიაციული ანთება იქნება ხილული, თუმცა, ჩვენი პლანეტის მცირე ზომიდან გამომდინარე, ნაკლებად მძლავრი.
სპეციალისტები დამატებითი მონაცემების მოპოვებას აპირებენ, რათა გაჩენილ კითხვებს გასცენ პასუხი. მათი ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.
კომენტარები