ოდესმე გიგრძნიათ, თითქოს, მარტო არ ხართ? — მეცნიერება ამ უცნაურ ფენომენს იკვლევს
ოდესმე გქონიათ შეგრძნება, რომ თქვენთან ერთად კიდევ ვიღაც არის, მაშინაც კი, როდესაც ოთახში სრულიად მარტო ხართ? მსგავსი რამ არაერთ ადამიანს გამოუცდია, თუმცა მეცნიერული ახსნა ამ ფენომენის შესახებ იშვიათად თუ მოგვისმენია.
ამ საკითხის ირგვლივ ერთ-ერთი ყველაზე დიდი კვლევა 1894 წელს ჩატარდა. Society for Psychical Research (SPR)-მა გამოაქვეყნა Census of Hallucinations-ი — გამოკითხვა, რომელშიც აშშ-სა და ევროპაში მცხოვრები 17 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. რესპონდენტებს ჰკითხეს, ჰქონიათ თუ არა რაიმე უსულო საგნის ან არსების დანახვის, მოსმენისა თუ შეხების გამოცდილება ყოველგვარი გარეგანი გამღიზიანებლის გარეშე. 1684-მა ადამიანმა კითხვას დადებითად უპასუხა, რის შედეგადაც SPR-მა დაასკვნა, რომ მსგავსი გამოცდილება იშვიათი სულაც არ იყო.
1886 წელს SPR-მა გამოაქვეყნა Phantasms of the Living-ი. ეს კოლექცია მოიცავდა ტელეპათიის, წინათგრძნობისა და სხვა უჩვეულო ფენომენის 701 შემთხვევას. მაგალითად, მღვდელმა ფ.ჰ. ნიუნჰემმა მოყვა ისტორია, რომლის მიხედვითაც, ღამით რაღაც უსხეულო არსებამ აუწყა, რომ მეორე დღისით ნავით გასეირნებაში მონაწილეობა არ მიეღო. მოგვიანებით მან გაიგო, რომ ყველა მონაწილე დაიხრჩო.
იმ დროისათვის Phantasms of the Living-ი არასერიოზულად და არასამეცნიეროდ მიიჩნიეს, თუმცა მსგავსი გამოცდილებები, რომლებიც გამოკითხვაში აღწერეს, საკმაოდ ხშირია და მეცნიერების ყურადღებას იმსახურებს.
არც თუ ტკბილი სიზმრები
SPR-ის მიერ შეგროვებული არაერთი მონათხრობი ჰგავს ჰიპნაგოგიას — ჰალუცინაციურ გამოცდილებას, რომელიც სიფხიზლიდან ძილის მდგომარეობაში გადასვლისას ხდება. შეგრძნებას, თითქოს, მარტო არ ხარ, განსაკუთრებით ძლიერი კავშირი აქვს ძილის დამბლასთან (ძილის პარალიზთან), რომელსაც ზრდასრულების, დაახლოებით, 7% ცხოვრებაში ერთხელ მაინც განიცდის. ძილის პარალიზის დროს ადამიანის კუნთები პარალიზებულია, თუმცა გონებას ღვიძავს. კვლევების მიხედვით, ძილის დამბლას მქონე ადამიანების 50%-ზე მეტს აღენიშნება შეგრძნება, თითქოს, ოთახში მარტო არ არის.
მიუხედავად იმისა, რომ SPR-ის მიერ დოკუმენტირებული ვიქტორიანული შემთხვევები ხშირად დადებით გამოცდილებად აღიწერებოდა, თანამედროვე მაგალითები, ძირითადად, უარყოფით, საშიშ გამოცდილებას წარმოადგენს.
მსოფლიოს გარშემო უამრავ საზოგადოებას თქმულებებსა თუ ზღაპრებში აღწერილი აქვს მსგავსი შემთხვევა, თუმცა რატომ უნდა ქმნიდეს ძილის პარალიზი ასეთ შეგრძნებას? ზოგიერთი მკვლევარი ყურადღებას ამახვილებს ასეთ სიტუაციაში გაღვიძების სპეციფიკურ მახასიათებლებზე. ადამიანების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ძილის დამბლა, ჰალუცინაციებითა თუ მათ გარეშე, საშიში გამოცდილებაა.
2007 წელს ძილის მკვლევრები, ჯ. ალენ ჩეინი და ტოდ ჟერარი, ამტკიცებდნენ, რომ თუკი პარალიზებულები, ანუ დაუცველები, გავიღვიძებთ, ჩვენი ინსტინქტები საფრთხის შეგრძნებას შეგვიქმნის და გონებას შეეშინდება. თუმცა ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს შეგრძნება არა მხოლოდ ჰიპნაგოგიური მდგომარეობის რეგულარული ნაწილია, არამედ აღინიშნება პარკინსონის დაავადების, ფსიქოზის, სიკვდილის მოახლოებისა და დაღუპვის დროს. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქმე მხოლოდ ძილისთვის დამახასიათებელ ფენომენთან გვქონდეს.
სხეულისა და გონების კავშირი
ნევროლოგიური შემთხვევების კვლევებსა და ტვინის სტიმულაციის ექსპერიმენტებზე დაყრდნობით ვიცით, რომ ზემოხსენებული შეგრძნების პროვოცირება შესაძლებელია.
მაგალითად, 2006 წელს ნევროლოგმა შაჰარ არზიმ და მისმა კოლეგებმა შეძლეს, შეექმნათ "ჩრდილოვანი ფიგურა", რომელიც "დაინახა" ქალმა, რომლის ტვინის ელექტრული სტიმულაცია ხდებოდა მარცხენა დროებითი პარიეტალური შეერთების ადგილას (TPJ).
2014 წელს ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა ასევე აჩვენა, რომ ადამიანების სენსორული მოლოდინების დარღვევა ზოგიერთ ჯანმრთელ ადამიანში იწვევს ამგვარ განცდას. ამისათვის მკვლევრებმა გამოიყენეს რობოტი, რომლის საშუალებითაც ატყუებდნენ მონაწილეებს, თითქოს, ისინი საკუთარ ზურგს ეხებოდნენ, როცა ამას, რეალურად, რობოტი აკეთებდა.
ჩვენი ტვინი სინქრონიზაციას აღიქვამს, როგორც ჩვენ მიერ წარმოებულს. მაშინ კი, როდესაც სინქრონიზაცია ირღვევა, ადამიანი გრძნობს, თითქოს, მასთან ერთად ვიღაც სხვაც იმყოფება. ამდენად, სიტუაციის სენსორული მოლოდინების შეცვლა ჰალუცინაციებს იწვევს.
ეს ლოგიკა ძილის დამბლასაც მიესადაგება. ამ კონტექსტში ყველა ინფორმაცია ჩვენი სხეულისა და გრძნობების შესახებ დარღვეულია, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ადამიანი გრძნობს, თითქოს, მარტო არ არის.
2022 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში, Durham University-ის ფსიქოლოგიის პროფესორი ბენ ალდერსონ-დეი ეცადა, გაერკვია მსგავსება კლინიკურ ანგარიშებს, სასულიერო პრაქტიკასა და გამძლეობასთან დაკავშირებულ სპორტს (რომელიც, როგორც ცნობილია, ხშირად იწვევს ჰალუცინაციებს სპორტსმენებში) შორის.
ყველა ამ სიტუაციაში "უცხოს" ყოფნის განცდის მრავალი ასპექტი ძალიან ჰგავდა ერთმანეთს. მაგალითად, სუბიექტები ფიქრობდნენ, რომ ეს რაღაც ზუსტად მათ ზურგს უკან იყო. ასევე, ძილთან დაკავშირებული ეს შეგრძნება აღინიშნა სამივე ჯგუფში. ზოგჯერ კი იგი უკავშირდებოდა ემოციურ ფაქტორებს, როგორიცაა საყვარელი ადამიანის დაღუპვით გამოწვეული სევდა.
მიუხედავად იმისა, რომ ეს შეგრძნება უკვე საუკუნეებია, რაც არსებობს, მისი სამეცნიერო დონეზე კვლევა ახლახან დაიწყო. მეცნიერებამ კი შეიძლება მოგვცეს ან ერთი, ყოვლისმომცველი ახსნა, ან რამდენიმე თეორიის კომბინირება გახდეს საჭირო.
კომენტარები