თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე იმ ხელოვანთაგან ერთ-ერთია, რომელთა ცხოვრებაც მათი შემოქმედების მსგავსად საინტერესო და შთამბეჭდავია. ქართველი მხატვარი ქალი, რომელიც კრისტიან დიორისთვის ესკიზებს ქმნიდა, ბრაზილიასა და საფრანგეთში მოღვაწეობდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ თამარ დე ლეტე-ვაჩნაძემ მე-20 საუკუნის კულტურაზე თავისი კვალი დატოვა.

მხატვარი, მოცეკვავე, ანიმატორი და ესკიზების შემქმნელი თამარ დე ლეტეს ცხოვრება მუდმივი თვითდამკვიდრებისა და ძიების პროცესი იყო. თამარის ნიჭი და შემოქმედება კი შეუმჩნეველი არსად რჩებოდათ. ამ სტატიაში სწორედ თამარ დე ლეტეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ გიამბობთ, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ ბოლო წლებში აღმოაჩინა და შეიყვარა.

პარიზში ცხოვრება და პირველი ნაბიჯები

თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის მშობლები სიუზი ვაჩნაძე და უნგრელი ოფიცერი, პეტრუს ფონ ლეტე იყვნენ. განქორწინების შემდეგ სიუზი ვაჩნაძე პარიზში შვილებთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად. სიუზი დიდ დროს უთმობდა თამარის აღზრდას და მას მრავალმხრივ განათლებას აძლევდა. დედამ თამარი ჟანინ შარატთან და როლან პეტიტთან ერთად შეიყვანა ლუბოვ ეგოროვას კლასიკური ცეკვის ჯგუფში. ამასთან ერთად, თამარი ბავშვობიდან ხატვას, ჯირითსა და ფარიკაობას სწავლობდა.

თამარ დე ლეტემ სამხატვრო განათლება მადლენ ვატიესა და ბერნარ ჰუგეს ატელიეებში მიიღო. მალე თამარი ქართული ფოლკლორული დასების ნამდვილი ვარსკვლავი გახდა და ნოე ჟორდანიას ვაჟი — რეჯები გაიცნო, რომელიც საფრანგეთის ქართული ანსამბლების პიანისტი იყო. რეჯებსა და თამარს ერთმანეთი შეუყვარდათ და მალევე იქორწინეს. სამწუხაროდ, წყვილის ქორწინება მოკლეხნიანი აღმოჩნდა და თამარ დე ლეტე 1952 წელს ვაჟ ზოლტანთან ერთად ბრაზილიაში გადავიდა, სადაც მისი მამა ცხოვრობდა.

სან-პაულუში მოღვაწეობა და აღიარება

ფოტო: საქართველოს ბანკი

ფოტო: საქართველოს ბანკი

სან-პაულუში თამარი სხვადასხვა გამომცემლობის ათამდე წიგნის ილუსტრირებით იყო დაკავებული. მან გააფორმა მსოფლიო მითოლოგია, შარლ პეროსა და ჰანს კრისტიან ანდერსენის ნაწარმოებები. ამავე პერიოდში სან-პაულუს თეატრში თამარ დე ლეტე მოლიერის, ფედერიკო გარსია ლორკას, ჟან პოლ სარტრის შემოქმედების მიხედვით 30-ზე მეტი დადგმისათვის თეატრალურ მაკეტებს, დეკორაციებსა და კოსტიუმებს ქმნიდა.

პარალელურად, ჟერმანო მარიუტიმ და თამარ დე ლეტემ სან-პაულუს გალერეა Ambiante-ში ერთობლივი გამოფენა გამართეს. ამ პერიოდში თამარ დე ლეტეს ნიჭსა და შემოქმედებაზე სან-პაულუს ცნობილი გამოცემები ხშირად წერდნენ. 1961 წლიდან თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე ისეთი ცნობილი ბალეტებისთვის ქმნიდა დეკორაციებსა და კოსტიუმებს, როგორებიცაა შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა, მარიონეტები და ორცხობილას გამყიდველი.

ფოტო: საქართველოს ბანკი

ბრაზილიაში ცხოვრებისას თამარმა საქვეყნოდ განთქმულ Christian Dior-ის ფირმასთან თანამშრომლობა დაიწყო, რომლისთვისაც ესკიზებს ქმნიდა. ამის დასტურად მხატვრის არქივს 3 ესკიზი შემორჩა, ორი მათგანი ფერადია, ერთი კი კალკაზეა შესრულებული. თუმცა როგორც ჩანს, ფირმასთან ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელდა და ერთ წელში დასრულდა, რისი მიზეზიც Christian Dior-ის ფირმაში დირექციის ცვლილება გახდა. ამას ადასტურებს თამარის არქივში შენახული1961 წლის 8 თებერვალს უცნობი პირის მიერ გაგზავნილი წერილი. "ვწუხვარ, რომ ჩემგან მიიღეთ ნეგატიური და იმედგამაცრუებელი წერილი ცუდი სიახლეებით! როგორც ხედავთ, ჩემო პატარა თამარ, ამ შემთხვევაში არ იდგა თვენი ნიჭიერების საკითხი, უბრალოდ Dior-ში, სადაც წინა დირექტორი ძალიან გაფასებდათ, დირექცია შეიცვალა", — ვკითხულობთ წერილში.

ბრაზილიაში თამარ დე ლეტემ საკუთარი შემოქმედებით დიდ წარმატებას მიაღწია და სან-პაულუს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელიც გახდა. მიუხედავად ბრაზილიური წარმატებისა, თამარი მაინც საფრანგეთში დაბრუნებაზე ოცნებობდა

მე მივხვდი, რომ ვარ ევროპელი და არასდროს, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, მე არასდროს ვიქნები რაიმე სხვა,

წერდა თამარი თავის მეგობარს წერილში.

1963 წლის ნოემბრის თვეში სან-პაულუს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში თამარ დე ლეტეს ნამუშევრების რეტროსპექტივა გაიმართა. საფრანგეთში მისი საბოლოო დაბრუნების წინა დღეს კი თამარმა სან-პაულუს კულტურის სასახლის ბალეტის განყოფილების მმართველის თანამდებობაზე შეთავაზება მიიღო, თუმცა მხატვარმა ყველაფერს ევროპაში დაბრუნება ამჯობინა.

პარიზში დაბრუნება და წარმატებული წლები

პარიზში დაბრუნებული თამარი სრული დატვირთვით შეუდგა შემოქმედებითი იდეების განხორციელებას და არაერთ პროექტში მიიღო მონაწილეობა. 1960-1980-იან წლებში თამარის ნამუშევრების გამოფენები იმართებოდა პარიზში, XVI უბნის გალერეაში, პარიზის სალონ "სოფიტელ გრუპ 36-ში", საავიაციო-კოსმოსური ინდუსტრიის ეროვნული საზოგადოების დარბაზებსა თუ ლუქსემბურგში ფრანგული კულტურის ცენტრში. ის აფორმებდა კოსტიუმებს თეატრებისთვის, ლოკრონანის ფესტივალის ფარგლებში გამართული წარმოდგენებისთვის და პარიზის რეალმონის თეატრის სპექტაკლებისთვის.

ამ პერიოდში თამარი ფრანგული პრესის ვარსკვლავი და დიდი აღმოჩენა იყო. "თითოეული ჩემი ნახატი და პორტრეტი არის ძიება.... მათ შესაქმნელად მე დავდივარ სახლში, რათა ჩემს კლიენტებს დრო არ დავაკარგვინო. კვირაში ორჯერ ნახევარი საათით, ეს ყოველთვის შესაძლებელია. მე ვხატავ ბევრ ესკიზს, ანფასს, ¾-ს, პროფილს. მე ვსაუბრობ ჩემს მოდელთან, ბავშვთან თუ ზრდასრულთან, და ნელ-ნელა ვშთანთქავ მას. იმ მომენტიდან, როდესაც მას მთლიანად ჩემში ვატარებ, ვიწყებ ტილოზე ხატვას", — ამბობდა თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე 1963 წლის ინტერვიუში.

ფოტო: საქართველოს ბანკი

პარიზში მოღვაწეობის პერიოდიდან თამარს განსაკუთრებული აღიარება ლილის მუნიციპალური თეატრისათვის ბალეტ რომეო და ჯულიეტას დეკორაციისა და კოსტიუმების ესკიზებმა მოუტანა. იმავე წლებში თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე აქტიურად აგრძელებდა მხატვრობას, პროცესში კი ერთ ტილოზე ერთდროულად ზეთის, გუაშის, პასტელისა და ზოგჯერ კვერცხის გამოყენებითაც თავის ცნობილ ნამუშევრებს ქმნიდა. 1981 წელს პარიზის კულტურული კომისიის შენობამ თამარის ახალ ექსპოზიციას უმასპინძლა, 1985 წელს კი ქართველმა მხატვარმა გამოფენები მოაწყო პარიზის ისეთ ცნობილ გალერეებში, როგორებიცაა მონპარნასი, შემოდგომის სალონი და მწიგნობარი.


თამარ დე ლეტე თავის შემოქმედებაში ქართულ ელემენტებს ხშირად იყენებდა და მთელი ცხოვრება ცდილობდა, რომ საკუთარ ქვეყანასთან სიახლოვე შეენარჩუნებინა. არქივში შემონახულია 1983 წლის წერილი, რომ თამარი ხაზგასმით ამბობს რომ ის საქართველოდანაა, სწორედ ამიტომაც ითხოვს ბინადრობის დოკუმენტში ტერმინი "ლტოლვილი საქართველოდან" ჩაიწეროს. ასეთი იყო თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის ცხოვრების გზა, რომელიც საქართველოსგან შორს საქართველოსთან კავშირს არ კარგავდა.

ხელოვნების სასახლის ინიციატივითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ბანკი ქართველ საზოგადოებას თამარ დე ლეტე-ვაჩნაძეს მალე უკეთ გააცნობს. თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის უცნობი ისტორიის გაცოცხლება საქართველოს ბანკმა უკვე დაიწყო და დოკუმენტური ვიდეოც შექმნა. დოკუმენტური ვიდეო თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის ისტორიის მხოლოდ ნაწილია. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ინიციატივის ფარგლებში, მხატვრის კიდევ უფრო უკეთ გასაცნობად არაერთი აქტივობის განხორციელება იგეგმება.

სტატია მომზადებულია საქართველოს ბანკის მხარდაჭერით. სტატია ეყრდნობა თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის ბიოგრაფიას, რომელიც მოამზადა გიორგი კალანდიამ.