პერუში 1000 წელზე მეტი ხნის წინანდელი მუმია აღმოაჩინეს
ორშაბათს, პერუში, თანამედროვე ქალაქის გარეუბანში მკვლევრებმა აღმოაჩინეს 1 000 წელზე მეტი ხნის წინანდელი მუმია. მიწისქვეშა სამარხში აღმოჩენილი მუმია კერამიკისა და ბაწრების და კანისა და თმის ფრაგმენტებში იყო გახვეული. მკვლევრების აზრით, იგი მოზარდი უნდა ყოფილიყო. როგორც არქეოლოგებმა აღნიშნეს, ახალგაზრდა ქალის მუმია კარგად იყო შენახული.
მოზარდი, შესაძლოა, იყო ლიმას ან იჩმას კულტურის წარმომადგენელი და ცხოვრობდა 1100-დან 1200 წლების პერიოდში. არქეოლოგიური გათხრების ადგილზე ასევე აღმოაჩინეს რვა ბავშვისა და თორმეტი ზრდასრულის ნაშთები, რომლებიც, როგორც ჩანს, მსხვერპლად შესწირეს 800-დან 1200 წლამდე პერიოდში.
კაჯამარკილას უზარმაზარ კომპლექსსა და სხვა შენობებში, მათ შორის ლაბირინთის მსგავს კედლებში, გვხვდება ოთხი პირამიდის ნანგრევები. კომპლექსი პერუს სიდიდით მეორე აგურით ნაშენები ქალაქია. მკვლევრების ვარაუდით, კაჯამარკილას მკვიდრნი შეიძლება მოსულიყვნენ როგორც სანაპიროდან, ასევე ანდების მთიანეთიდან.
ზოგადად, პერუში მუმიფიკაციის ისტორია 7 000 წელზე მეტს ითვლის. მუმიებს ადგილობრივები ზოგჯერ სახლში ინახავდნენ, ზოგჯერ კი დღესასწაულებზე მიჰქონდათ.
American Museum of Natural History-ის (ამერიკული ბუნების ისტორიის მუზეუმის) მიხედვით, ეგვიპტელებამდე ათასობით წლით ადრე, ახლანდელი პერუსა და ჩილეს ჩინჩოროს ხალხმა პირველებმა გამოიყენეს მუმიფიკაცია. მომზადებულ მუმიებს ჩინჩოროები ღებავდნენ შავად ან წითლად და პარიკებს ახურავდნენ. პროცედურის ერთ-ერთი საბოლოო აქტი კი იყო ნიღბის დამზადება; მოქანდაკე დაღუპულის თავის ქალას თიხით ფარავდა, შემდეგ კი, ვიდრე თიხა გაშრებოდა, ალამაზებდა ცხვირს, თვალებსა და პირს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ნიღბების შესაქმნელად გამოყენებული დაუმუშავებელი თიხა საკმაოდ მყიფე იყო, ისინი იშვიათად ინახებოდა საუკუნეების მანძილზე.
კომენტარები