მეცნიერებმა მაიას ცივილიზაციის 819-დღიანი კალენდრის საიდუმლო ამოხსნეს
ტულეინის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა ახალი კვლევის ფარგლებში მაიას ცივილიზაციის 819-დღიანი კალენდრის საიდუმლო ამოხსნეს. კერძოდ, მას მზის სისტემის პლანეტების მოძრაობა შეუსაბამეს, რომელიც იმ დროინდელი ასტრონომებისთვის ხილული იყო.
ეს კალენდარი სპეციალისტებმა მაიას ცივილიზაციის გლიფურ ტექსტებში აღმოაჩინეს და მისი დანიშნულების შესწავლა დაიწყეს. საქმე ისაა, რომ ჩვენ 365-დღიან კალენდარს ვიყენებთ, რომელიც მზის გარშემო დედამიწის გადაადგილებას ეფუძნება. აქედან გამომდინარე, დროის აღრიცხვის ასეთი სისტემა თანამედროვე მსოფლიოსთვის უჩვეულო და გაუგებარია.
ზემოხსენებული ჩანაწერებიდან შევიტყვეთ, რომ ეს კალენდარი 4 ნაწილად იყოფა და ფერების მიხედვით გადანაწილებულ ერთგვარ სქემასაც შეიცავს, რაც მას მეტად იდუმალს ხდის. მკვლევრებმა გადაწყვიტეს, ის უფრო ფართო გადმოსახედიდან გაეანალიზებინათ და კალენდრისთვის ხანმოკლე პერიოდების განმავლობაში თვალის მიდევნების ნაცვლად, ის 20 პერიოდის განმავლობაში გამოიყენეს.
შედეგად, მათ აღმოაჩინეს სტრუქტურა, რომელიც პლანეტების სინოდურ პერიოდებს ემთხვევა. ესაა დროითი ინტერვალი, რომელიც ციურ სხეულს დედამიწის პერსპექტივიდან ერთსა და იმავე წერტილში მოსახვედრად სჭირდება. 819 დღის 20-ზე გამრავლებით 16 380-ს ვიღებთ, რაც დაახლოებით 45 წლის ეკვივალენტურია.
ცაზე პლანეტების მდებარეობაზე დაკვირვებით ცხადი გახდა, რომ 819-დღიანი პერიოდი შეესაბამება მერკურის სინოდურ პერიოდს, რომელიც 117 დღეს შეადგენს. ასევე, მარსის სინოდური პერიოდი, 780 დღე, ზუსტად ჯდება კალენდრის 20 ციკლში. ვენერას 7 სინოდური პერიოდი სჭირდება, რათა 819 დღის 5 გამეორებაში ჩაჯდეს, იუპიტერს 39 პერიოდი 19 ციკლისთვის, სატურნს კი 13 — 6-თვის.
ავტორები ასკვნიან, რომ მაიას ცივილიზაციამ ერთ-ორ პლანეტაზე კონცენტრირების ნაცვლად, შექმნა უდიდესი კალენდარული სისტემა, რომელიც ხილული პლანეტების სინოდურ პერიოდებს პროგნოზირებს. ეს, თავისთავად, უდიდეს შრომასთან არის დაკავშირებული.
ახალი კვლევა გამოცემაში Ancient Mesoamerica გამოქვეყნდა.
კომენტარები