რეკორდი — ეგზოპლანეტის ატმოსფეროში ასეთი მძიმე ელემენტი არასდროს აღმოუჩენიათ
ჩინეთის სახელმწიფო ასტრონომიულ ობსერვატორიებში მომუშავე სპეციალისტებმა შორეული ეგზოპლანეტის ატმოსფეროში, სხვა ციურ სხეულებთან შედარებით, ყველაზე მძიმე ელემენტი აღმოაჩინეს. ეს "რეკორდსმენი" ობიექტი MASCARA-4-ის სახელითაა ცნობილი და ულტრაცხელი იუპიტერის ტიპისაა. მას 3.1 იუპიტერის მასა აქვს, ტემპერატურა კი ათასობით გრადუს ცელსიუსს აღწევს.
MASCARA-4-ის აირად გარსში მეცნიერებმა ლითონ სამარიუმს მიაკვლიეს, რომელიც იშვიათ მიწათა ელემენტთა სიაშია, ანუ დედამიწის ქერქში დიდი ოდენობით არ გვხვდება. მისი ატომური ნომერი 62 გახლავთ, რაც ნიშნავს, რომ საკმაოდ მძიმეა. მეტიც, მასზე მძიმე მოლეკულა სხვა ეგზოპლანეტის ატმოსფეროში აქამდე არ დაუფიქსირებიათ. ეს რეკორდია.
ავტორები ამბობენ, რომ სამარიუმი ყველა ვარსკვლავსა და პლანეტაში დაბადებიდანვეა, მაგრამ სიმძიმის გამო, წესით, მაღალი წნევის მქონე ღრმა რეგიონებში უნდა "იმალებოდეს" და ადვილად არ ფიქსირდებოდეს. MASCARA-4-ზე ის პირიქით, მარტივად შენიშნეს, რაც უჩვეულოა. ასევე, იქ მიაგნეს რუბიდიუმსაც, ატომური ნომრით 37. მისი კვალი სხვა ციურ სხეულზე პირველად აღმოაჩინეს.
დანარჩენ ელემენტებს შორისაა მაგნიუმი, ქრომი, რკინა, ბარიუმი, ტიტანი და, სავარაუდოდ, სკანდიუმიც. აქამდე სხვა პლანეტებზე მხოლოდ ტიტანის ოქსიდი იყო დაფიქსირებული, MASCARA-4-ზე ტიტანის არსებობა მიუთითებს, რომ შესაძლოა, იქ მცირე ოდენობით ჟანგბადი იყოს, რომელიც სამარიუმთან ურთიერთქმედებს.
მეცნიერებმა ეგზოპლანეტის შესასწავლად ჩილეში მდებარე ძალიან დიდი ტელესკოპი გამოიყენეს, რომელიც ვარსკვლავთან ობიექტის ჩავლისას მის ატმოსფეროში არეკლილ სინათლეს დააკვირდა და სპექტრული მონაცემები მოიპოვა. შედეგად, ასტრონომებმა კონკრეტულ ელემენტებს მიაკვლიეს. აღსანიშნავია, რომ ეს მნათობი მზეზე დიდი და მცხუნვარეა, MASCARA-4 კი მასთან ძალიან ახლოსაა განლაგებული.
ავტორები იმედოვნებენ, რომ სამომავლო კვლევებით მათი აღმოჩენის ავთენტურობა დადასტურდება, რაც პლანეტების ფორმირებასა და ევოლუციაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგვაწვდის. მათი ნაშრომი ArXiv-ზეა ხელმისაწვდომი.
კომენტარები