ბავშვებს შეუძლიათ, ადამიანებს შორის კავშირი სტატისტიკური ინფორმაციით განსაზღვრონ — კვლევა
ეს ზრდასრულებსაც შეგიძლიათ.
ახალი კვლევის თანახმად, სხვა ადამიანთა სოციალური კავშირების თაობაზე დასკვნების გამოტანა სტატისტიკური მონაცემების მიხედვითაც შეგვიძლია — მეტიც, როგორც ჩანს, ამას ხუთი წლის ასაკის ბავშვებიც კი ახერხებენ.
"წინა კვლევების მიხედვით, ბავშვები და ზრდასრულები სოციალური კავშირის თაობაზე ასკვნიან, როდესაც ადამიანები ერთმანეთს ჰგვანან", — აცხადებს კლაუდია სელი, კვლევის მთავარი ავტორი და ვატერლოოს უნივერსიტეტის მკვლევარი — "თუმცა ჩვენი ნაშრომი პირველია, რომლითაც შემოწმდა, როგორ წინასწარმეტყველებენ ადამიანები სოციალურ ურთიერთობებს მხოლოდ სტატისტიკური ინფორმაციის გამოყენებით".
ერთი შეხედვით, ზედმეტად ანალიტიკური მიდგომაა, მეგობრობა სტატისტიკურ გარდაუვალობად მოვიაზროთ. მიუხედავად ამისა, ამას მუდმივად ვაკეთებთ — მეტიც, როგორც ჩანს, ადრეული ასაკიდანვე.
"ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა შეგეძლოს, თუ რამდენად სავარაუდოა სხვა ადამიანებს შორის კავშირი", — ხსნის ორი ფრიდმენი, კვლევის თანაავტორი და განვითარების ფსიქოლოგიის პროფესორი ვატერლოოს უნივერსიტეტში — "როდესაც ზრდასრული ადამიანი ახალ სამსახურს, ანდა ბავშვი ახალ კლასს, უერთდება, ეს თვალსაზრისები მას ეხმარება განსაზღვროს, არიან თუ არა ადამიანები მეგობრები".
მეცნიერებს სურდათ გაერკვიათ, თუ როგორ მოვიპოვებთ მეგობრულ კავშირებზე ინფორმაციას სტატისტიკური მაჩვენებლებიდან. ამისათვის მათ 528 ზრდასრული და 135 ბავშვი შეკრიბეს. ცდისპირებს სოციალური წრეების ამსახველი გრაფიკები აჩვენეს — ობობას მაგვარი დიაგრამები, რომელთა ცენტრში ორი "მთავარი მოქმედი გმირი" იყო, "ფეხები" კი მათ მეგობრებთან აკავშირებდა.
ცდისპირებს ორ მთავარ მოქმედ გმირს შორის პირდაპირი კავშირი არ შეუმჩნევიათ. მიუხედავად ამისა, მათ მაინც დაასკვნეს, რომ ისინი მეგობრები იყვნენ, რადგან მათ სოციალურ წრეებში ბევრი რამ იკვეთებოდა.
ამას გარდა, კვლევის მონაწილეებმა ქსელთა შედარებითი ზომების მიხედვით იმის განსაზღვრაც შეძლეს, თუ რამდენად ძლიერი იყო სოციალური კავშირები. პერსონაჟი, რომელსაც შედარებით მცირე წრის მქონე პირთან ბევრი კავშირი ჰქონდა, ამ ადამიანისთვის ახლობელ პიროვნებად მიიჩნიეს. მეორე მხრივ, დიდი სოციალური წრის ცენტრში მყოფ პირთან ორმხრივი კავშირების ქონა მათ ნაკლებად აზრიანი ურთიერთობის მიმანიშნებლად აღიქვეს.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მეცნიერებმა სტატისტიკური მონაცემებიდან ინფორმაციის ამოკრეფის უნარი ხუთი წლის ბავშვებშიც კი შენიშნეს. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ადამიანები სოციალური კავშირების დაფასებას განვითარების ადრეული ეტაპებიდანვე ვიწყებთ.
"გაგვაოცა იმის დანახვამ, რომ ბავშვებმა ასეთ პატარა ასაკში შეძლეს სოციალური კავშირების მიხვედრა", — აცხადებს სელი — "ბავშვებისთვის არ გვითქვამს, რომ ორმხრივი კავშირების რაოდენობაზე ეფიქრათ ან დაეთვალათ იგი, თუმცა შეძლეს და კომპლექსური სტატისტიკური ინფორმაცია გამოიყენეს, რათა ურთიერთობებზე თავისით მიეღოთ ინფორმაცია".
სამომავლოდ მეცნიერები გამოიკვლევენ, თუ რამდენად შეიძლება, მათი კვლევის დასკვნები საკლასო ოთახისა თუ სხვა სოციალური გარემოების მიღმა განვაზოგადოთ.
მათი ნაშრომის მიგნებებს გამოცემაში Journal of Experimental Psychology გაეცნობით.
კომენტარები