თუ კურიერის პროფესია თავდაპირველად მეორად სამუშაოსა და დამატებით ანაზღაურებასთან ასოცირდებოდა, დღეს ეს საქმე ბევრისთვის შემოსავლის ძირითად წყაროდ იქცა. დღის და ღამის სხვადასხვა მონაკვეთში კურიერად მუშაობენ განსხვავებული პროფესიის, სქესის და ასაკის ადამიანები, ზოგიერთი მათგანი, მცირეწლოვან შვილთან ერთად. უკვე კურიერები პროფესიულ დაავადებებსა და საქმეზე ფსიქოლოგიურ მიჯაჭვულობაზეც საუბრობენ.

იცვლება საზოგადოების დამოკიდებულებაც და იზრდება კურიერების რიცხვიც. აქ ანაზღაურება შედარებით მაღალია, სამუშაოს დაწყება მარტივი და დასაქმებულებს მოქნილი გრაფიკი აქვთ.

კურიერები ციფრულ პლატფორმებზე თანამშრომლებად აღიარების გარეშე მუშაობენ. მათი შრომა მართულია ალგორითმებით და მონეტიზებულია პლატფორმის მფლობელების მიერ. ხშირად, ყურადღების მიღმა რჩება რისკები, რაც მათი საქმიანობის მუდმივი თანამდევია. მათ შორის, საგზაო შემთხვევების მაღალი რისკი, შესაბამისი კომპენსაციის არ არსებობა და არასათანადო დაზღვევა.

Wolt-ის კურიერების პროტესტი საქართველოში თებერვლიდან დაიწყო და რამდენიმე თვე გაგრძელდა. იგეგმება პროტესტის ახალი ტალღებიც. მოთხოვნები მოიცავს — სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ანაზღაურების ზრდას, აპლიკაციაში არსებული ხარვეზის გამოსწორებასა და შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

ფოტო: ნატალია ავალიანი / On.ge

რა უფლებები აქვთ/შეიძლება ჰქონდეთ პლატფორმის მუშაკებს

პლატფორმული შრომა ციფრული პლატფორმების მეშვეობით ანაზღაურებადი სამუშაოს ახალი ფორმაა. ასეთი პლატფორმების მაგალითია Uber, Bolt, Glovo და ა.შ.

პლატფორმის ეკონომიკას ბევრი სარგებელი აქვს როგორც მუშაკებისთვის, ასევე ბიზნესისა და მომხმარებლებისთვის. ციფრული პლატფორმები ადამიანებს თვითდასაქმებისა და შემოსავლის მიღების შესაძლებლობას აძლევენ.

პლატფორმის მუშაკები, ძირითადად, კლასიფიცირდებიან, როგორც თვითდასაქმებული პირები. სამართლებრივ სისტემათა უმეტესობაში ეს ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ ან შეზღუდული აქვთ წვდომა შრომით უფლებებზე, მათ შორის, კოლექტიური მოლაპარაკებების და შვებულების უფლებაზე, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვასა და სოციალურ გარანტიებზე.

გარდა ამისა, კურიერების შემოსავალი ხშირად არაპროგნოზირებადია და განისაზღვრება ალგორითმებით, რაც მათ კონტროლის მიღმაა.

სალომე შუბლაძე სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტია, რომელიც Wolt-ის კურიერებს სამართლებრივ კონსულტაციას უწევს და სამართალწარმოებაში ეხმარება. მისი განმარტებით, ქართული კანონმდებლობისთვის ბუნდოვანია კურიერების სამართლებრივი სტატუსი, რადგან კანონმდებლობა პირდაპირ არ არეგულირებს, აპლიკაციაზე დაფუძნებული მუშაობის სქემა მიიჩნევა თუ არა დასაქმებად.

თუმცა შრომის კოდექსიდან ჩვენ ვიცით დასაქმებულის და მშრომელის განმარტება. ეს არის ადამიანი, რომელიც ორგანიზებულ პირობებში, დამსაქმებლის ზედამხედველობის ქვეშ ეწევა სამუშაოს. ჩვენ გვაქვს სასამართლო სისტემიდან განმარტებები, შრომის ინსპექციის, სახალხო დამცველის განმარტება, რომლებიც ამბობენ, რომ თუ ფაქტობრივი სიტუაცია მიესადაგება ამ საკანონმდებლო განმარტებას, მაშინ ეს ადამიანებიც ითვლებიან მშრომელებად.

კანონმდებლობის მიხედვით, არ აქვს მნიშვნელობა, რა ჰქვია ფორმალურად ხელშეკრულებას, ფაქტების პრიმატის პრინციპის მიხედვით, მთავარია ფაქტობრივი გარემოებები. აქ წარმოიშობა პრობლემა, ერთი მხრივ ეს ადამიანები არიან დასაქმებულები, მაგრამ პრაქტიკაში ისინი ვერ სარგებლობენ იმ უფლებებით და გარანტიებით, რითაც დასაქმებულები უნდა სარგებლობდნენ საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით.

სალომე შუბლაძე

სოციალური სამართლიანობის ცენტრის განმარტებით, კურიერების მშრომელებად კლასიფიცირება ნიშნავს იმ მუშაკთა უფლებების გაძლიერებას, რომლებიც ალგორითმულ მართვას ექვემდებარებიან. პლატფორმაზე დასაქმებულებს წვდომა ექნებათ გარანტირებულ დასვენების დროსა და ანაზღაურებად შვებულებებზე, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებაზე, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვაზე, ჯანდაცვის შეღავათებზე, საპენსიო უფლებებზე. ისინი მოიპოვებენ პროფკავშირში გაერთიანების უფლებას, კოლექტიური მოლაპარაკების უფლებას, ხელშეკრულების არსებით პირობებზე კომპანიასთან ისე შეთანხმდებიან, რომ დამსაქმებელმა მათი ცალმხრივად მოდიფიკაცია ვერ შეძლოს.

თუმცა, აქ სასწორზე დევს მოქნილი სამუშაო გრაფიკი და სამუშაო საათების ოდენობა, რასაც ამჟამად კურიერი თავად არეგულირებს.

თუმცა ამ ბენეფიტების საზღაური არის ის, რომ კურიერები 12-14 საათი მუშაობენ, რომ გამოუვიდეთ ნორმალური ანაზღაურება. ეს არაადამიანური პირობებში ხანგრძლივი შრომაა. ეს მოქნილება და თავისუფლება, ერთგვარი მახეა კურიერებისთვის, რომ ბევრი იმუშაონ და მხოლოდ ასე შეძლონ ანაზღაურების მიღება.

სალომე შუბლაძე

მისი შეფასებით, თუ სამუშაო დრო 8 საათი გახდება, რაც კვირაში ზეგანაკვეთური მუშაობით 48 სამუშაო საათის შესაძლებლობასაც იძლევა, კურიერებს მოლაპარაკების ძალა ექნება, რომ მათ ამ შემცირებულ სამუშაო დროზე შესაბამისი ანაზღაურება მოითხოვონ. ასევე, რადგან დასაქმებულს 20% ეჭრება, ხელფასიც შესაბამისიც უნდა იყოს და ეს დამსაქმებლის ვალდებულება გახდება.

სხვა ქვეყნებში რომ მოხდა ამ ადამიანების დასაქმებულებად კლასიფიკაცია, ამას აქვს თავისი ლოგიკა. შრომითი ურთიერთობაა სახეზე. პარტნიორობას აქვს თავისი ფასი. არსებობს ინიციატივები, მინიმალური ხელფასი, უმუშევრობის დაზღვევა, ამ ქვეყანაში სოციალური დაცვის სისტემა სულ ასე ვერ იქნება, ამიტომ რამე თუ გაუმჯობესდა, ეს ხალხი ამ სიკეთეების მიღმა არ უნდა დარჩნენ.

სალომე შუბლაძე

ფოტო: ნატალია ავალიანი / On.ge

კურიერი VS ალგორითმი

შუბლაძის შეფასებით, ალგორითმზე დამოკიდებულება მშრომელს კიდევ უფრო მოწყვლად მდგომარეობაში აყენებს, რადგან ამ შემთხვევაში საქმე მანქანასთან აქვთ. ალგორითმზეა დამოკიდებული ტარიფი და მათი რეიტინგი. აპლიკაციაზე წვდომის შეზღუდვა უტოლდება სამსახურიდან გათავისუფლებას.

კურიერები ამბობენ, რომ მათ არ უხსნიან, რატომ იბლოკებიან სამუშაოდან, რასაც სოციალური სამართლიანობის ცენტრი უფლებების დარღვევად მიიჩნევს.

ევროკავშირის დირექტივის მიხედვით, აპლიკაციასთან დაკავშირებულ შრომით უერთიერთობებში საბაზისო გარანტიებზე უნდა ვისაუბროთ. კურიერმა უნდა იცოდეს, რა ინფორმაციას ინახავს მასზე აპლიკაცია, რა ფარგლებში ხდება ამ ინფორმაციის დამუშავება, რა კრიტერიუმები განსაზღვრავს მათ რეიტინგს, რა შემთხვევაში იბლოკება, მას უნდა შეეძლოს სადავოდ გახადოს ეს საკითხი.

სალომე შუბლაძე

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, კომპანია ათავისუფლებს იმ ადამიანებს, ვინ აქტიურადაა პროტესტში ჩართული და ამას აპლიკაციას მიაწერს. მიაჩნიათ, რომ ბუნდოვანია სად გადის ზღვარი, თანამშრომელმა სხვაც დაარწმუნოს პროტესტში მონაწილეობის აუცილებლობაში და რა წერტილიდან აღიქმება ეს კანონდარღვევად. თვლიან, რომ კომპანიას ერთპიროვნულად არ უნდა შეეძლოს ამის გადაწყვეტა.

უფრო სიღმისეულად უნდა გავიგოთ კურიერების საჭიროებები, ფოკუს ჯგუფებით და სოციალოგიური მეთოდებით. ეს ადამიანები ნამდვილად დასაქმებულები არიან და უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ უნდა გავრცელდეს მათზე შრომის კოდექსი, ასევე ის სოციალური გარანტიები, რაც შეიძება არსებობდეს მომავალში, ასევე, ახლა არსებული საპენსიო სქემა. თუმცა ამ პროცესში უნდა გავითვალისწინოთ კურიეების ლეგიტიმური ინტერესები და მოთხოვნები და ის, თავად როგორ ხედავენ ამ პროცესს.

სალომე შუბლაძე

საკრალური 3 000

ნინო კვენეტაძე სტუდენტია, ხმის ინჟინერიის განხრით მუსიკის ფაკულტეტზე სწავლობს. თუმცა, საჭიროებებიდან გამომდინარე სწავლა შეაჩერა. მეორე წელია საკურიერო სფეროში მუშაობს და კურიერების საპროტესტო ტალღებშიც აქტიურად მონაწილეობდა.

ფოტო: Nino Kvetenadze Fisenko / Facebook

მიიჩნევს, რომ მათი სამუშაო პირობები უარესდება. ამბობს, რომ თავიდან კომპანია ოპერირებას ნორმალურად იწყებს, თუმცა შემდეგ ხან მომხმარებლებს ატყუებს, ხან თანამშრომლებს და ბოლოს ბაზრიდანაც კი გადის და მიტანის სერვისებში ასეთი შემთხვევები ხშირია.

ფასები ყველაფერზე გაზრდილია, განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ. სამუშაო პროგრამა მანძილს არასწორად გვიჩვენებს, ტარიფი არ არის გამჭვირვალე. ადრე ჩაშლილი იყო აპლიკაციაში, კონკრეტულ თანხას საიდან სად გამოვიმუშავებდით, მიმართულებას და მანძილს ვითვლიდით. ცვლილება კი იმიტომ დანერგეს, რომ რომ გაამართლონ ტარიფის კლება.

ნინო კვენეტაძე

Wolt-ს 500-700-მდე მდე აქტიური კურიერი ჰყავს, ვისთვისაც ეს მთავარი სამსახურია და ნინოს შეფასებით, მათი უმეტესობა შემდეგ საპროტესტო მოთხოვნებს იზიარებს:

  • ტარიფი ინფლაციის შესაბამისი გახდეს — 3.50 თითო შეკვეთაზე და 70 თეთრი კილომეტრზე. ასეთი კი ამჟამად მხოლოდ სპეციალური ტარიფია, რომელიც წვიმის დროს აქტიურდება.
  • ნინო ამბობს, რომ ვაკეში მდებარე Wolt-ის ოფისში ხშირად არ სჯერათ, რომ მაგალითად ვაზისუბანში წვიმს. ამიტომ სპეციალური ტარიფი იქამდე არ აქტიურდება, სანამ ვაკეშიც არ გაწვიმდება.
  • მიიჩნევს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დაზღვევა.
  • მოითხოვს, კურიერები მშრომელებად ჩაითვალონ, თუმცა, არ იზიარებს 10-დან 6 საათამდე მუშაობის შეზღუდვას.

საუბრობს გამოწვევებზეც, რაც კურიერების სამუშაოს მუდმივი თანამდევია.

მთელი დღე გზაზე ხარ, ამდენ გამონაბოლქვს სუნთქავ, ალბათ, კბილები ჩამოგეშლება 10 წელი რომ იმუშაო ამ საქმეზე. ეს მავნე გამონაბოლქვი ყველა უჯრედში აღწევს. ხშირია მუხლების და წელის ტკივილი, როცა მთელი დღე მოპედზე ხარ. რთულია მაღალ სართულებზე მძიმე ტვირთის ატანა. თუმცა მთავარი გამოწვევა, მაინც საგზაო უსაფრთხოებაა. ხალხს ხშირად ციმციმა დეკორაცია ჰგონია, ეზარება მისი ჩართვა. ეს მოძრაობას სასიცოცხლო საფრთხეს უქმნის.

ნინო კვენეტაძე

არსებობს მოსაზრება, რომ მიუხედავად რთული სამუშაოსა, კურიერებს საკმაოდ მომხიბვლელი ანაზღაურება აქვთ.

იმ ხალხს მინდა ვუპასუხო, ვინც ამბობს, რომ საკრალური ციფრი, 3 000 ლარი გავქვს, გამოდით, იშოვეთ ეგ 3 000 და მერე შეფასეთ.

ნინო კვენეტაძე

ნინო ფიქრობს, რომ კურიერების მიმდინარე საპროტესტო ტალღა შესაძლოა უფრო დიდი პროცესების ბიძგი გახდეს, რაც პლატფორმულ მუშაკებს დაეხმარება, ჰქონდეთ სოციალური გარანტიები.

ფოტო: ნატალია ავალიანი / On.ge

რას ამბობს Wolt

კომპანიის ცნობით, პროტესტის მიმდინარეობისას, საქართველოს მასშტაბით, ათასობით კურიერი ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა, ხოლო კურიერების ის ნაწილი, რომელიც პროტესტს გამოხატავდა, ორად იყო გაყოფილი.

საპროტესტო აქციების ზოგიერთი მონაწილე სცდებოდა მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებს. ჩვენ ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები გვაქვს. იყო შემთხვევები, როცა აქციის მონაწილეები აბულინგებდნენ, ავიწროვებდნენ და ხელს უშლიდნენ შეკვეთის განხორციელებაში იმ კურიერებს, რომლებიც პროტესტს არ უერთდებოდნენ და მუშაობას განაგრძობდნენ

Wolt

მენეჯმენტის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ხშირად ატარებენ კურიერების კმაყოფილების კვლევას, რომელიც ცხადყოფს, რომ მათ უმრავლესობას მოსწონს კომპანიასთან პარტნიორული თანამშრომლობა, რაც გულისხმობს იმას, რომ კურიერებს არ აქვთ შრომითი შეზღუდვები.

Wolt-მა სამუშაო რუკის ცვლილებაზე გადაწყვეტილება საპროტესტო აქციის მონაწილეებთან შეხვედრის და საკითხის დეტალური განხილვის შემდეგ მიიღო. კომპანიაში აცხადებენ, რომ არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად აქტიურად თანამშრომლობენ საჯარო რეესტრთან და Google Maps-თან.

მათივე თქმით, თებერვალში გადახდის ახალი მოდელი შეიმუშავეს, სადაც შეკვეთის ანაზღაურება ინდივიდუალურად განისაზღვრება და დამოკიდებულია შეკვეთის შესრულების სირთულეზე, საჭირო ძალისხმევაზე. მაგალითად, გათვალისწინებულია რამდენად რთულად მისადგომია სავაჭრო ობიექტი და სხვა მსგავსი ფაქტორები. Wolt-ში ამბობენ, რომ ძველ მოდელში ასეთი დეტალები არ ანგარიშდებოდა.

ახალი მოდელით, კონკრეტული შეკვეთის ღირებულება წინასწარ ვერ დადგინდება, რადგან ყველა შეკვეთის საფასური ინდივიდუალურად გამოითვლება. კურიერების უფლებადამცველები ამბობენ, რომ ამგვარად კომპანიას შეუძლია დააწესოს ტარიფი, რომლის კომპონენტებსაც კურიერი ვეღარ გადაამოწმებს.

პლატფორმა წინასწარ ატყობინებს კურიერს ყველაფერს შეკვეთის შესახებ — სირთულესაც და ფასსაც. მსგავსი ტიპის ანაზღაურების სისტემა ბევრად უფრო სამართლიანია, ვიდრე — აქამდე არსებული. ანაზღაურება ანგარიშდება სწორედ სირთულის მიხედვით. გარდა ამისა, კურიერს აქვს უფლება, უარი თქვას შეკვეთის განხორციელებაზე.

Wolt

ვინაიდან გზებზე მოპედებით გადაადგილება საფრთხის შემცველია, კურიერების ძირითადი საპროტესტო მოთხოვნა შესაბამისი სადაზღვევო პაკეტის არსებობაც იყო.

პლატფორმის პარტნიორის, ნინო კვენეტაძის განცხადებით, არსებული სადაზღვევო პაკეტი უმოქმედოა: "ამ საშიშ და რთულ საქმეში, ფაქტობრივად არ გვაქვს დაზღვევა. იმ სადაზღვევო კომპანიისგან, ვისთანაც ვოლტს აქვს კავშირი, თითქმის არაფერი ნაზღაურდება. ჩვენმა კოლეგამ ფეხი მოიტეხა და 3 ევრო ჩაურიცხეს".

Wolt აცხადებს, რომ სადაზღვევო კომპანიასთან სამუშაოდ ცალკე გუნდი გამოყო, რომლებიც კურიერებსა და სადაზღვევო კომპანიას სხვადასხვა ტექნიკური საკითხის გადაწყვეტაში დაეხმარება. ასევე, შეიცვალა დაზღვევის პროვაიდერი. კომპანიის შეფასებით, ამან რეაგირების ხარისხი გააუმჯობესა.

კურიერების ჯგუფი მრავალფეროვანია, არც მათი მოთხოვნებია ცალსახა. აშკარაა ის, რომ თვითდასაქმებული პირების უსაფრთხოება მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

ჩვენი პროტესტი სამაგალითოა. ქუჩაში რომ გამოვდივართ, ხალხი ტაშს გვიკრავს. ეს ყველას პრობლემაა, ბანკები, ქსელური მაღაზიები, რომლებსაც ყველაფერი გადანაწილებული აქვთ საკუთარ წრეებში და ხალხს როგორც უნდა, ისე ამუშავებენ. ეს ოდესმე უნდა მორჩეს, ჩვენ არ ვართ ის თაობა, ვინც ამით კმაყოფილი იქნება. შეგვიძლია ბევრად უკეთესად ვიცხოვროთ.

ნინო კვენეტაძე, Wolt-ის კურიერი