დედამიწის მსგავსი პლანეტიდან რადიოსიგნალები მოდის — მათი პოტენციური წყარო მაგნიტური ველია
მეცნიერებმა ჩვენგან დაახლოებით 12 სინათლის წლით დაშორებული ვარსკვლავის გარშემო მოძრავი, დედამიწის მსგავსად მყარი ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები შეისწავლეს. მათი კვლევის მიხედვით, შესაძლოა, ამ ტალღებს YZ Ceti b-ის სახელით ცნობილი ობიექტის მაგნიტური ველი წარმოქმნიდეს, რომელიც მზის სისტემის მიღმა არსებული ციური სხეულების მიმდებარედ არასდროს დაფიქსირებულა.
დედამიწის მაგნიტური ველი ადამიანებსა და აქ მობინადრე დანარჩენ ცოცხალ ორგანიზმებს მნათობის მავნე გამოსხივებისგან იცავს, პოლარული ციალის გაჩენას უწყობს ხელს და ა.შ.. ფაქტობრივად, ის სიცოცხლესთან თავსებადი პირობებისთვის უმნიშვნელოვანესია. ჩვენს სამეზობლოში ამგვარი მახასიათებელი სხვა ობიექტებზეც ფიქსირდება, მაგრამ აქვს თუ არა ის შორეულ კლდოვან პლანეტებს? უკანასკნელი შედეგების მიხედვით, ეს გამორიცხული არაა.
"კვლევა გვიჩვენებს, რომ ამ კონკრეტულ მყარ ეგზოპლანეტას, სავარაუდოდ, მაგნიტური ველი აქვს. ის, ასევე, მეტი ასეთი ნიმუშის პოვნის იმედისმომცემ მეთოდსაც გვთავაზობს. სხვა სისტემებში სიცოცხლესთან პოტენციურად თავსებადი ციური სხეულების მიგნება ,ნაწილობრივ, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეგვიძლია დავადგინოთ, აქვს თუ არა დედამიწის მსგავს, მყარ ეგზოპლანეტებს მაგნიტური ველი", — აცხადებენ ავტორები.
ამისთვის ასტრონომები სწორედ YZ Ceti b-ზე კონცენტრირდნენ, რომელიც სასიცოცხლო ზონაში არაა, რადგან ვარსკვლავთან იმდენად ახლოსაა, რომ მისი 1 წელი მხოლოდ 2 დღე გრძელდება. სამაგიეროდ, კლდოვანი ეგზოპლანეტების მაგნიტური ველის გამოსაკვლევად ის იდეალური კანდიდატია. მეცნიერთა თქმით, მისი მაგნიტური ველი მნათობიდან გამოტყორცნილ პლაზმას უკან უბიძგებს, დამუხტული ნაწილაკები კი შემდეგ თავად ვარსკვლავის მაგნიტურ ველთან ურთიერთქმედებს და ენერგიის გამოთავისუფლებას განაპირობებს.
ნიუ მექსიკოში განლაგებული რადიოობსერვატორიის მიერ დაფიქსირებული სიგნალები მათ პლანეტის მაგნიტური ველის გავლენით ვარსკვლავზე ფორმირებულ პოლარულ ციალთან დააკავშირეს, თუმცა ამაში 100%-ით დარწმუნებულები არ არიან. მათი თქმით, თუკი ციურ სხეულს ატმოსფერო აქვს, ასეთი ნათება იქაც უნდა იყოს.
ავტორები ამბობენ, რომ ამ მონაცემების დასადასტურებლად და აღნიშნულ საკითხზე მეტის გასაგებად სხვა კვლევების ჩატარებაა საჭირო. ამის მიუხედავად, ეს შედეგები მნიშვნელოვნად მიაჩნიათ. მათი ნაშრომი გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნდა.
კომენტარები