გასაჭირში მყოფი მცენარეები მართლაც "ყვირიან" — მკვლევრები ხმის ჩანაწერს გვთავაზობენ
წყლის ნაკლებობის ანდა მაკრატლით გაჭრისას მცენარეები ხმებს გამოსცემენ, მეცნიერებმა კი მათი ჩაწერა მოახერხეს. აღნიშნულ ხმებს ზედმეტად მაღალი სიხშირე აქვს, რომ გავიგონოთ, თუმცა, თუკი მათ ადამიანის ყურისათვის შესამჩნევ საზღვრებამდე დავიყვანთ, ტკაცატკუცის მაგვარ ჟღერადობას გავიგონებთ — თითქოს ბუშტუკებიან ცელოფანზე ვიღაც გაშმაგებული დახტისო. მკვლევართა ნაშრომს გამოცემა Cell-ში გაეცნობით.
ხმები, რომლებსაც გასაჭირში მყოფი მცენარეები გამოსცემენ, ულტრაბგერითია და სპეციალური ტექნოლოგიური აღჭურვილობის გარეშე ვერ მოვისმენთ. მიუხედავად ამისა, შესაძლოა, ისინი არაერთ ძუძუმწოვარს, მწერსა თუ თავად მცენარეს ესმოდეს და მათ საპასუხოდაც რეაგირებდეს.
მსგავსი ჩამწერი მოწყობილობები და ხელოვნური ინტელექტი (AI) სამომავლოდ დაგვეხმარება, რომ მოსავლის სიჯანსაღეს მივადევნოთ თვალი და დეჰიდრატაცია თუ სხვადასხვა დაავადება მალევე დავაფიქსიროთ.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ჯანმრთელ და "გასაჭირში მყოფ" პომიდვრებთან (Solanum lycopersicum), ასევე თამბაქოსთან (Nicotiana tabacum) ახლოს მიკროფონები მოათავსეს. მცენარეები ხმაგაუმტარ ყუთში იყო მოთავსებული, სათბურში. დაზიანებულ მცენარეებს ან ღეროები ჰქონდა გაჭრილი, ან წყალი აკლდა.
ცდის ფარგლებში შენიშნეს, რომ ჯანმრთელი მცენარეები საათში საშუალოდ თითო ტკაცანს გამოსცემდა, გასაჭირში მყოფები კი — დაახლოებით 11-იდან 35-ამდე, მცენარის სახეობისა და სტრესორის მიხედვით. ყველაზე ხმაურიანები გვალვით შეწუხებული პომიდვრები გახლდათ — ზოგიერთი მცენარე საათში 40-ზე მეტ ტკაცანს გამოსცემდა.
საგულისხმოა, რომ გუნდი მხოლოდ მიწიან, უმცენარო, ქოთნებსაც დააკვირდა, მათგან კი არანაირი ხმა არ მოდიოდა.
მკვლევრებმა ჩანაწერები მანქანური დასწავლის ალგორითმს მიაწოდეს — AI სისტემას, რომელიც მონაცემებში კანონზომიერებების გამოსავლენად გამოიყენება. გაწვრთნილმა ალგორითმმა 70%-იანი წარმატებით გაარჩია სხვადასხვა მცენარის მიერ სხვადასხვა სტრესორის საპასუხოდ წარმოქმნილი ხმები.
მკვლევრებმა შემდეგ სხვა AI სისტემა გაწვრთნეს, რათა სათბურში გვალვის ზემოქმედების ქვეშ მყოფი და ჯანმრთელი პომიდვრები ერთმანეთისგან 80%-იანზე მეტი სიზუსტით გაერჩია. ამას გარდა, სხვა მოდელმა დაახლოებით 80%-იანი სიზუსტით განსაზღვრა, დეჰიდრატაციის რომელ ეტაპზე იყო მცენარე.
დამატებითი ცდების ფარგლებში მეცნიერებმა თამბაქოს მოზაიკური ვირუსით დაავადებული პომიდვრებისა და სხვა დაზიანებული მცენარეების "ყვირილიც" ჩაიწერეს, მათ შორის: ხორბლის (Triticum aestivum), სიმინდისა (Zea mays) და მამილარიების (Mammillaria spinosissima).
მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერების მოპოვებისას მიკროფონები მცენარეებისგან დაახლოებით 10 სანტიმეტრით იყო დაშორებული, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ამ ხმების გაგონებას კარგი სმენის მქონე ძუძუმწოვრები და მწერებიც შეძლებენ 3-5 მეტრის მანძილიდან.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ, წარსულში ჩატარებული კვლევის თანახმად, გვალვისას მცენარეები კავიტაციის პროცესს გადიან. ამ დროს მცენარის გამტარ ქსოვილში აირის ბუშტუკები ჩნდება და სკდება. შედეგად ტკაცანის ხმა წარმოიქმნება, რომლის გაგონებაც მცენარეზე სპეციალური ჩამწერი მოწყობილობების მიმაგრებითაა შესაძლებელი. ახალი ნაშრომის ავტორების თქმით, აქამდე უცნობი იყო, რომ ამ ხმების გაგონება გარკვეული მანძილიდანაც არის შესაძლებელი.
"ამ მიგნებებს შეუძლია ჩვენი პერსპექტივა შეცვალოს მცენარეთა სამეფოს მიმართ, რომელიც ამ დრომდე თითქმის უხმოდ იყო მიჩნეული", — ასკვნიან ნაშრომის ავტორები.
კომენტარები