მდედრი ობობები, რომლებიც შეწყვილებისას თავს იმკვდარუნებენ — რასთან გვაქვს საქმე
მდედრი ძაბრისებრქსელიანი ობობები შეწყვილებისას უჩვეულო ქცევას ავლენენ — ისინი თავს იმკვდარუნებენ, რისი მიზეზიც, ახალი კვლევის თანახმად, ისაა, რომ მამრებს შეჯვარების შემდეგ შეჭმის არ შეეშინდეთ. ეს მათ საუკეთესო პარტნიორის არჩევის საშუალებასაც აძლევს.
ცნობილია, რომ ძაბრისებრქსელიანი ობობების ზოგიერთი სახეობა სექსუალურ კანიბალიზმს მიმართავს, ანუ მდედრები შეწყვილების შემდეგ მამრებს ჭამენ. იქიდან გამომდინარე, რომ მსხვერპლისთვის მოვლენების ამგვარად განვითარება სასურველი ნამდვილად არაა, მდედრებში სექსუალური კატალეფსიის სახელით ცნობილი ქცევა ჩამოყალიბდა, რაც თავის მომკვდარუნებას გულისხმობს. ეს პოტენციურ მეწყვილეებს მათ ვახშმად ქცევის შიშს უქრობს.
ზემოხსენებული ფენომენის შესახებ აქამდეც ვიცოდით, მაგრამ გაურკვეველი იყო, ჰქონდათ თუ არა რაიმე გავლენა მამრების ქიმიურ სტიმულს აღნიშნულ ქცევაზე და რამდენად ეფუძნებოდა მდედრების პასიურ მდგომარეობაში გადასვლა "ნებაყოფლობით", უპირატეს შედეგზე ორიენტირებულ ნაბიჯს. ამის გასაგებად მეცნიერებმა Aterigena aculeata-ს სახეობის ობობებზე ექსპერიმენტები ჩაატარეს.
სპეციალისტები მდედრ ობობებს 3 სხვადასხვა მდგომარეობაში დააკვირდნენ: ბუნებრივი სექსუალური კატალეფსიისას, საცდელ მილში შენჯღრევის გამო თავის მომკვდარუნებისას, ანუ თანატოზისის დროს და ანესთეზიით დაძინებისას. ექსპერიმენტების შემდეგ ისინი მომაკვდინებელ ტემპერატურამდე გაყინეს, რათა მათ ორგანიზმში კონკრეტული ქცევების განმსაზღვრელი ნივთიერებები გაეანალიზებინათ და ფიზიკურ-ქიმიური საერთო მახასიათებლები გამოევლინათ.
დადგინდა, რომ თუ სექსუალური კატალეფსია თანატოზისს ემსგავსებოდა, მას, სავარაუდოდ, მდედრი აკონტროლებდა. მეორე მხრივ, თუკი ის ანესთეზიას ჰგავდა, ესე იგი მამრის გავლენას უკავშირდებოდა. სექსუალური კატალეფსია და თანატოზისი თითქმის იდენტური აღმოჩნდა, რაც ქიმიურ დონეზე დადასტურდა.
უკანასკნელი მიგნება მიანიშნებს, რომ ობობებში სექსუალური კატალეფსია მდედრების მიერ კონტროლდება და ისინი სწორედ ამ მდგომარეობაში წყვილდებიან. უნდა ითქვას, რომ მამრებმა ამის შესახებ იციან, შეჯვარების დასრულებისას კი პარტნიორის მსხვერპლად იქცევიან. ჯერჯერობით გაურკვეველია, გვხვდება თუ არა იგივე ბიოლოგიური მექანიზმი სხვა მსგავს სახეობებში.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Current Zoology გამოქვეყნდა.
კომენტარები