ადრეული ინკლუზიური განათლების გამოწვევები საქართველოში
კანონმდებლობით, ყველა ბავშვს გარანტირებული აქვს ადრეული განათლების მიღების უფლება, მაგრამ ზოგიერთი ამ უფლებით ვერ სარგებლობს. გამოწვევად რჩება მიწოდებული განათლებისა და მომსახურების ხარისხიც.
გამოწვევები სისტემურია, რასაც ისიც მოწმობს, რომ დღემდე არ არსებობს სტატისტიკური მონაცემები: არ იძებნება ინფორმაცია, რამდენი ბავშვი ვერ დადის ბაღში, რამდენი სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვი ირიცხება საჯარო საბავშვო ბაღებში, რა ტიპისაა მათი საჭიროებები და რა მომსახურებებს იღებენ ან ვერ იღებენ ისინი.
ადრეული ინკლუზიური განათლების მნიშვნელობა
ადრეული განათლება ინკლუზიურია, როდესაც ყველა ბავშვი, მიუხედავად მისი სოციალური, ფიზიკური თუ მენტალური შესაძლებლობებისა, ჩართულია ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროცესში თანატოლებთან ერთად.
0-6 წლამდე პერიოდში ბავშვის ტვინი ყველაზე სწრაფად ვითარდება, იძენს ახალ ინფორმაციას, სწავლობს მეტყველებას და კომუნიკაციას, ვითარდება სოციალურ-ემოციურად და იაზრებს საკუთარ, თუ სხვის ემოციებს. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 3-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში ყოველ მეექვსეს (17%-ს) აღენიშნება რაიმე ტიპის განვითარების შეფერხება.
ყველა ადამიანი განსხვავებულია, ყველას აქვს მისთვის დამახასიათებელი სწავლების სტილი, თვისებები და საჭიროებები. ინკლუზიური განათლება კი ყველა ბავშვს სოციალიზაციის საშუალებას აძლევს.
2016 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ, 2019 წელს ბავშვის უფლებათა კოდექსი, ხოლო 2020 წელს კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ — სამივე აღიარებს ინკლუზიური განათლების მნიშვნელობას განათლების ყველა საფეხურზე.
თუმცა, სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ხარისხიანი ინკლუზიური განათლება სწავლების ყველა საფეხურზე და დასაქმების საკითხი გამოწვევად რჩება. 2021 წლის ანგარიშში კი ნათქვამია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არ ფლობს სრულყოფილ ინფორმაციას სკოლამდელ აღზრდაში ჩართული შშმ ბავშვების შესახებ. ხელმისაწვდომია ინფორმაცია მხოლოდ სკოლამდელ განათლებაში ჩართული სასკოლო ასაკის (6 წელზე უფროსი) შშმ ბავშვების შესახებ (167 ბავშვი).
"ნეგატიურად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ საანგარიშო პერიოდში მუნიციპალიტეტებში არ ჩატარებულა შშმ აღსაზრდელთა საჭიროებების სიღრმისეული კვლევა. ვერ ხდება სკოლამდელი აღზრდის მიღმა დარჩენილი ბავშვების იდენტიფიცირება. აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული საკონსულტაციო საბჭო არ ფუნქციონირებს 6 მუნიციპალიტეტში", — წერია ანგარიშში.
სისტემური გამოწვევები
ასოციაცია ანიკა, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და მათთან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს "ადრეული ინკლუზიური განათლების მხარდაჭერა საქართველოში". პროექტის ფარგლებში ჩატარებულ კვლევაში შეისწავლეს საქართველოში არსებული ადრეული ინკლუზიური განათლების რესურსები, გამოკვეთეს გამოწვევები და გასცეს რეკომენდაციები.
მთავარი გამოწვევად კვლევაში სისტემური პრობლემები დასახელდა. ავტორები საუბრობენ, რომ არ სრულდება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონის, ასევე ბავშვთა კოდექსისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონის მოთხოვნები, რომელიც ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესების წინაპირობაა.
მათივე ინფორმაციით, სახელმწიფოში ჯერ კიდევ არ არსებობს ადრეული და სკოლამდელი განათლების განვითარების შესახებ ჩამოყალიბებული სისტემური ხედვისა და პოლიტიკის თანმიმდევრული დანერგვის დოკუმენტი. გარდა ამისა, არ სრულდება მთავრობის მიერ დამტკიცებული სავალდებულო ეროვნული სტანდარტები.
"არ არსებობს ანგარიშვალდებულების მექანიზმი, რომელიც მუნიციპალიტეტებში ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესების სტიმულირებას გამოიწვევს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეჩერებული აქვს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების კანონით მინიჭებული მონიტორინგის განხორციელების უფლებამოსილება (კანონის მე-8 მუხლის ე პუნქტის შესაბამისად)", — ვკითხულობთ კვლევაში.
კვლევის მიხედვით, 56 მუნიციპალიტეტის მონაცემები აჩვენებს, რომ მუნიციპალიტეტების 62,5%, თითოეული ბავშვის საგანმანათლებლო რესურსებზე ყოველწლიურად 10 ლარზე ნაკლებს ხარჯავს (ზოგიერთი მათგანი ხარჯავს მხოლოდ 0,73 და 1,11 ლარს).
- 57 მუნიციპალიტეტიდან მოპოვებული მონაცემების თანახმად, აღმზრდელთა 44% არაკვალიფიციურია;
- დირექტორთა 50%-ს არ აქვს ბავშვთა ადრეულ აღზრდასა და განათლებასთან დაკავშირებული განათლება;
- 13 მუნიციპალიტეტს არ ჰყავს ბავშვთა ადრეულ აღზრდასა და განათლებაში ბაკალავრის ხარისხის მქონე არცერთი აღმზრდელი;
- ბევრი მუნიციპალიტეტისთვის პრობლემაა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალიზებული დამხმარე პერსონალის (სპეც. პედაგოგები, ფსიქოლოგები და სხვ.) ნაკლებობაც.
რეკომენდაციები
კვლევას თან ერთვის რეკომენდაციები. მათ შორის პარლამენტის, მუნიციპალიტეტების, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებისთვის.
ავტორები პარლამენტს მოუწოდებენ, ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ, განათლებისა და ჯანდაცვის კომიტეტებთან კოორდინაციით შეიმუშაოს დაბადებიდან ექვს წლამდე ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის ზედამხედველობის მექანიზმი.
რეკომენდაციებს შორისაა — პარლამენტმა უზრუნველყოს ისეთი კანონების ზედამხედველობა, როგორიცაა:
- ბავშვთა კოდექსის 35-ე მუხლი — სახელმწიფო უზრუნველყოფს ხარისხიანი ადრეული, სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ყველა ბავშვისთვის თანაბარ ხელმისაწვდომობას განათლების ინკლუზიური სისტემის დანერგვით და ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან ჰარმონიზაციით.
- 2017 წლის 9 თებერვალს მიღებული დადგენილება ბავშთა ადრეული განვითარებისკენ მიმართული ადრეული ჩარევის სახელმწიფო კონცეფციის შესახებ.
კვლევის ავტორები მიმართავენ პარლამენტს, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:
- ადრეული და სკოლამდელი განათლების კანონის მე-8 მუხლი ჰარმონიზაციაში უნდა მოვიდეს ბავშვის უფლებათა კოდექსთან და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონთან და მას დაემატოს დებულებები, რომლის საფუძველზეც განათლების სამინისტრო: ა) შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს ადრეული ინკლუზიური განათლების პოლიტიკასა და სახელმძღვანელო წესს; ბ) შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს ადრეული განათლების პრაქტიკოსების გადამზადების და პროფესიონალური განვითარების სისტემას.
- კანონის 21-ე მუხლის მეორე პუნქტს დაემატოს ცვლილება, რომელიც სისტემას ალტერნატიული სერვისების ლეგალურად დაფუძნების საშუალებას მისცემს.
- კანონის 23-ე მუხლის მე-2, პუნქტს, რომელიც შემდეგ შინაარსისაა: "დაწესებულება ვალდებულია, გააგრძელოს ინკლუზიური განათლების პროგრამაში ჩართული ბავშვისთვის განათლების მიწოდება, თუ, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ არ არის მიზანშეწონილი მისი სკოლაში შესვლა, მიუხედავად შესაბამისი ასაკისა" — დაემატოს განმარტება, რომ ამ გამონაკლისით სარგებლობა მხოლოდ 1 წლიან პერიოდს მოიცავს.
რეკომენდაციები გაიცა განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების მიმართ. მათ შორისაა, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ბაზაში აღირიცხოს და გაანალიზდეს ადრეულ ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებული მონაცემები და საჭიროებები.
რაც შეეხება მუნიციპალიტეტებს, მთავარ რეკომენდაციებს შორისაა ადრეული განათლების მომსახურებების ბიუჯეტის შედგენისას, გაითვალისწინონ და საკრებულოებმა დაამტკიცონ ინკლუზიური განათლებისათვის საჭირო დამატებითი დაფინანსება და ამ ფინანსების განკარგვის მოქნილი წესი.
ასევე დააკმაყოფილონ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონის —17 მუხლის 1გ. პუნქტის მოთხოვნა და უზრუნველყონ ადრეული განათლების გაერთიანებების ხელმძღვანელთა და დაწესებულების მენეჯერთა გადამზადება, საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.
კვლევა მოწმობს, რომ ადრეული ინკლუზიური განათლების სისტემა საჭიროებს არსებული ხარვეზების გამოსწორებას. მიღებული კანონების მიუხედავად, არ ხდება მათი სისტემური შესრულება და ჯერ ისევ გამოწვევად რჩება ადრეული ინკლუზიური განათლების გამართული მოდელი.
კომენტარები