ლანა ღოღობერიძე

7 Mar. 2023, 18:31

თითქოს უკვე ყველაფერი ითქვა... და მაინც მინდა დავამატო კიდევ რაღაც, ძალიან პირადი. და მახსენდება...1937 წელი. საყოველთაო შიშის ატმოსფერო. 8 წლის ვარ. მოვდივარ ქუჩაში. მხვდება ჩვენი სახლის ხშირი სტუმარი, რომელიც ძალინ მიყვარს. გახარებული ვეძახი, ის კი — დამინახავს და გარბის. მე ვერ ვხვდები, რა ხდება და მივდევ...

1989 წლის 9 აპრილის ღამე.

ხალხით გადავსებული რუსთაველი. განსაცდელის მოლოდინი. მღერიან უსინათლოები. წამოვიდა წვიმა. საიდანღაც გაჩნდა ცელოფნის გადასაფარებლები.. ადამიანებმა სანთლები აანთეს. სანთლების მოციმციმე შუქით განათებული ცელოფნები რაღაც არაამქვეყნიურის განწყობას ქმნიდა. ისმოდა უსინათლოთა სიმღერა. მხატვრის სახლის ფანჯრიდან დავინახეთ, როგორ შემოვიდა თავისუფლების მოედანზე ტანკების კოლონა. მერე იყო ქაოსი. ტანკები ხალხში შემოიჭრენ. ატყდა ალიაქოთი. ჩვენთან ახლოს ვიღაც დაეცა. მე და ნუცა გავრბოდით, და ფეხდაფახ მოგვდევდა ნაჯახშემართული, ჩაფხუტიანი ჯარისკაცი.როგორღაც ქაშვეთის ეზოში ჩავხტით...იმ მართლაც საზარელი ღამიდან ეს ხატი გამომყვა სამუდამოდ — ნაჯახშემართული ჯარისკაცი, რომელიც მოგდევს — საბჭოთა იმპერიის სიმბოლო. მაგრამ დამრჩა ამის საპირისპირო, ძალიან ამაღლებული ხატიც: ერის არნახული ერთიანობის განცდა. მაშინ მართლაც ყველა ერთად ვიყავით — ეროვნული მოძრაობა, ხალხი, ინტელიგენცია, ემიგრანტები, ქართული მილიცია... და ხელისუფლების ერთი ნაწილი.

და კიდევ ერთი მოგონება: ერთი წვიმიანი, ქარიანი დღე. სტრასბურგი. 1999 წლის 27 აპრილი. ჩვენ, საქართველოს წარმომადგენლები — საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო დელეგაცია, ევროპელთა დიდ ოჯახთან ერთად, ვდგავართ ევროსაბჭოს შენობის ფასადის წინ და სუნთქვაშეკრულნი ვადევნევნებთ თვალს, როგორ მიიწევს ცისკენ საქართველოს დროშა. მთელი ჩვენი სისხლიანი ისტორიის მანძილზე ყოველთვის ვიყავით მარტო, პატარა, ეული და უნათესაო ერი, გარშემორტყმული დიდი იმპერიებით, რომლებიც გვიპყრობდნენ, გვაჩანაგებდნენ... მაგრამ ჩვენ გადავრჩით და მოვედით დღევანდელ დღემდე იმიტომ, რომ არ ვყრიდით ფარ-ხმალს, ვიბრძოდით და ზურგს გვიმაგრებდა თავისუფლებისკენ შეურყეველი სწრაფვა, ეროვნული ღირსების განცდა და ათასწლოვანი მდიდარი კულტურა. დროშა გაჩერდა, დაიმკიდრა თავისი ადგილი საფრანგეთის და გერმანიის დროშებს შორის. და ჩვენ გვწამდა: ეს იყო ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც უდიდესი დღე, ისტორიულად დეტერმინირებული მარტოობის დაძლევის დღე. თანასწორობის საფუძველზე მსოფლიოს ყველაზე უფრო განვითარებული, ცივილიზებული, კულტურული ოჯახის წევრად გახდომის დღე. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს აქტი ევროპის კარის მხოლოდ შეღებას ნიშნავდა, მაგრამ მომავალში წინ ევრო კავშირის კონტურები გველანდებოდა! და ევროპაში საბოლოო გაერთიანების პროცესი შეუქცევადად გვესახებოდა...

და რა ხდება დღეს? როცა ისმენ ყველა ჩვენი სტრატეგიული მეგობრის — ევროკავშირის, გაეროს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეების, სხვადასხვა ევროპული ქვეყნების ელჩების ერთსულოვან განცხადებებს იმის შესახებ, რომ კანონი შეაფერხებს, თუ ბოლოს მოუღებს ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს, ისევ გეუფლება თითქოს სამუდამოდ დაძლეული განცდა: ნუთუ შენი ქვეყანა ისევ უნდა იყოს მარტო სამყაროსა და ისტორიის წინაშე? ნუთუ მარტოობა ჩვენი ბედისწერაა?! როცა ხედავ ყოველგვარი წინსვლის ძირგამომთხრელ დაპირისპირებას ქვეყნის შიგნით — პარლამენტში თუ ქუჩაში, ხვდები, რომ იმ საბედისწერო დროს მიღწეულ ერთიანობაზე ოცნებაც კი მიუღწეველი ხდება, რომ საბოლოოდ ვყალიბდებით ერთმანეთის მიმართ სიძულვილით სავსე საზოგადოებად. და დღეს მე ვსვამ კითხვას: გვინდა იმ წარსულში დაბრუნება? გვინდა ისევ მარტონი და დაუცველები აღმოვჩნდეთ მოძალადე, დრომოჭმული იმპერიული ამბიციებით შეპყრობილი რუსეთის წინაშე? თუ იქნებ ვცადოთ ასეთი წარმოუდგენელი რამ: დავდგეთ ყველა ერთად — ხალხი, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები, ხელისუფლება (!), პიროვნებები და ევროპისკენ სვლა მართლაც შეუქცევადი გავხადოთ? 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. აშშ-ში 22 წლის ქართველ ბიჭს ეძებენ, რომელიც ახალი წლის ღამეს ხალხში მანქანით შევარდა
  2. რუსული მედია: აშშ-ს მიერ დაკავებული რუსული ტანკერის ეკიპაჟის 6 წევრი, მათ შორის კაპიტანი ქართველია
  3. კრემლისტური პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის ლიდერი მამუკა ფიფია ილია II-ს შეხვდა
  4. "არ ესმით [შვილებს] რატომ უნდა დაიჭირონ მამა, რომელსაც ქვეყნისთვის კარგის მეტი არაფერი უკეთებია" — მარიამ თამაზაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებაზე
  5. ირაკლი ღარიბაშვილი დააკავეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პაატა სალია: "[ღარიბაშვილის დაკავება] სამწუხარო ფაქტია, თუმცა, ხაზგასასმელია და მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოში კანონი უზენაესია

პაატა სალია: "ირაკლი ღარიბაშვილმა გამოძიებასთან ითანამშრომლა, შესაბამისად, ეს იყო ერთ-ერთი წინაპირობა იმისთვის,…