მშრომელები

6 Mar. 2023, 10:33

მოგმართავთ სხვადასხვა კერძო თუ საჯარო სექტორში დასაქმებისას ჩაგვრის, შრომითი უფლებების დარღვევის, სამუშაოდან გათავისუფლების, დისკრიმინაციის, უხელფასოდ, ან ღირსების შემლახავი ხელფასით მუშაობისა და დასაქმების ადგილებზე სხვადასხვა მძიმე გამოცდილების მქონე ადამიანები.

მივიჩნევთ, რომ პარლამენტში, განხილვის პროცესში მყოფი ორი არადემოკრატიული კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში, დასაქმებულები დავკარგავთ მყარ, სანდო და მუდმივ მხარდაჭერას ამ ქვეყანაში როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის მხრიდან, შრომის უფლებების სისტემატური დარღვევის პროცესში.

რომ არა საქართველოს მეგობარი ქვეყნებიდან მიღებული ფინანსური დახმარება და ამ დახმარების მეშვეობით, სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ფონდების მხრიდან გაწეული, უფასო სამართლებრივი მხარდაჭერა, ჩვენ ვერ მოვახერხებდით შრომის უფლების დარღვევის ფაქტების გასაჩივრებას სასამართლოსა თუ შრომის ინსპექციაში.

გარდა იმისა, რომ იურიდიული დახმარება ძვირი მომსახურებაა, რომელზეც სამუშაოდან გათავისუფლებულ ადამიანს განსაკუთრებით არ მიუწვდება ხელი, საჯარო ან გავლენიანი კერძო ორგანიზაციებიდან გათავისუფლებული, შრომის უფლებადარღვეული ადამიანისთვის, არანაკლებ მნიშვნელოვანია სამართლებრივი დახმარების გამწევი ორგანიზაციების მდგრადი არსებობა, მათი გამბედაობა და რესურსების სიმყარე, რადგან ამ დროს, დასაქმებულს სახელმწიფო, პარტიული აპარატი და კერძო სექტორის დიდი კაპიტალი უპირისპირდება;

რომ არა მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერა ჩვენ ამ უზარმაზარი ძალის პირისპირ, მარტო აღმოვჩნდებოდით. ბევრი ჩვენგანის ბრძოლა კულტურის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს და სხვა საჯარო უწყებების, კერძო კორპორაციების მიერ დარღვეული შრომის უფლების აღსადგენად, დასრულებული არ არის და სხვადასხვა ინსტანციებში, სწორედ უცხოური ფონდების დახმარებით დღემდე გრძელდება.

არანაკლებ მნიშვნელოვანია სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ფონდების მხარდაჭერა გაერთიანების თავისუფლების რეალიზაციის პროცესში, როცა პროფესიული კავშირების ორგანიზების გზით დასაქმებულები ვცდილობთ, ამ გამორჩეულად დემოკრატიული ფორმით ვებრძოლოთ უსამართლო პრაქტიკებს სამუშაო ადგილებზე, ხელი შევუწყოთ შრომითი გარემოს დემოკრატიზაციას და მშრომელთა ხმა გავიტანოთ იქ, სადაც დიდი კაპიტალისა თუ სახელმწიფო აპარატის ძალის ფონზე, მშრომელის ხმა არ ისმის.

პროფკავშირული საქმიანობის და მშრომელის ხელში უფლებადაცვითი მნიშვნელოვანი იარაღის – გაფიცვის გამოყენებისას, ასევე შრომითი პროტესტების პროცესში, სწორედ სამოქალაქო ორგანიზაციების მხარდაჭერა ხდება მნიშვნელოვანი, როგორც უშუალოდ შეკრებისა და მანიფესტაციების, ისე მდგრადი პროფკავშირული საქმიანობის განვითარების მიმართულებით.

აღსანიშნავია მხარდაჭერა და საზოგადოებრივი აზრის მობილიზება, რაც ასევე უცხოური ფონდების მხარდაჭერილმა ონლაინ და მცირე, დამოუკიდებელმა მედიებმა გამოხატეს ჩვენ მიმართ. პროპაგანდისტული მედიები, როგორც წესი უგულებელყოფენ შრომის უფლებების დარღვევის მსხვერპლთა ბრძოლებს, ამდენად ალტერნატიული მედიების მხარდაჭერის გარეშე, ჩვენი პრობლემა დარჩებოდა საზოგადოების ყურადღების მიღმა, ვერ შეკრებდა ჩვენი მხარდამჭერი ადამიანების ჯგუფებს, რომლებიც გაფიცვების, პროტესტების დროს გვედგნენ გვერდში.

გამოვხატავთ პროტესტსა და შეშფოთებას ამ კანონპროექტების შინაარსის გამო, რადგან ისინი გვართმევენ ჩვენი პარტნიორების მიერ შექმნილ შრომის უფლების საბაზისო დაცვის მექანიზმებს. ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების გაფრთხილებით, ეს კანონი გვაკარგვინებს ევროპულ პერსპექტივას, რომელიც გრძელ ვადაში, მშრომელის კეთილდღეობისა და სოციალური დაცულობის მძლავრი მექანიზმი უნდა გახდეს.

ასე ეხმარებიან მშრომელები რუსულ კანონს. დღეს იურიდიული კომიტეტი რუსულ კანონს განიხილავს, რომელსაც უკვე დაუჭირეს მხარი საგარეო და თავდაცვის კომიტეტებმა. პარალელურად, პარლამენტთან საპროტესტო აქცია იმართება, საკანონმდებლო ორგანოში კი შესვლის შეზღუდული რეჟიმი მოქმედებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ორბანი აცხადებს, რომ ნეთანიაჰუს უნგრეთში მიიწვევს და გარანტიას იძლევა, რომ ჰააგის გადაწყვეტილებას არ შეასრულებს
  2. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  3. გიორგი გახარია: "ოცნებას" მალე წამოვაძახებ რაღაცებს, პირველ რიგში ბოდიშს გავახსენებ
  4. სომეხი ოლიგარქის ძებნილი შვილი ბელორუსსა და რუსეთში საქმიანი ვიზიტით იმყოფება
  5. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ