გიფიქრიათ იმაზე, რა გავლენას ახდენს ჩვენზე კინო თუ ტელეეკრანზე ნანახი? მით უმეტეს, დღეს, როცა სერიალების ინდუსტრია ახალ სიმაღლეებს იპყრობს და მისი საშუალებით სათქმელის უამრავ ადამიანამდე მიტანაა შესაძლებელი.

სწორედ ამის გააზრებით დაიწყო თანამშრომლობა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისსა და პირველი არხის წარმატებულ სერიალს, სიყვარულს მიღმა, შორის.

სერიალის შემოქმედებითი ჯგუფისთვის სოციალური საკითხები რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამაზე წინათაც გვისაუბრია. თუმცა, ამჯერად, UNFPA-ისთან თანამშრომლობით, ისეთ მწვავე პრობლემაზე გამახვილდა ყურადღება, როგორიცაა გენდერული ნიშნით უპირატესობის მინიჭება.

"მრავალწლიანმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ, ერთი შეხედვით, არასტანდარტული საკომუნიკაციო გზების მოძებნა სამიზნე აუდიტორიამდე ჩვენი სათქმელის მისატანად, ხშირ შემთხვევაში, ძალიან ამართლებს", — აღნიშნავს UNFPA-ის საქართველოს ოფისის გენდერის პროგრამის ოფიცერი, მარიკა ქურდაძე.

არასტანდარტული საკომუნიკაციო გზა ნამდვილად ამართლებს — ამას UNFPA-ის მხარდაჭერით ცოტა ხნის წინ გამოცემული კომიქსიც ადასტურებს. აი, ახლა კი სათქმელის აუდიტორიამდე მისატანად ყველაზე ხელსაყრელ საშუალებად სერიალი ჩაითვალა, რადგან, მარიკას თქმით, "სერიალების გარშემო ხშირად ერთიანდებიან სხვადასხვა ინტერესისა და გამოცდილების მქონე ადამიანები — ისინი, ვისაც ბევრი უფიქრია სტერეოტიპებსა და სოციალურ ნორმებზე და ისინიც, ვინც არასოდეს შესულა დისკუსიაში მსგავს საკითხებზე".

რასაკვირველია, სერიალის შემოქმედებითი გუნდი პირველ კატეგორიას მიეკუთვნება და ამ ფაქტორმა თანამშრომლობაც გაადვილა. ასე შეიქმნა სიუჟეტური ხაზი, რომელიც მეორე სეზონის ბოლომდე გაგრძელდა და რომლის საშუალებითაც ჩვენს საზოგადოებაში ფეხმოკიდებული ბევრი მანკიერი შეხედულება წარმოჩინდა.

"მთავარია, ჯანმრთელი იყოს" — ამ ფრაზას ხშირად მოისმენთ, როცა ბავშვის დაბადებამდე ვინმე მისი სქესით ინტერესდება. სამწუხაროდ, ხშირად ეს მხოლოდ სიტყვებია ხოლმე, რადგან გენდერული ნიშნით უპირატესობის მინიჭება ჩვენს საზოგადოებაში დღემდე რჩება პრობლემად.

სერიალი და რეალობა

ოჯახი. ჩვეულებრივი ოჯახი. შუა ხნის ასაკის წყვილს ორი შვილი ჰყავს — ბიჭი და გოგო. ბიჭს უკვე ცალკე ოჯახიც ჰყავს და ახლა კიდევ ერთ შვილს ელოდება. გოგოების მამას იმედი აქვს, ამჯერად ბიჭი შეეძინება. ამის იმედი აქვთ მის მშობლებსაც, რომლებიც, ცალსახაა, თავადვე ასხვავებენ შვილებს — მემკვიდრეობა ბიჭს უნდა დარჩეს, გოგოს კი სწავლის გაგრძელება და ამისთვის ბებიის ნაჩუქარი ბეჭდის გაყიდვაც ეკრძალება.

აბზაცში შეხვდებით სპოილერს სერიალიდან სიყვარულს მიღმა

როგორც მიხვდით, ამ ოჯახში იდილიური არაფერია. მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ერთ დღეს მათ ეგრეთ წოდებული მკითხავი სტუმრობს და ასკვნის, აუცილებლად ბიჭი გეყოლებათო. აქედან იწყება მოლოდინი, რომელიც ოჯახის წევრების სექსისტურ დამოკიდებულებებს კიდევ უფრო ნათლად აჩენს. თუმცა, მოლოდინს დიდი იმედგაცრუება მოსდევს, რადგან იბადება გოგო. ამ იმედგაცრუების გადაფარვა კი, როგორც ჩანს, მხოლოდ ახალშობილის ჯანმრთელობის პრობლემას შეუძლია...

"მართალი არაა, როცა ამბობენ, რომ ეს პრობლემა წარსულში დარჩა", — აღნიშნავს სერიალის ერთ-ერთი სცენარისტი, ქეთი ელიეშვილი, — "ჩვენს გარემოცვას თუ გავცდებით და ოდნავ შორს გავიხედავთ, დავინახავთ ასეთ შეხედულებებს: რომ გოგოს არაფერი სჭირდება, შეუძლია, არ ისწავლოს, რადგან დაქორწინდება და სხვა. ეს გარემოება იყო ამოსავალი წერტილი ჩემთვის, როგორც ერთ-ერთი სცენარისტისთვის — და შემიძლია იგივე ვთქვა სხვა სცენარისტებზეც — რათა მაყურებლისთვის გვეჩვენებინა, რამდენად მნიშვნელოვანია, მშობიარობა კარგად დასრულდეს და რამდენად უმნიშვნელოა, ახალშობილი გოგო იქნება თუ ბიჭი".

ქეთი მართალია — ერთი შეხედვით, დრომოჭმული პრობლემა სულაც არ დარჩენილა წარსულში. 2019 წლის ბარომეტრის კვლევა აჩვენებს, რომ ერთი შვილის ყოლის შემთხვევაში, ოჯახების მხოლოდ 11 პროცენტი ისურვებდა გოგოს, ხოლო 31 — ბიჭს.

"გენდერული ნიშნით სქესის შერჩევა დისკრიმინაციის ფორმაა. მისი მთავარი მამოძრავებელი სწორედ ის გენდერული ნორმაა, რომელიც ბიჭებს გოგოებთან მიმართებაში უპირატეს მდგომარეობაში აყენებს", — ხსნის მარიკა ქურდაძე, — "ვაჟისათვის უპირატესობის მინიჭება ჯერ კიდევ დაბადებამდე ვლინდება და გოგოებს და ქალებს დასაწყისშივე აყენებს უთანასწორო პირობებში, რაც მათი ცხოვრების არაერთ ასპექტზე აისახება, იქნება ეს მემკვიდრეობის მიღება, თანაბარი უფლებებით სარგებლობა თუ სხვა".

მსგავსი ღირებულებების მქონე ადამიანებთან ურთიერთობა წარმოუდგენლად მიაჩნია მსახიობ ქრისტინე ჩხიკვაძეს, რომელმაც სერიალის ამ სიუჟეტურ ხაზში ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი განასახიერა — მომავალი ბავშვის დედა, მაია, რომელსაც გამბედაობა არ ჰყოფნის, ქმრის ოჯახის სექსისტურ დამოკიდებულებებს დაუპირისპირდეს.

"გადაღებებისას უამრავი აზრი, უფრო კი ემპათია მიჩნდებოდა მაიას მსგავს მდგომარეობაში მყოფი ქალების მიმართ", — გვიყვება ქრისტინე, — "მიჩნდებოდა პროტესტისა და თან უსუსურობის შეგრძნებაც. მინდოდა, ამ პერსონაჟით მეჩვენებინა მაყურებლისთვის, რომ მსგავს სიტუაციაში, უმჯობესია, ორსული ქალების ჯანმრთელობასა და ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე ვიზრუნოთ, ვიდრე აბსურდული აზრები მოვახვიოთ თავს".

სოციალური პრობლემების სერიალში ასახვის მნიშვნელობა

"ბოლო პერიოდში ხშირად მესმის, სერიალს ვერ ნახავ, მაგალითად, ჰომოფობიაზე რომ არ იყოს აქცენტიო", — ამბობს ქეთი, რომელსაც სხვა პოპულარულ სერიალებზეც უმუშავია (გოგონა გარეუბნიდან, იდეალური დედა და სხვა), — "ეს ლოგიკურია, რადგან ჩვენ გარდამავალ პერიოდში ვიმყოფებით, როცა საჭიროა, ყველა ტრიბუნიდან მოვუწოდოთ ადამიანებს, რომ, დიახ, ჰომოფობია და ქალზე ძალადობა მიუღებელია. მეც და ის ადამიანებიც, რომლებთან ერთად ვმუშაობ, ყოველთვის ვეცდებით, ეს გავაჟღეროთ".

ყველა ტრიბუნის გამოყენების მნიშვნელობას UNFPA-შიც იაზრებენ. სწორედ ამიტომ, ორგანიზაციის საქართველოს ოფისის 25-წლიანი ისტორიის განმავლობაში, გაეროს მოსახლეობის ფონდი აქტიურად თანამშრომლობდა, როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორთან. მარიკას თქმით, "პროგრესი, რომელსაც კვლევები აჩვენებს, სწორედ ამ მრავალსექტორული მიდგომის შედეგია.

"თუმცა ვიცით, წინ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი და მოხარული ვართ, რომ ამ გზაზე საიმედო პარტნიორები და თანასწორობის იდეის მხარდამჭერები გვყავს გვერდით", — ამატებს იგი.

საიმედო პარტნიორად სერიალის სიყვარულს მიღმა შემოქმედებითი ჯგუფი და პირველი არხიც მოიაზრება. მით უმეტეს, რომ ბოლო წლების განმავლობაში სასიკეთო ცვლილებები მათთვისაც თვალსაჩინოა — ქეთი, რომელიც ასევე ჟურნალისტია, ამბობს, ჩვენი საზოგადოება ბოლო 10-15 წლის განმავლობაში "გაიზარდა" და ის, რაც წინათ ნორმად მიიჩნეოდა, დღეს სამართლიანად აღარაა ასეო.

"ჩემი აზრით, კინო და ტელეინდუსტრია საუკეთესო საშუალებაა სოციალურად სენსიტიური თემების განსახილველად. სწორედ სერიალის მეშვეობითაა შესაძლებელი, თითოეულმა ჩვენგანმა დავინახოთ საერთო პრობლემები და მის მართებულ ფორმირებაზე ვიფიქროთ", — ამბობს ქრისტინე ჩხიკვაძეც, — "აუცილებელია, შეიქმნას იმიტირებული მაგალითი საზოგადოებაში არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზებზე. მათი მეშვეობით დღესდღეობით მრავალი საკითხი გვარდება და საზოგადოების მორალური თუ ეთიკური მხარე ვითარდება".

მაყურებლის გამოხმაურება

თუ როგორ ვითარდება ქრისტინეს მიერ ნახსენები მორალური და ეთიკური მხარე, ამის ნათელი მაგალითია მაყურებლის გამოხმაურება სერიალის ზემოხსენებულ სიუჟეტურ ხაზზე. გამოგონილი ოჯახის დამოკიდებულებებმა ინტერნეტმომხმარებლებში აღშფოთებაც გამოიწვია და, გარკვეულწილად, ბრაზიც — ამაზე სერიალის ფეისბუქგვერდზე დაწერილი ასობით კომენტარი მეტყველებს.

ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ თანამშრომლობა წარმატებით შედგა და მისი მიზანიც მიღწეულია — საკითხზე აქტიურად დაიწყო საუბარი, როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ სივრცეში. ქრისტინე ამბობს, ორივე სივრცეში "მაყურებლის აზრები დაემთხვა, მეტიც, როდესაც ახალ სერიას უყურებდნენ, მთხოვდნენ წინასწარ მეთქვა, თუ რა მოხდებოდა, რადგან მაიას ბედი და სამომავლო ვითარება, სიტუაციის არამართებულობიდან გამომდინარე, ყველას აინტერესებდაო".

მაყურებლის უკუკავშირის გაანალიზება კი საინტერესო იყო არა მხოლოდ სერიალზე მომუშავე გუნდისთვის, UNFPA-ისთვისაც.

"აშკარაა, რომ გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის საზიანო პრაქტიკა, გარკვეულწილად, კვლავაც უხილავად რჩება ჩვენს საზოგადოებაში", — აღნიშნავს მარიკა ქურდაძე — "თუმცა, ამავდროულად, უკეთესობისკენ იცვლება დამოკიდებულება ქალთა გაძლიერების, მათი შესაძლებლობების რეალიზების მიმართ.

"ვფიქრობთ, რომ თემის ირგვლივ დისკუსიის წამოწყება შევძელით, რაც სოციალური ნორმების ცვლილებებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. თანამშრომლობა წარმატებული აღმოჩნდა და იმედი გვაქვს, რომ მსგავსი ინიციატივების განხორციელებას მომავალშიც შევძლებთ".


მასალა მომზადდა პროგრამის "გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკების დასაძლევად სამხრეთ კავკასიაში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნით რესპონდენტებს და, შესაძლოა, ისინი არ გამოხატავდნენ გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და ევროკავშირის შეხედულებებს.