მეცნიერები მუშაობენ ხელოვნურ კანზე, რომელიც ნებისმიერ ფორმას ერგება
კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში მოღვაწე მეცნიერები ლაბორატორიაში ზრდიან ხელოვნურ კანს, რომელიც ქსოვილის ტრანსპლანტაციას განვითარების ახალ საფეხურზე აიყვანს.
კვლევის ადრეულ ეტაპზე სპეციალისტებმა კანი თაგვების კიდურებზე გადანერგეს, რომლებსაც უსწორმასწორო ფორმა ჰქონდა. შედეგები მიანიშნებს, რომ ხელოვნური ქსოვილი სხვადასხვა მოყვანილობას ერგება. ის ისეთ ჭრილობებზე შეიძლება გადავიტანოთ, რომლებიც ტრადიციული ტრანსპლანტაციისთვის ზედმეტად დიდია.
მსგავსი პროცედურები უკვე რამდენიმე ათწლეულია, ტარდება და ამ დროის განმავლობაში აღნიშნულმა მიმართულებამ პროგრესი, რა თქმა უნდა, განიცადა. ამის მიუხედავად, ჯერ კიდევ ჭირს კანის გადანერგვა სხეულის ისეთ ნაწილებზე, სადაც უსწორმასწორობებია, იქნება ეს სახე, თითები თუ სხვა, ანუ ნებისმიერი არაბრტყელი ადგილი. ასეთ შემთხვევებში უფრო რთული და ხანგრძლივი ოპერაციების ჩატარებაა საჭირო.
ბიოინჟინრების მიერ შექმნილი ახალი ქსოვილი ზემოხსენებული დაბრკოლების გადალახვაში დაგვეხმარება, რადგან ის, როგორც მეცნიერები ამბობენ, "უნაკეროა". ეს ნიშნავს, რომ სხეულის ამა თუ იმ ადგილს მარტივად ერგება და მასში ინტეგრირდება, რისი მაგალითიც თაგვებზე ჩატარებული ცდებია.
ავტორთა თქმით, მსგავსი წარმატების საიდუმლო, არც მეტი, არც ნაკლები, გეომეტრიული სიზუსტეა. იმისათვის, რომ ხელოვნური კანი ნამდვილს ჰგავდეს, ჭრილობის გეომეტრიული მახასიათებლები იდეალურად უნდა გაიმეოროს. სამგანზომილებიანი პრინტერით განხორციელებული რამდენიმე ექსპერიმენტის შემდეგ, ავტორებმა ცილინდრული მოყვანილობის ქსოვილი გაზარდეს და მიხვდნენ, რომ ნებისმიერ ფორმას შექმნიდნენ.
ამჟამად ისინი კაცის ხელისთვის კანის დამზადებას გეგმავენ, რომელსაც ხელთათმანივით ამოაცვამენ. მათი ნაშრომი გამოცემაში Science Advances გამოქვეყნდა.
კომენტარები