რაბინის რელიგიური ოჯახიდან ბათუმში ქვიარ ბარის გახსნამდე — შლომოს ამბავი
სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა Queer.ge-ზე. On.ge მასალას ავრცელებს პარტნიორობის ფარგლებში.
მე შლომო მქვია. 35 წლის ვარ და ამჟამად ბათუმში ვცხოვრობ. თავს იმ ადამიანად ვხედავ, რომელმაც ბევრი გამოიარა ცხოვრებაში; რომელმაც თავი შეისწავლა და შეიყვარა ისეთად, როგორიც არის; რომელიც მიზნებს ისახავს და ნელ-ნელა ახერხებს, რომ ამ მიზნებს მიაღწიოს; რომელიც იბრძვის, რომ იცხოვროს ისე, როგორც უნდა.
მომთმენი, გამცემი, სხვების მოყვარული ადამიანი ვარ. პერფექციონისტიც — სურვილი მაქვს, რომ ყველაფერი იდეალურად იყოს. მართალია, ხანდახან ჩემი თვისებები მევე მაზიანებენ, მაგრამ წლების გასვლასთან ერთად, ვსწავლობ საკუთარი თავი მივიღო ისეთად, როგორიც ვარ.
ბავშვობა და თვითგამორკვევა
ისრაელში, ქალაქ კირიათ-მალახიში, რელიგიურ ოჯახში გავიზარდე. მამაჩემი მთავარი რაბინია და რელიგიური სკოლა აქვს. 7 წლის რომ ვიყავი, ჩემი მშობლები დაშორდნენ და მე დედასთან დავრჩი. არ აღვზრდილვარ სახლში, რომელშიც ფული და ფუფუნება იყო. დედაჩემს 5-6 სამსახურში უნდა ემუშავა, სახლში ფული რომ შემოეტანა. დედაჩემი, ჩემი და და მე ვცხოვრობდით ერთად და დედამ მარტო აღგვზარდა. ლომივით იყო, რომელიც ჩვენთვის იბრძოდა, რათა ყველაფერი გვქონოდა. ქალაქში, რომელშიც გავიზარდე, ხალხის უმრავლესობა რელიგიურია და შესაბამისად, გარემოც ძალიან ჰომოფობიურია.
ბავშვობის ბევრი მოგონება მაქვს. ზოგი კარგი, ზოგიც — არც ისე კარგი. ისრაელში, ათასობით ადამიანის წინაშე სცენაზე გამოსვლა და სიმღერა საუკეთესო მოგონებაა იმ ბავშვის გამო, რომელსაც სიმღერა ძალიან უყვარს. ისრაელში ყოველ ზამთარს დიდი შოუ გვაქვს, რომელშიც მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოჩენილი მომღერლები მღერიან. შემარჩიეს, რომ მათთან ერთად მემღერა. ეს მოგონება ღრმად მაქვს ჩაბეჭდილი გონებაში და დღემდე თან დამყვება.
რა თქმა უნდა, ცუდი მოგონებებიც მაქვს. მაგალითად, ბავშვებზე ძალადობა სახლში. ასევე, ხშირად მავიწროებდნენ იმის გამო, რომ განსხვავებული ვიყავი. ყველაზე ნათლად ის მოგონება მახსოვს, როცა სკოლაში ჩემი კლასისკენ კიბეებზე ავდიოდი და ერთ-ერთმა ბავშვმა ჩანთა გამომგლიჯა და კიბეებზე დამაგორა. ამან სერიოზული დაზიანება გამოიწვია.
გეი რომ ვიყავი, ამის გააზრება 11 წლის ასაკში დავიწყე. ეს ის ასაკია, როცა ბიჭები გოგოების ყურებას იწყებენ და მე შევნიშნე, რომ ბიჭებით ვიყავი დაინტერესებული. არ ვიცოდი, რა მჭირდა. თავიდან მძულდა საკუთარი თავი ამის გამო. სარკეში ვერ ვუყურებდი საკუთარ თავს. არ მინდოდა განსხვავებულობა, მინდოდა, ყველასნაირი ვყოფილიყავი. რა თქმა უნდა, ვიცოდი, ჩემი ოჯახი და მეგობრები შეიტყობდნენ თუ არა, რომ გეი ვიყავი, აღარ მიმიღებდნენ და ჩემთან ურთიერთობა აღარ ენდომებოდათ. ამიტომ ვებრძოდი საკუთარ თავს, რომ განსხვავებული არ ვყოფილიყავი.
ბევრი წლის განმავლობაში ტყუილში ვიცხოვრე და ვცადე, რომ ქალებთან ვყოფილიყავი. დანიშნულიც კი ვიყავი ქალზე. ისრაელში, როცა 18 წელს მიაღწევ, ჯარში მიდიხარ. იქაც ყველას ვაფიქრებინებდი, რომ "სთრეითი" ვიყავი, თუმცა შინაგანად ვყვიროდი და ვტიროდი, მინდოდა, ყველასთვის მეთქვა, რომ გეი ვიყავი!
პირველი პროცესი, რომელიც ჩემში დაიწყო, რელიგიურობიდან სეკულარულობამდე მისვლა იყო. ღმერთის ისევ მწამს, მაგრამ ჩაცმულობის მხრივ, რელიგიურ ადამიანს არ ვგავარ. ამ ნაბიჯმა მამაჩემის ოჯახის მხარეს დიდი ხმაური გამოიწვია. მათ არ მიიღეს ის, რომ რელიგიური აღარ ვიყავი.
21 წლის ასაკში, როცა სამხედრო სამსახური დავასრულე, თელ-ავივში გადავედი საცხოვრებლად და შევხვდი ბიჭს, რომელიც ჩემი პირველი შეყვარებული იყო.
შემთხვევითი ქამინგაუთი და ცხოვრება ქუჩაში
იმ ეტაპზე ჩემმა ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რომ გეი ვიყავი. ურთიერთობაში შევედი ბიჭთან და საცხოვრებლად ერთად გადავედით. ჩემმა შეყვარებულმა იცოდა, რომ ოჯახმა და მეგობრებმა ჩემი ორიენტაციის შესახებ არ იცოდნენ და დამპირდა, რომ ამას საიდუმლოდ შეინახავდა, სანამ თავად არ გადავწყვეტდი, რომ მათთვის სიმართლე მეთქვა.
ერთ დღესაც, სამსახურში, როცა საქმე დავასრულე, ტელეფონი ავიღე ხელში ეკრანზე გამოტოვებული ზარების საოცარი რაოდენობა დამხვდა! არასდროს დამავიწყდება ეს რიცხვი — 72 გამოტოვებული ზარი და ყველა დედაჩემისგან. დარწმუნებული ვიყავი, რომ ბებიაჩემს დაემართა რაღაც. მაშინვე დავურეკე დედას და როცა მიპასუხა, ყვირილი, ნივთების მსხვრევა და ჩემი დის ტირილი გავიგონე. ვერ ვხვდებოდი, რა მოხდა. დედაჩემს ვკითხე, რა მოხდა-მეთქი და მან კითხვითვე მიპასუხა: შენ მითხარი, ვინ არის ის ბიჭი, რომელსაც facebook-ზე კოცნიო.
შოკში ვიყავი. დარწმუნებული ვიყავი, რომ დედაჩემს სხვაში შევეშალე, იმიტომ, რომ ჩემმა შეყვარებულმა იცოდა, რომ "კარადაში" ვიყავი [ტერმინი "კარადაში ყოფნა" აღწერს სიტუაციას, როცა ადამიანი საკუთარ სექსუალურ ორიენტაციას ან გენდერულ იდენტობას არავის ან ადამიანთა მცირე ჯგუფს უზიარებს] და წარმოუდგენელი იყო, facebook-ზე ჩვენი ფოტო დაეპოსტა. სასწრაფოდ შევედი მენეჯერთან და ვთხოვე, facebook-ზე შესულიყო. გვერდის გახსნისას მაშინვე დავინახე ფოტო, რომელზეც მე და ჩემი შეყვარებული ერთმანეთს ვკოცნით. მისი მეგობრების კომენტარებიც იქვეა: "რა ლამაზი წყვილი ხართ," "წარმატებები" და ა.შ. იმ მომენტში ვიგრძენი, რომ ჩემი სამყარო განადგურდა. ალბათ, საჭირო არაა ვთქვა, რომ ჩვენი ურთიერთობა დასრულდა. მას ვეღარ ვენდობოდი. სახლიდან წამოვედი.
მე, დედაჩემს და ჩემს და ერთმანეთთან ძალიან მჭიდრო კავშირი გვქონდა და ეს პირველი შემთხვევა იყო ჩემს ცხოვრებაში, როცა დედაჩემს აღარ ველაპარაკებოდი. ეს ძალიან მწვავედ განვიცადე. წონაშიც კი დავიკელი და 45 კილოგრამზე ჩამოვედი. სამსახურს თავი დავანებე და ამის გამო ვალებში ჩავვარდი. ქირის გადახდა აღარ შემეძლო და აღმოჩნდა, რომ 23 წლის ასაკში თელ-ავივის ქუჩებში მეძინა, ვალებითა და გაუარესებული ჯანმრთელობით.
იყო მომენტები, როცა ვფიქრობდი, უკეთესი იქნებოდა, მოვმკვდარიყავი — აღარაფერი მქონდა დასაკარგი. მარტო ვიყავი, არავინ მელაპარაკებოდა და ყველამ თავიდან მომიშორა.
გარკვეული დროის შემდეგ, გადავწყვიტე, რომ დეიდისთვის დამერეკა, რომელიც თელ-ავივთან ახლოს ცხოვრობდა. როცა ტელეფონს უპასუხა, ტირილი დავიწყე და ვუთხარი, რომ ცუდ მდგომარეობაში ვიყავი. თავისთან მიმიპატიჟა და მეც წავედი. როცა მნახა, ტირილი დაიწყო, რადგან მან ჩემი სახით დაინახა კაცი, რომელსაც სიცოცხლის სურვილი არ ჰქონდა და რომელიც 45 კილოგრამს იწონიდა. დეიდაჩემმა გადაწყვიტა, რომ მასთან შევეფარებინე და დამხმარებოდა გამოკეთებაში. ასეც მოხდა.
რამდენიმე თვის შემდეგ, დეიდაჩემის კარზე კაკუნის ხმა გავიგონე. კარი გავაღე და დედაჩემი დავინახე. შოკი მქონდა, იმიტომ, რომ დიდი დრო იყო გასული მას შემდეგ, რაც ბოლოს ველაპარაკე. სახლში შემოვიდა და ჩამოჯდა. ორივენი სრულიად ჩუმად ვისხედით. სხვა დღესაც მოვიდა, მერე კიდევ, შემდეგ კი დამირეკა და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობდა, დამახლოებოდა. ნელ-ნელა მე და დედაჩემმა ურთიერთობა აღვადგინეთ, თუმცა მამაჩემი დღემდე არ იღებს იმ ფაქტს, რომ გეი ვარ.
ჩემთვის რაც მნიშვნელოვანია, ეს დედაჩემია. დედაჩემმა გრძელი გზა გამოიარა, რომ მიეღო, გეი ვარ. ყველასთან ვიბრძოდი, რათა დამემტკიცებინა, რომ ისევ იგივე სოლომონი, (სოლომონ ბრძენი — ძვ. ებრ. שְׁלֹמֹה, შოლომო), იგივე ადამიანი ვარ და ფაქტი, რომ კაცები მომწონს, სხვა ადამიანად არ მაქცევს.
თავიდან თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, ჩემი ოჯახი რომ მზღუდავდა იმის გამო, რომ გეი ვიყავი. წლების გასვლასთან ერთად გავაანალიზე, რომ მე არაფერი დამიშავებია, უბრალოდ, ვცხოვრობდი ისე, როგორც მინდოდა. ბევრი მეგობარი მყავდა, რომლებმაც აირჩიეს, რომ ჩემთან კავშირი გაეწყვიტათ, იმიტომ, რომ გეი ვიყავი. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ჩამეხუტნენ და მითხრეს, რომ მათთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვისთან მეძინა.
ცხადია, ფსიქოლოგიური ზიანი მომადგა ბავშვობაში "კარადაში ყოფნისას" და მას შემდეგაც, რაც დავქამინგაუთდი. ბევრი ვისაუბრე ფსიქოლოგებთან, რომლებიც დამეხმარნენ, რომ რთული პერიოდები გადამელახა.
საკუთარი თავის მიღება და 10 წელი კაცთან ქორწინებაში
დღეს, ბევრი წლის შემდეგ, გრძელვადიან ურთიერთობაში ვარ. უკვე 10 წელია დაქორწინებული ვარ ჩემი ცხოვრების კაცზე. დედაჩემიც ისეთს მიღებს, როგორიც ვარ და ჩემი ქმარი და ჩემი ცხოვრებაც უყვარს. არ ვარ ვამბობ, რომ ეს მარტივი იყო. ძალიან გრძელი პროცესი გავიარეთ, მაგრამ გზის ბოლოს მივხვდი, რომ ეს ამად ღირდა.
საქართველო კარგავს იმას, რაც ქვიარ თემს შეუძლია, რომ ქვეყანას მისცეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქვიარ ადამიანები ძალიან კრეატიულები არიან, ეს ადამიანები წარმატებისკენ მიილტვიან და საქართველო ჰარმონიას კარგავს თავის მოქალაქეებს შორის.
საქართველო კარგავს სიძულვილის გარეშე, გვერდიგვერდ ცხოვრების წლებს. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ. ერთს თუ ცისფერი თვალები აქვს, მეორეს — ყავისფერი, ერთი თუ მაღალია, მეორე დაბალია, ერთს თუ გოგოები მოსწონს, მეორეს — ბიჭები. ჩვენ მხოლოდ ის გვინდა, რომ ჩვენი ცხოვრებით ვიცხოვროთ, როგორც ყველამ.
პირველად ბათუმში 2018 წელს ჩამოვედი და ეს ქალაქი შემიყვარდა. ქვეყანაც შემიყვარდა. ჩამოსვლისთანავე ვიცოდი, რომ აქ ვიცხოვრებდი, აქ ვიმუშავებდი და ამ ქალაქისა და ქვეყნისთვის კარგ საქმეებს გავაკეთებდი. ასეც მოხდა 2019 წელს ბათუმში ქმართან ერთად გადმოვედი. აქ რამდენიმე ბიზნესი გვაქვს და ყველგან ქართველები გვყავს დასაქმებული. არ ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში ქალაქს დავტოვებ — მიუხედავად იმისა, რომ ისრაელში მომღერალი ვარ, რომელსაც საკუთარი აუდიტორია ჰყავს, მაინც ვირჩევ, რომ ბათუმში ვიყო და ქალაქისთვის კარგი საქმე ვაკეთო.
მათ, ვინც თვითგამორკვევის გზას ადგას, პირველ რიგში ვეტყოდი, რომ შეჩერდნენ და ღრმად ჩაისუნთქონ. შეხედეთ საკუთარ თავებს სარკეში და უთხარით, რომ მიუხედავად იმისა, ახლა რას გრძნობთ, ყველაფერი კარგად იქნება. უნდა გაიგოთ, რომ ჩვენ არ აგვირჩევია, როგორ მოვსულიყავით ამ სამყაროში — ჩვენ ვართ ისინი, ვინც ვართ, იმიტომ, რომ როგორც ამბობენ, ვიღაცამ მაღლა ასე გადაწყვიტა. ლამაზი ხარ ისეთი, როგორიც ხარ! შეიყვარეთ საკუთარი თავი და სხვებსაც ეყვარებით. არ ვამბობ, რომ ეს ადვილია და არ ვამბობ, რომ ეს გრძელი პროცესი არ არის, მაგრამ გზის ბოლოს უდიდესი ბედნიერებაა. შემიძლია გითხრათ, რომ სწორედ იმან, რომ გეი ვარ, მომიყვანა იქ, სადაც დღეს ვარ. დღეს კი, თუ ერთი რამ არსებობს, რის გამოც ბედნიერი ვარ, ეს სწორედ ისაა, რომ გეი ვარ. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ასეთებად დაიბადეთ! იმედი მაქვს, ჩემი ამბავი ძალასა და შთაგონებას მოგცემთ.
ვფიქრობ, საქართველოში ქვიარ თემთან მიმართებით სწორი ინფორმაცია არ არსებობს. როცა სიტყვა გეის გაიგონებენ, ჰომოფობები მაშინვე სექსუალურ აქტზე ფიქრობენ. ამიტომაცაა ჰომოფობია. ვფიქრობ, საჭიროა, ქვიარ თემთან დაკავშირებით სწორი კომუნიკაცია. საჭიროა, შევქმნათ ადგილები, სადაც ჰეტეროსექსუალი ადამიანები დაინახავენ ქვიარებს, როგორც ადამიანებს და არა, როგორც აუცილებლად სექსუალურ აქტთან კავშირში მყოფებს. ეს გრძელი პროცესია, მაგრამ ეს პროცესი უნდა დავიწყოთ. სწორედ ამ მიზნით შევქმენით ფრიდა ბარი, სადაც შეხვდებით გეი წყვილს, ლესბოსელ წყვილს სთრეითი წყვილის გვერდით. ყველა ერთმანეთის გვერდით ზის და სწავლობს განსხვავებების მიღებას. ეს არის სწორი გზა, სასწაულია. აქ ბევრი მუშაობაა ჩადებული და ეს პროცესი უნდა დაიწყოს!
ცვლილებები სწორი ინფორმაციის უზრუნველყოფით უნდა დაიწყოს. ქვიარ და ჰეტერო ადამიანებს შორის კავშირები უნდა შეიქმნას და ერთმანეთი კარგად გაიცნონ. საერთო სივრცეები უნდა შეიქმნას, სადაც ყველა ერთად გაატარებს დროს, როგორც ფრიდა ბარში. შემიძლია, ვთქვა, რომ საკმაოდ ბევრი სთრეითი ადამიანი მოვიდა ჩემთან ბარში და მითხრა, რომ ფრიდას წყალობით მათ ისწავლეს გეების მიღება და მათთან მეგობრობებიც კი ჩამოაყალიბეს.
ის, რაც წინსვლის ძალას მაძლევს, ჩემი ოჯახია, ჩემი ქმარი და შინაური ცხოველები. მომდევნო ზამთარში სუროგაციის პროცესის დაწყებაზეც ვფიქრობთ, რათა მშობლები გავხდეთ. გარდა ამისა, ბარს, რომელიც ბათუმში გავხსენი, ქალაქში ცვლილებები შემოაქვს და მაძლიერებს. დედაჩემთან, ჩემს დასთან, ბებიასთან და დისშვილებთან რომ არ შემიძლია ყოფნა, ეს მასუსტებს, თუმცა, აქედანაც ვცდილობ, გავაგრძელო განვითარება.
ვიმედოვნებ, რომ 10 წელში 3 საყვარელი ბავშვის მამა ვიქნები. დაე, მომეტანოს საქართველოსთვის ცვლილებები. და, რასაკვირველია, იმედია, სიმღერებსაც ჩავწერ.
ვცდილობ, ოცნების ნაცვლად, მეტი საქმე ვაკეთო. ოცნებები იმისთვის არსებობს, რომ ჩვენ თავად ავისრულოთ. მადლობა ღმერთს, ყველა ოცნება, რომელიც მქონია, ამისრულდა. ორი მაქვს დარჩენილი — მინდა, რომ მამა ვიყო და სიმღერები ჩავწერო. რა თქმა უნდა, იმაზე ვოცნებობ, რომ მსოფლიო ისწავლის განსხვავებულის მიღებას და ბოლოს ყველა ჰარმონიაში იცხოვრებს.
ქართული ქვიარ აქტივიზმი გეი თემთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას გვაწვდის. პატივისცემისა და მოთმინების შენარჩუნებით, იყავით ყოველთვის ამაყები იმით, ვინც ხართ და რაც ხართ!
კომენტარები