კადიროვი კერძო სამხედრო კომპანიის შექმნას აანონსებს
კვირას ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ აპირებს შექმნას კერძო სამხედრო კომპანია, რომელიც გასამხედროებულ ვაგნერ ჯგუფს კონკურენციას გაუწევს.
სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში კადიროვი ამტკიცებდა, რომ უკრაინა-რუსეთის ომში ვაგნერის ჯგუფის მონაწილეობამ კერძო სამხედრო კომპანიების "აუცილებლობა" წარმოაჩინა. შესაბამისად, პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, იგი "სერიოზულად გეგმავს კონკურენციის გაწევას" ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინისთვის.
ვაგნერის ჯგუფი არის რუსული კერძო გასამხედროებული ორგანიზაცია, რომელსაც ბრალი ედება "ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებში", მათ შორის — სიკვდილით დასჯაში, ბავშვების გატაცებასა და წამებაში.
ჩეჩნეთის მეთაურმა, რომელიც პრიგოჟინთან ერთადაა ფოტოზე გამოსახული, შეაქო ვაგნერის ჯგუფის "წარმატება" უკრაინაში და მათი "მჭიდრო თანამშრომლობა" ჩეჩნურ სპეცრაზმთან.
"[ვაგნერ ჯგუფი] შეიძლება განიხილებოდეს, რომ მხოლოდ კერძო კომპანიაა, მაგრამ მან შეძლო და ძალიან შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწია", — წერს კადიროვი. "ვაგნერი აღწევს თავის მიზნებს ნებისმიერ სიტუაციაში".
მან აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ და ამ პროცესში ორგანიზაციის როლმა "დაასრულა დებატები" იმის შესახებ, სჭირდება თუ არა ქვეყანას კერძო სამხედრო კომპანიები.
კადიროვმა გასამხედროებული ჯგუფი მას შემდეგ შეაქო, რაც აშშ-ში დაფუძნებულმა ომის კვლევის ინსტიტუტმა (ISW) განაცხადა, რომ ჩეჩნეთის ლიდერმა უარი თქვა პრიგოჟინის მხარდაჭერაზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ "კამპანიაში".
ინსტიტუტმა, რომელიც უკრაინის ომის შესახებ ყოველდღიურ ანგარიშებს აქვეყნებს, 17 თებერვალს აღნიშნა, რომ პრიგოჟინმა გამოიყენა კადიროვის მიერ რუსი სამხედრო ჩინოვნიკების კრიტიკა 2022 წლის ოქტომბერში თავდაცვის სამინისტროსთვის ძირის გამოსათხრელად. მაგრამ იქვე ივარაუდა, რომ კადიროვმა უარი თქვა შეერთებოდა პრიგოჟინს მათ წინააღმდეგ "განახლებულ საინფორმაციო შეტევაზე".
პრიგოჟინმა, ბიზნესმენმა, რომელსაც აქვს მჭიდრო კავშირები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, 2014 წელს ვაგნერის ჯგუფი ჩამოაყალიბა. გასამხედროებული ჯგუფი მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში სირიაში, ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში, მალიში. ცნობილია, რომ ჯგუფში თავისუფლების სანაცვლოდ აჰყავთ რუსი მსჯავრდებულები და პატიმრები, რომლებიც მძიმე დანაშაულისთვის იხდიდნენ სასჯელს.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები