მომავალში შუქნიშნებს შესაძლოა, ახალი ფერი დაემატოს
დღესდღეობით თვითმართვადი ავტომობილები პოპულარობას ნელ-ნელა იხვეჭს და შესაძლოა, მომავალში მრავალმა ადამიანმა სწორედ ასეთი ტრანსპორტით გადაადგილება არჩიოს. სპეციალისტთა აზრით, ამას საგზაო ინფრასტრუქტურის შეცვლა დასჭირდება, კერძოდ კი ისინი შუქნიშნებზე ახალი, თეთრი ფერის დამატებას გვთავაზობენ, რომელიც ავტონომიური მანქანებისთვის იქნება განკუთვნილი.
მათი აზრით, ასე, პოტენციურად, გადატვირთული მოძრაობა შემსუბუქდება და საწვავის მოხმარებაც შემცირდება. თითოეული თვითმართვადი სატრანსპორტო საშუალება შუქნიშნის თეთრ ფერსა და ერთმანეთს უსადენოდ დაუკავშირდება, მძღოლებისთვის კი ეს იმის ნიშანი იქნება, რომ საერთო ზოლში მოძრაობისას შეუძლიათ, ავტონომიურ მანქანას უკან მიჰყვნენ.
"წითელი შუქის ფუნქცია, ჩვეულებრივ, გაჩერებისკენ მოწოდება იქნება, მწვანისა მოძრაობის, ხოლო თეთრი მძღოლებს მიანიშნებს, რომ მათ წინ არსებულ ავტომობილს გაჰყვნენ. ჩვენ მიერ შემოთავაზებული კონცეფცია საგზაო კვეთისთვისაა და მას 'თეთრ ფაზას' ვუწოდებთ, რომელიც კომპიუტერულ ძალასა და თვითმართვად მანქანებს ეფუძნება", — აცხადებენ იდეის ავტორები.
შუქნიშნის ახალი ფერი ამ სახის ტრანსპორტს საშუალებას მისცემს, რომ უსადენო კავშირის წყალობით უფრო ეფექტიანად გადაადგილდეს და გადატვირთულ გზებზე მდგომარეობა შეამსუბუქოს, რასაც, მაგალითად, სიჩქარის დარეგულირებით მოახერხებს. მათ უკან მიმავალი სტანდარტული ავტომობილები იმავეს გაიმეორებს და როგორც კი გადაკვეთის ადგილზე ავტონომიური მანქანების რაოდენობა გარკვეულ ზღვარს ქვემოთ ჩამოვა, შუქნიშანზე ჩვეულებრივი ფერები გამოჩნდება.
კომპიუტერულმა სიმულაციებმა აჩვენა, რომ მსგავსი მეთოდით საცობები განიტვირთება, მოხმარებული საწვავის რაოდენობა დაიკლებს და ტრანსპორტი უფრო სწრაფად იმოძრავებს. ავტორები ამბობენ, რომ, მოდელების თანახმად, შეყოვნების საერთო შემცირების მაჩვენებელი დაახლოებით 40-დან 99 პროცენტამდე იქნება.
ამგვარი გაუმჯობესება ყველაზე შესამჩნევი მაშინ გახდება, როცა თანაკვეთის ადგილზე თვითმართვადი ავტომობილების რაოდენობა 30 პროცენტს გადააჭარბებს, 70-პროცენტიან ნიშნულზე კი ის თითქმის სრულად ავტომატურ თეთრ ფაზაზე გადაერთვება. რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურის შეცვლას დიდი დრო და სოლიდური თანხა დასჭირდება, მაგრამ, სპეციალისტების აზრით, ეს ამად ღირს.
მათი ნაშრომი გამოცემაში IEEE Transactions on Intelligent Transportation Systems გამოქვეყნდა.
კომენტარები