მშობლებს სირთულეებზე საუბარი გვიჭირს. გვეშინია, ვინმემ წუწუნში არ ჩაგვითვალოს და ამის გამო ცუდი დედის ან მამის სტატუსი არ მივიღოთ. იშვიათად თუ იცის ვინმემ, რამდენ დროს ვხარჯავთ იმის დაგეგმვაში რა ვაჭამოთ, რა ჩავაცვათ და როგორ ვცდილობთ, დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ ჩვენი ხელფასით არამდგრადი ეკონომიკის პირობებში კარგი გარემო შევუქმნათ.

ჩემი შვილი 6 წლისაა. წელს ჩემს ხარჯებს სასკოლო ნივთების და კვების თანხაც დაემატა. ჯანსაღი საკვები ბოლო პერიოდის გაზრდილი ფასებიდან გამომდინარე, ძალიან ძვირია. არა და, ბავშვისთვის ელემენტარული კომფორტი სწორედ კვებიდან და ტანსაცმლიდან იწყება.

ამიტომ გადავწყვიტე ყოველდღიურ სირთულეებზე სხვა მშობლებთანაც მესაუბრა. ისინი გვიხსნიან, რომ ბავშვების მოვლისთვის საჭირო თანხები ყველა ოჯახისთვის ინდივიდუალურია, თუმცა არსებობს ხარჯები, რომლებსაც გვერდს ვერ აუვლი და მისი შეტანა თვიურ ბიუჯეტში აუცილებლად მოგიწევს.

მარიამი

ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს. როცა ორსულობის შესახებ გავიგე, ჯერ ძალიან გამიხარდა, შემდეგ ახალი პასუხისმგებლობები გავიაზრე და შემეშინდა. მერე დავიწყე ფიქრი, რომელ კლინიკაში ამეყვანა ექიმი.

მთავარი პრიორიტეტი რომ ბავშვის ჯანმრთელობაა, ეს ისედაც ცხადია, მაგრამ მერე მაინც გეფიქრება, ექიმმა ბევრი მედიკამენტი არ დაგინიშნოს და გაწეული მომსახურებაც იაფი იყოს.

მარიამი

კლინიკებში საოცრად მაღალი ფასები გვაქვს. თუ ორსულობის გარკვეულ ვადაზე აღრიცხვაზე არ დადექი, სახელმწიფო იმ ხარჯებს, რასაც, ჩვეულებრივ, უნდა აფინანსებდეს, აღარ დაგიფინანსებს. თუმცა აღრიცხვაზე დადგომის შემდეგაც ბევრი ფულის დახარჯვა გიწევს. მაგალითად, პირველივე მისვლაზე უნდა გადაიხადო ექიმთან კონსულტაციის თანხა, საშუალოდ, 100-150 ლარი.სისხლისა და სხვა საჭირო ანალიზებიც პირველივე მისვლისას უნდა გაიკეთო, რაც ასევე არ ფინანსდება.

ექიმისთვის, რომელსაც უნდა ვემშობიარებინე, დამატებით 500 ლარი გადავიხადე. საბოლოო ჯამში, პირველ შვილზე საავადმყოფოდან გამოწერისას, 1000 ლარამდე დავხარჯე. გამოწერის დღეს მეოთხე სართულიდან ვერ ჩახვალ თუ მიმღებში თანხას არ გადაიხდი.

როცა მეორე შვილი გავაჩინე, უკვე გამოცდილება მქონდა და ზედმეტი ხარჯი ავიცილე. მშობიარობაში 350 ლარი გადავიხადე. ყოველი კონსულტაციის შემდეგ აფთიაქში 150 ლარს მაინც ვტოვებდი.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილი ბუნებრივ კვებაზეა და ესეც დიდი დანაზოგია ჩემთვის, საჭიროა სხვა აუცილებელი ნივთები, რომლებიც ძვირია. უბრალო ეტლი რომ იყიდო, 300 ლარი მაინც უნდა გადაიხადო. საჭმელი სკამი, რომელშიც ბავშვი კვებისას უნდა ჩასვა 300, საწოლი კი 400-500 ლარი ღირს. მით უფრო, თუ ხარისხზე გაქვს პრეტენზია, ასეთ შემთხვევაში ყველაფერი ძალიან ძვირია.

ფოტო: ნატალია ავალიანი / On.ge

ლიკა

ორსულობის პერიოდში საჭირო კონსულტაციები, მედიკამენტები და მშობიარობა ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და ალბათ, ესაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ შობადობა მცირდება.

მიუხედავად იმისა, რომ კერძო დაზღვევა მქონდა, ლიმიტი არ მეყო. არ მისარგებლია არც ერთი სახელმწიფო სერვისით, ვგულისხმობ საყოველთაო დაზღვევის პაკეტებს. კერო დაზღვევის ლიმიტი მეექვსე თვეზე ამომეწურა. რის შემდეგაც თვითონ ვფარავდი ყველა საჭირო ხარჯს, რაც ჩვენი შემოსავლის 50% იყო. ეს კი საკმაოდ დიდი თანხაა ჩვენთვის.

ექიმთან კონსულტაცია და ექოსკოპია, საერთო ჯამში, თითო მისვლაზე 150 ლარამდე ჯდებოდა. მე მჭირდებოდა მულტიპროფილურ ექიმებთან გადამისამართება, რაც 180-დან 300-ლარამდე ღირს. ამას ემატებოდა ძალიან ძვირიანი მედიკამენტები. მშობიარობაზეც არ მეყო დაზღვევა და მომიწია დამატებით 850 ლარის გადახდა.

ადამიანები იძულებული ვართ, გვაქვს თუ არა საშუალება, საჭირო ფინანსები გავაჩინოთ. რამდენად სრულყოფილი და სანდო სამედიცინო სერვისს მივიღებთ, ეს კიდევ მეორე მხარე და სანერვიულოა. ამ ხარჯების დაფარვას ყველა ოჯახი ვერ შეძლებს, წარმოუდგენელია.

ლიკა

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი, ძირითადად, ბუნებრივ კვებაზე მყავს, 60 ლარის ხელოვნურს ვუმატებ, გარდა ამისა თვიურად 60 ლარის საფენები და მედიკამენტები სჭირდება. დაახლოებით, ერთი თვე 200 ლარამდე ჯდება. ამას უნდა დავუმატოთ ტანსაცმელი, ტანსაცმლის ინვენტარი, საკვები ჭურჭელი, ეტლი და ა.შ. ალბათ, თვიურად 700-800 ლარი გჭირდება, რომ ბავშვს კარგი პირობები შეუქმნა.

შიო

ბავშვის კვებაზე კონკრეტულ თანხას ვერ დავასახელებ. ემილია ხუთი წლისაა, წლინახევრის ასაკიდან ბაღში დადის და ძირითადი კვება იქ უწევს. სახლში იმას ჭამს, რასაც ოჯახში ვამზადებთ. ვცდილობთ, სახლში გვქონდეს ხილი და ბოსტნეული, ბავშვი იკვებოს ჯანსაღად. ამ ტიპის ყოველდღიური ხარჯი თითქმის ორჯერ გაიზარდა.

ბაღში სიარული არ არსებობს ვირუსების სიმრავლის გარეშე. აქედან გამომდინარე, სამედიცინო მომსახურების არცთუ იშვიათი გამოყენება გვიწევს. დაზღვევის საშუალო დონის საოჯახო პაკეტით ვსარგებლობთ, რომელიც წლიდან წლამდე ძვირდება და წელს თვეში დაახლოებით 250 ლარს მიაღწია.

საჯარო ბაღში კვება საკმაოდ დიდი შეღავათია, რადგან ბავშვს სისტემური კვება და კონკრეტული პროდუქტების ყიდვა სჭირდება, რაც საერთოდ არ ჯდება იაფი. გამიგია, ადამიანებს მხოლოდ იმიტომაც დაჰყავთ ბაღში შვილები, რომ მათი ნორმალური კვება უზრუნველყონ ამ გზით, ძალიან სევდიანი ამბავია.

გარდა მსგავსი უპირობო აუცილებლობისა, გაუთვალისწინებელი ხარჯებიც ბევრია — სათამაშოები, ხილი, საკვები, საჩუქრები ძალიან გაძვირდა ბოლო დროს. მაგალითად, სახატავი ინვენტარი, რომელიც რამდენიმე დღე ძლებს, დაახლოებით, 20 ლარი ჯდება. ლაპარაკი აღარ არის ხარისხიან ფლომასტერებზე ან ფანქრებზე. ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელია წიგნები, საბავშვო წიგნების ფასი კი 10-15 ლარიდან იწყება.

წელს ემილია სკოლაში მიდის და გამომდინარე იქიდან, რომ ორივე მშობელი ვმუშაობთ, გადავწყვიტეთ, კერძო სკოლაში შევიყვანოთ, რომელსაც გახანგრძლივებული რეჟიმი ექნება. სხვა შემთხვევაში გაკვეთილების მერე ბავშვის გამოყვანა მოგვიწევს, რასაც, ალბათ, ვერ შევძლებთ და ამისთვის ძიძის აყვანას ისევ საღამომდე სკოლაში დატოვება ვარჩიეთ. საშუალოდ, ნორმალური სკოლა წელიწადში 5 000 ლარიდან იწყება. ეს თვეში, მინიმუმ, 600 ლარი იქნება. ჯერ არ გვაქვს მოფიქრებული რამე დამატებითი აქტივობა ბავშვისთვის, თუმცა, არა მგონია, რამე წრეზე სიარული 100 ლარზე ნაკლები ღირდეს.

ინფლაცია და ფასების ზრდა ყველაფერს შეეხო, ბავშვების ტანსაცმლიდან დაწყებული, ხინკლით დამთავრებული, რომელიც, სხვათა შორის, ჩემ შვილსაც ძალიან უყვარს.

ფოტო: ნატალია ავალიანი / On.ge

ნანა

ჩემი შვილი პირველ კლასშია, კერძო სკოლაში დამყავს, რაშიც თვიურად 300 ლარს ვიხდი. ამაში შედის სამჯერადი კვება. ერთ დღეში ბავშვის კვება 20-30 ლარი ჯდება, ესეც იმ შემთხვევაში, თუ წინასწარ საკვების მარაგი გაქვს.

რაც სკოლა დაიწყო, ტანსაცმელები ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რადგან არ აქვთ ფორმა. სასექტემბროდ მინიმალური საბაზისო ტანსაცმელი, რომელიც სეზონის ცვლილების გამო თვე-ნახევარში ისევ შესავსებია, დაჯდა 1 000 ლარი. შემდეგ ზამთარი მოდის და ბავშვი გარეთ თბილად რომ იყოს, ქურთუკისთვის 150-200 ლარი მაინცაა საჭირო, თბილ ფეხსაცმელს კი 200 ლარზე ნაკლებად ვერ იპოვი.

ჩემთვის ძალიან პრობლემურია სასკოლო წიგნების საკითხი. რადგან ბავშვი დაგყავს კერძო სკოლაში, სახელმწიფო ფიქრობს, რომ გაქვს ძალიან ბევრი ფული — თუ ყველა სხვა ბავშვს, რომელიც საჯარო სკოლაში დადის, აძლევს წიგნს, ჩვენ არ გვაძლევს. რეალურად, არავინ ფიქრობს იმაზე, მე ბავშვი რომ არ ვატარო კერძო სკოლაში, ვერ ვიმუშავებ და თუ ვერ ვიმუშავებ, საჭმელს ვერ ვაჭმევ. ამის გათვლა რატომღაც სახელმწიფოს არ აქვს. უბრალოდ, მეტი გამოსავალი არ გვაქვს. 300 ლარად კი ძიძასაც ვერ ვიპოვი, რომელიც ბავშვს მოუვლის, სანამ სამსახურიდან დავბრუნდები.

ძალიან რთულია ამ ხარჯებთან გამკლავება. გიწევს, იმუშაო. დაარეგულირო დრო და სამუშაო, არც დედა იყო ცუდი, არც მარჩენალი. მერე რა, რომ ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყო, ახლა ბავშვებს აღარ ყოფნით ერთი გული. სხვა სტანდარტებია, სხვა სამყაროა. ძალიან ძვირია მშობლობა.

ბავშვს განვითარებისთვის სათამაშოებიც სჭირდება. რბილი სათამაშოს მინიმალური ღირებულება 40 ლარიდან იწყება. ამ ხარჯს ყოველთვიური ცხოვრებიდან ვერ აქრობ.

ჩვენ სკოლაში უფასო წრეები არ არის. მინდა, რომ ხატვაზე ვატარო. დიღმის ტერიტორიაზე მოვიძიე და თვიურად 80-100 ლარამდე ღირს, სადაც ინვენტარი გჭირდება, დაახლოებით, 150 ლარამდე. ცურვა კი თვეში 150 ლარი ღირს.

სოფია

რომ გითხრათ, ხარჯები ექსელში მაქვს გაწერილი და ყოველ თვე ვარედაქტირებ-მეთქი, არა. უბრალოდ, ორი შვილი მყავს და ვიცი მათი მთავარი პრიორიტეტი — განათლება. პირველი ხარჯი, რაც თვის დასაწყისში მაქვს, ესაა უფროსი შვილის, რომელიც პირველ კლასშია, სკოლის გადასახადი — 800 ლარი. კერძო სკოლაში დამყავს, რაც ძვირი სიამოვნებაა, თუმცა მამამისი მეხმარება. წლიურად გადახდა არ შემიძლია, ამიტომ თვეზე მაქვს განაწილებული. შემდეგ ვიხდი მეორე შვილისთვის ძიძის თანხას — 900 ლარს.

იმისთვის, რომ მაცივარი ისეთი პროდუქტებით შევავსო, რომლებიც მალე არ ფუჭდება, 250 ლარამდე მჭირდება. მაგალითად, რძეს და რძის პროდუქტების რამდენიმე დღეში ერთხელ ყიდვა მიწევს, რაც საკმაოდ ძვირია. ხანდახან, როცა მარკეტიდან გამოვდივარ და 100 ლარს იქ ვტოვებ, ვერ ვიგებ რაში დავხარჯე, იმდენად მცირეა შენაძენი და იმდენად აუცილებელი, ყოველდღიური პროდუქტია ბავშვებისთვის.

ამის შემდეგ საჭიროა სეზონური ტანსაცმელი ჰქონდეთ, რასაც აუთლეტებში ვყიდულობ, ან ჩინეთიდან ვიწერ იმიტომ, რომ აქ ძალიან ძვირია. ამით საკმაოდ დიდი თანხის დანაზოგს ვაკეთებ. 300-400 ლარად ორივე ბავშვს ვყიდულობ ტანსაცმელს ისე, რომ სეზონის ნახევარი მაინც ეყოთ. სათამაშოებს ხელს ვაყოლებ ხოლმე ასეთ დროს, რაზეც, ასევე დანაზოგს ვაკეთებ.

ჩემთვის, რა თქმა უნდა, ბავშვების განათლება პრიორიტეტია და მაგას არ მოვაკლებ, ამიტომ ჩემი თავის ხარჯზე მომიწევს რაღაცების ჩამოკლება. მარტოხელა დედა ვარ, მაგრამ არანაირი ბენეფიტი. ასეთი გვერდით დგომა მაქვს სახელმწიფოდან.

გაუთვალისწინებელი ხარჯები, ძირითადად, დაბადების დღეებია, რომლებსაც არ მინდა, რომ ბავშვი გამოაკლდეს. თვეში ერთხელ ვცდილობ სადმე წავიყვანო: მაკდონალდსში, ცირკში, თეატრში, კინოში და სხვადასხვა გასართობ ადგილას. ამას ორ თვეში ერთხელ მაინც ვახერხებ.

ჩემი მეორე შვილი ორი წლისაა, სექტემბრიდან ვგეგმავ, კერძო ბაღში მივიყვანო. ძიძას იმდენს ვუხდი, ეგ ხარჯიც გამინახევრდება და მერე ნახევარ განაკვეთზე ვიპოვი ვინმეს, ვინც ბაღიდან გამოიყვანს და მეორე ბავშვს დაელოდება, სანამ სკოლიდან მოვა. ამასობაში, მეც დავბრუნდები სამსახურიდან.

ბოლოს მე ვრჩები. თვეში ერთხელ მაინც ან ორ თვეში ერთხელ საკუთარი თავისთვისაც ვიცლი. ეს ყველაფერი იმ პირობებში, როცა სამსახური და შემოსავალი ნორმალური მაქვს.

ფოტო: ნატალია ავალიანი / On.ge

მაიკო

ჩემი შვილი დამატებით საგნებში არ ემზადება. გარდა სკოლისა, მისი ინტერესი ფეხბურთია, სადაც თვიურად 40 ლარს ვიხდით. თუმცა სჭირდება ინვენტარები, რომლის გარეშეც ვერ ივარჯიშებს. ასეთია, მაგალითად, ბურთი, ფეხსაცმელი, სპორტული ტანსაცმელი, რაც, საერთო ჯამში, 300 ლარამდე ჯდება.

ტანსაცმელები, რომელიც ბავშვს წელიწადში, სხვადასხვა სეზონზე სჭირდება, დაახლოებით 1 000 ლარი მაინც ჯდება. გარდა ამისა, ისევე როგორც ყველას, ჩვენც გვაქვს გაუთვალისწინებელი ხარჯები, როგორიცაა ვიღაცის დაბადების დღე, ხანდახან ბავშვი გასართობად რომ გავიდეს, მაკდონალდსში ან სადმე სხვაგან, წლიურად ასეთი ხარჯები, დაახლოებით 500 ლარი მაინც გამოდის.