ევროპის ცაზე მეტეორმა გაიელვა, რომელიც ატმოსფეროში შემოჭრამდე რამდენიმე საათით ადრე აღმოაჩინეს
უნგრეთში მდებარე კონკოლის ობსერვატორიიდან, შმიდტის ტელესკოპის მეშვეობით, ასტრონომმა კრისტიან სარნეცკიმ მეტეოროიდი დააფიქსირა, რის შესახებაც ინფორმაცია ევროპის კოსმოსურ სააგენტოს გაუგზავნა. რამდენიმე საათში ობიექტი დედამიწის ატმოსფეროში შემოიჭრა და ევროპის ცაზე გაიელვა.
ეს 13 თებერვალს, თბილისის დროით 07:00 საათზე მოხდა. კოსმოსური სხეული Sar2667-ის სახელითაა ცნობილი, თუმცა მას 2023 CX1-ითაც მოიხსენიებენ. ის საფრანგეთის ჩრდილოეთ რეგიონის თავზე გამოჩნდა და ატმოსფეროში წვის შედეგად ცაზე კაშკაშა კვალი დატოვა.
"მაშინვე მივხვდი, რომ ეს დედამიწასთან ახლომდებარე ობიექტი იყო, მაგრამ ჩვენი მიმართულებით მოძრაობისას სისწრაფით არ გამოირჩეოდა. ასევე, ის მკრთალი იყო", — აცხადებს ასტრონომი, რომელმაც მსგავსი აღმოჩენა 2022 წლის მარტშიც გაკეთა.
აღსანიშნავია, რომ ეს მხოლოდ მეშვიდე შემთხვევაა, როცა სპეციალისტებმა მეტეოროიდი ატმოსფეროში შემოჭრამდე სულ რამდენიმე საათით ადრე დააფიქსირეს. დანარჩენი ექვსი ობიექტი გახლავთ 4-მეტრიანი 2008 TC3, 3-მეტრიანი 2014 AA, ასევე 3-მეტრიანი 2018 LA, 6-მეტრიანი 2019 MO, 2-მეტრიანი 2022 EB5 (კრისტიან სარნეცკის მიერ შენიშნული) და 1-მეტრიანი 2022 WJ1.
ასეთი მცირე ზომის სხეულები ჩვენთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან, როგორც წესი, ისინი დედამიწის აირად გარსში შემოსვლისას იწვის, ხოლო ხმელეთამდე მათი პატარა ფრაგმენტები თუ აღწევს. ამის მიუხედავად, მეცნიერები მსგავს ასტეროიდებს/მეტეოროიდებს მუდმივად აკვირდებიან, თუმცა აქამდე ჩვენთვის საშიში ობიექტი არ გამოუვლენიათ.
რაც შეეხება Sar2667-ს, მისი სტუმრობით გამოწვეული შთამბეჭდავი სანახაობა მოსახლეობამ ევროპის მასშტაბით იხილა, მათ შორის საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, ბელგიასა და ნიდერლანდებში.
კომენტარები