დალი ცულაძე და მეომორი — ნახეთ იაპონურ მოტივებზე შექმნილი პირველი ქართული ამოძრავებული მანგა
გიფიქრიათ იმაზე, როდის დაიწყო ხეებსა და ადამიანებს შორის დაპირისპირება? აი, როცა გადავწყვიტეთ, რომ გასათბობად ერთადერთი არჩევანი ტყის გაჩეხა იყო.
ზუსტ პასუხს ამაზე ვერავინ გაგცემთ, რადგან არც არავის ახსოვს, როდის გაჩნდა ბზარი ჩვენს ურთიერთობაში. თუმცა, ვიცით, ამ ბზარის გამთელებას ვინ შეძლებს — დალი ცულაძე და მეომორი.
თუ ეს სახელები არ გეცნოთ, ალბათ ჯერ კიდევ არ გინახავთ პირველი ქართული მანგა, რომელიც ცოტა ხნის წინ დემოკრატიის ლაბორატორიამ გაეროს განვითარების პროგრამის, იაპონიის საელჩოსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით შექმნა და ახალგაზრდული მედია პლატფორმის — imitom.ge-ის — საშუალებით გაუზიარა ფართო აუდიტორიას.
იაპონურ მოტივებზე შექმნილმა 3-წუთიანმა ანიმაციამ, რომელიც ადამიანებისა და ხეების საუკუნოვანი დაპირისპირების კულმინაციურ ეტაპზე მოგვითხრობს, უკვე დიდი გამოხმაურება გამოიწვია და მაყურებლის მოწონებაც დაიმსახურა.
ამასთან, მანგამ მნიშვნელოვან წარმატებასაც მიაღწია — 2022 წელს გაეროს განვითარების პროგრამამ დააწესა ჯილდო, Digital Awards 2022, რომელიც სამ კატეგორიაში გაიცემოდა: საუკეთესო ფოტო, საუკეთესო კრეატიული ნამუშევარი, საუკეთესო ისტორია. კატეგორიაში საუკეთესო კრეატიული ნამუშევარი შესაძლებელი იყო ვიდეოების, კამპანიების და/ან ანიმაციების წარდგენა, ხოლო მათ წარმატებას ორიგინალურობა და კრეატიული მიდგომა განსაზღვრავდა. ანიმაციამ ტყე ჩემი მეგობარია ამ კატეგორიაში მეორე ადგილი დაიკავა 100-ზე მეტ ქვეყანას შორის.
როგორ შეიქმნა პირველი ქართული მანგა და შემდეგ ამოძრავდა კიდეც, რა იყო მიზანი და ექნება თუ არა გაგრძელება დალისა და მეომორის ამბავს — ამ და სხვა შეკითხვებით თავად ანიმაციის შემქმნელებს მივმართეთ.
როგორც ალბათ ყველა დიდი იდეა, ეს ამბავიც სურვილით დაიწყო — შექმნილიყო პირველი ქართული ამოძრავებული მანგა. ეს სურვილი კი სრულიად ბუნებრივად გაჩნდა; შემქმნელები ამბობენ, გავლენა იაპონური კულტურისა და ანიმეების სიყვარულმა მოახდინაო — "როცა ხედავ, სადღაც ნარუტო, ვან ფისი, ჯუჯიცუ კაისენი იქმნება და შენც მთელ ამ ამბავთა მონაწილე ხარ, ძალაუნებურად გინდება, რაღაც მსგავსი შექმნა.
"თან, როცა რაღაცის შექმნის სურვილი არსებობს, მერე მოვლენები ისე უცნაურად დალაგდება ხოლმე, რომ თითქოს შანსი ეძლევა შენს იდეას, რეალობაში განხორციელდეს და თავის თავს მოჰყვეს".
ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც — იდეის ხორცშესხმაში შემქმნელებს გაეროს განვითარების პროგრამა, იაპონიის საელჩო საქართველოში და ეროვნული სატყეო სააგენტო დაეხმარნენ. მით უმეტეს, რომ ანიმაციაში წარმოსაჩენი საკითხი, გაუტყეურება, სამივე პარტნიორისთვის მნიშვნელოვანი გახლდათ.
მოძრავი მანგას ფორმა კი, გარდა იმისა, რომ შემქმნელებისთვის საინტერესო იყო, სამუშაოდ მოსახერხებელიც გახლდათ. ამასთან, მანგა ხომ საქართველოში სიახლეა, რომლის მსგავსიც წინათ არაფერი შექმნილა.
რადგან შექმნაზე ვლაპარაკობთ, შემოქმედებით გუნდსაც გაგაცნობთ. იდეის ავტორი და კრეატიული დირექტორი Lasha D. Kotori გახლავთ, სცენარის ავტორი კი ნატო თავბერიძეა. პროექტის არტ-დირექტორისა და ანიმატორის როლი მაშო ბერიძემ შეასრულა, ილუსტრაციებზე დემე ონიანმა იმუშავა, მუსიკაზე კი — ნიკოლოზ ბოჯგუამ. პროექტის ლიდი თიკუნა გუჩუას ებარა.
როგორ იქმნებოდა პირველი ქართული მანგა
"სიმართლე გითხრათ, დიდი დრო არ გვქონია ყველაფრის განსახორციელებლად, დაახლოებით, თვე-ნახევარი", — ჰყვებიან მანგას შემქმნელები, — "ამიტომ ფორსმაჟორში მუშაობა გვიწევდა ხოლმე; თუმცა, პროექტის ხასიათიდან გამომდინარე, რომელიც ზოგჯერ ჩვენი კრეატიულობის ლიმიტების დატესტვას მოითხოვდა, ძალიან სახალისო იყო მუშაობის ასეთი რეჟიმიც".
მუშაობის პროცესი რომ სახალისო იყო, ამის მიზეზი, შემქმნელების ენთუზიაზმთან ერთად, მანგას მოყვარული ადამიანების თავმოყრაც გახლდათ. ასე რომ, გუნდისთვის ერთიორად უფრო სასიამოვნო იყო ანიმაციის ცალკეულ დეტალებზე ფიქრი და საუბარიც კი. ეს საუბარი კი, რა გასაკვირია და ხანდახან კამათშიც გადაიზრდებოდა ხოლმე.
"იმისთვის რომ ანიმაციის საუკეთესო ვერსია დაგვედო, ეშმაკის ადვოკატის როლების თამაში ხშირად გვიწევდა და, სიმართლე გითხრათ, ესეც სახალისო იყო".
თუმცა, პროექტის მთავარი და ალბათ ყველაზე საინტერესო მხარე მაინც შემოქმედებითი საქმე იყო. მანგას ყურებისას აღმოაჩენთ, რომ შემქმნელებმა სულ რამდენიმე წუთშიც კი ფართო და მრავლისმომცველი სამყარო ჩაატიეს. თავადაც აღნიშნავენ, მოკლემეტრაჟიან ანიმაციებში პერსონაჟთა წინაისტორიებისა და ხასიათის შტრიხების გამოჩენა კი რთული საქმეა, მაგრამ დალისთან და მეომორთან ერთად სამყაროს და სხვა პერსონაჟებსაც რომ კარგად ვეცნობით, "უცნაური მომენტიაო".
"ტყის გაჩეხა აღარ მოგვიწევს"
მანგას თუ გულისყურით უყურეთ, მის სათქმელს ადვილად გაიგებდით. უკვე ვახსენეთ კიდეც, რომ მასში წარმოჩენილი პრობლემა გაუტყეურებაა — მიზანი კი ეკომეგობრული ცხოვრების სტილის პოპულარიზაცია. პრობლემა ხომ, ერთი შეხედვით, გადაუჭრელია: ადამიანებს გათბობა სჭირდებათ, რომ არ გაიყინონ, ტყეს კი — არსებობა, საკუთარი თავისთვისაც და ჩვენთვისაც. თუმცა, ანიმაციის დასასრულს ბუხარქალაქელი დალი და მეომორი გამოსავალს მაინც იპოვიან, მერე კი მისი გაზიარება ყველასთვის მოუნდებათ.
გაუტყეურება მსოფლიოს დიდ გამოწვევად დღემდე რჩება. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად 10 მილიონ ჰექტარამდე ტყეს ვკარგავთ. ეს საკითხი, სხვა გარემოსდაცვით პრობლემებთან ერთად, პირველ ქართულ მანგაზე მომუშავე გუნდისთვისაც მნიშვნელოვანია.
森, ანუ ტყე იაპონურად
იცოდით, რომ იაპონურად ტყეს მორი ჰქვია? ეს თავად ანიმაციის შემქმნელებმაც მანგას პრეზენტაციაზე, იაპონიის ელჩისგან, შეიტყვეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამბის ერთ-ერთ მთავარ გმირს მეომორი ჰქვია, უცნაურ დამთხვევად შეიძლება ჩავთვალოთ ეს. ან, შეიძლება, სულაც არაა დამთხვევა...
რაც უნდა იყოს, ანიმაციის პრეზენტაცია ვახსენეთ და იმასაც გეტყვით, რომ პირველმა ქართულმა მანგამ მაყურებლამდე მოწონება პარტნიორებისგან დაიმსახურა. თანამშრომლობის მიუხედავად, შემოქმედებით პროცესში შემქმნელები დიდწილად თავისუფლები იყვნენ და პრეზენტაცია პროექტის მხარდამჭერებისთვისაც პირველი შთაბეჭდილება იყო.
ასეთი წარმატების შემდეგ კი, მოსალოდნელი იქნებოდა, სამომავლო გეგმებზეც გვესაუბრა. მით უმეტეს, რომ ანიმაციის დასასრულს ჩნდება ყველა მაყურებლისთვის საყვარელი წარწერა: "გაგრძელება იქნება". ამდენად, ვეჭვობთ, ეს ამბავი აქ არ მთავრდება.
"ვიმედოვნებთ, რომ გაგრძელებაზე მუშაობის საშუალება მოგვეცემა", — ამატებენ მანგას შემქმნელები, — "დალი ცულაძისა და მეომორის ამბავს ჯერ კიდევ ბევრი აქვს ჩვენთვის მოსათხრობი და რამდენიმე იდუმალ მომენტსაც ფარდის ახდა სჭირდება".
კომენტარები