მეცნიერებმა დედამიწის სიღრმეში დამდნარი ქვის ფენა აღმოაჩინეს
მეცნიერთა გუნდმა ახალი კვლევის ფარგლებში ჩვენი პლანეტის ქერქის ქვეშ დამდნარი ქვის ფენა გამოავლინა, რომლის შესწავლაც შესაძლოა, ტექტონიკური ფილების გადაადგილების პროცესის უკეთ გამოკვლევაში დაგვეხმაროს.
ეს შრე დედამიწის ზედაპირიდან დაახლოებით 160 კილომეტრ სიღრმეზეა განლაგებული და ასთენოსფეროს ნაწილია, რომელიც ზედა მანტიაში არსებული ტექტონიკური ფილების დაბლა მდებარეობს. ასთენოსფერო მანტიაში რბილი არეალის ფორმირებას უწყობს ხელს, რითაც ქანების მოძრაობას ამარტივებს. სირბილის განმაპირობებელ ფაქტორად სპეციალისტებს დამდნარი ქვები მიაჩნდათ, რაც ლოგიკურია, თუმცა აღმოაჩნდა, რომ ეს ასე სულაც არაა, რადგან მათი გავლენა მინიმალურია.
კვლევის თანახმად, ფილების გადაადგილებაზე პლანეტის მანტიაში სითბოსა და ქვის კონვექცია საგრძნობლად მოქმედებს. იმის მიუხედავად, რომ დედამიწის შიდა მატერია მეტწილად მყარია, ქვები შესაძლოა, ნაწილობრივ დადნეს და ამ მასამ იდინოს. ავტორები ტექტონიკურ პროცესებზე ამის პოტენციურ გავლენას სრულად არ გამორიცხავენ, მაგრამ ამბობენ, რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ჩვენს მშობლიურ ციური სხეულზე მეტის გაგების საშუალებას გვაძლევს.
მეცნიერებმა დამდნარი ქვის ფენა ჯერ თურქეთის ტერიტორიის ქვეშ არსებული მასის სეისმური გამოსახულებების გამოყენებით დააფიქსირეს, შემდეგ კი მასშტაბური მონაცემები მოიპოვეს და ასთენოსფეროს გლობალური რუკა მიიღეს. შედეგად, დადგინდა, რომ თავდაპირველად ანომალიად მიჩნეული მახასიათებელი სინამდვილეში აქამდე უცნობი შრე იყო.
"ეს კვლევა მნიშვნელოვანია, რადგან ასთენოსფეროს მახასიათებლებისა და მისი სისუსტის მიზეზების დადგენა ფილების ტექტონიკის გასაგებად ფუნდამენტურად აუცილებელია", — აცხადებენ მეცნიერები.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature Geoscience გამოქვეყნდა.
კომენტარები