მუმია "ოქროს ბიჭუნას" სკანირებამ მეცნიერები მის სიმდიდრეში კიდევ ერთხელ დაარწმუნა
"ოქროს ბიჭუნად" წოდებული ეგვიპტური მუმიისთვის გადაღებულმა კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ 49 ამულეტი აღმოაჩინა, რომელთა უმრავლესობაც ოქროსგანაა გამოჭედილი.
ახალგაზრდა მუმიამ სახელი მის სარკოფაგში არსებული არნახული სიმდიდრითა და ძვირფასეულობით გაითქვა, რომელთა შორისაც ოქროს ნიღაბიც კი იყო. მკვლევრები ფიქრობენ, რომ ბიჭი სიკვდილის მომენტში 14-15 წლის უნდა ყოფილიყო. ამ ვარაუდის საფუძველს მისი ჯერ კიდევ ამოუსვლელი სიბრძნის კბილები იძლევა.
მუმია 1916 წელს ეგვიპტის სამხრეთში ამოთხარეს და მას შემდეგ კაიროს ეგვიპტური მუზეუმის საცავში ინახებოდა. გარე სარკოფაგს ბერძნული წარწერა ჰქონდა, თავად მუმია კი ხის შიდა სარკოფაგში იყო მოთავსებული.
სკანირების შედეგად რამდენიმე ათეული სხვადასხვა ფორმისა და ზომის ამულეტი გამოვლინდა, რომელთა ნაწილიც წინასწარ განსაზღვრული თანმიმდევრობით მკვდრის სხეულზე და მის შიგნით იყო მოთავსებული.
"ერთი ამულეტი ბიჭის პენისთან იყო მოთავსებული, ოქროს სკარაბი მის მკერდში, გულის ადგილას, ხოლო პირში მუმიას ოქროს ენა ედო", — ვკითხულობთ განცხადებაში
მუმიას სანდალები ეცვა და ტანზე გვიმრებისგან დაწნული გირლანდები ჰქონდა შემოხვეული.
კვლევის ავტორისა და კაიროს უნივერსიტეტის რადიოლოგიის პროფესორის, საჰარ სალიმის განხცადებით, ოქროს ბიჭუნა პტოლემაიოსების პერიოდის ეგვიპტეში სიკვდილისა და საიქიოს შესახებ გავრცელებულ წარმოდგენებს ასახავს.
ამ წარმოდგენების მიხედვით, ამულეტს მისი მფლობელისთვის საიქიოში დიდი დახმარება უნდა გაეწია.
მკვლევრებმა ზუსტად არ იციან, ვინ იყო ბიჭი, თუმცა ფაქტია, რომ ის ძალიან გავლენიანი და მდიდარი ოჯახის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო.
"ძველ ეგვიპტელებს ამულეტის ძალის სჯეროდათ. მათი წარმოდგენით, ამულეტი ადამიანს იფარავდა და სპეციფიკურ სარგებელს როგორც ცოცხალს, ისე მკვდარს ანიჭებდა. თანამედროვე მეცნიერებაში ამას ენერგიით ვხსნით. განსხვავებული მასალა, ფორმები და ფერები (ე.წ კრისტალები) ენერგიას სხვადასხვა სიგრძის ტალღით გამოყოფენ, რასაც შეიძლება სხეულზე ზემოქმედება ჰქონდეს. ბალზამირებაზე პასუხისმგებელი პირები ამულეტებს სხეულის "გაცოცხლების" მიზნით იყენებდნენ", — განაცხადა სალიმმა
მაგალითად, ოქროს ენის დანიშნულება საიქიოში მკვდარი ახლობელისათვის საუბრის შესაძლებლობის მიცემა იყო, სანდლები კი მას გადაადგილებაში დაეხმარებოდა.
ყველაზე საინტერესო კი ოქროს სკარაბი იყო, რომლის ანალოგიც მკვლევრებმა 3D პრინტერის საშუალებით შექმნეს. მასზე წაწერილი იყო შელოცვები მკვდართა წიგნიდან, რომელთაც ბიჭი მოგზაურობაში უნდა დაეცვა. სკარაბი ეგვიპტურ მითოლოგიაში ხელახალი დაბადების სიმბოლოა და მას დისკოს ფორმის ხოჭოს სახით გამოსახავდნენ.
კვლევა ჟურნალ Frontiers of Medicine-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები