მედიის ცნობით, ჩინეთში წყალბადზე მომუშავე მსოფლიოში პირველი საქალაქო მატარებელი შეიქმნა
ჩინური მედიის ცნობით, CCRC Changchun Railway Company-მ და Changdu Rail Transit-მა წყალბადზე მომუშავე მსოფლიოში პირველი საქალაქო მატარებელი შექმნეს. წყალბადზე მომუშავე მატარებელი აქამდეც არსებობდა, თუმცა ის ურბანულ გარემოზე გათვლილი არ იყო.
ამავე წყაროებზე დაყრდნობით, მატარებელზე მუშაობა 2023 წლის 18 იანვარს, სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენდუში დასრულდა. მას 160 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია და ეყრდნობა იგივე ტექნოლოგიას, რომელსაც Fuxing იყენებს. Fuxing ჩინური ჩქაროსნული მატარებელია, რომელიც China Railway Corporation-მა შექმნა.
ასევე იხილეთ: ვაკუუმურ მილში მოძრავმა მაგლევის ტიპის ჩინურმა მატარებელმა სატესტო გასვლა შეასრულა
Fuxing-ის მასობრივი გამოყენება 2017 წელს დაიწყეს და მას 350 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია, რაც მსოფლიოში ერთ-ერთ უსწრაფეს მატარებლად აქცევს. მას შევხვდებით ისეთ მნიშვნელოვან სარკინიგზო ხაზებზე, როგორებიც პეკინი-შანხაი და პეკინი-გუანჭოუს მარშრუტებია. ე.წ "ტყვია-მატარებელს" ტრადიციულზე უკეთესი აეროდინამიკა აქვს და ნაკლებ ენერგიასაც იყენებს.
სხვა ჩინური წყაროები გვამცნობენ, რომ მატარებელს წყალბადის ენერგიის ტექნოლოგია აქვს ჩაშენებული, რაც მას 600 კილომეტრზე სამყოფ ენერგიას აწვდის.
ახალი მატარებლის მნიშვნელობა
წყალბადი სუფთა ენერგიის წყაროდაა მიჩნეული, რადგან წყლის ორთქლი ერთადერთი რამეა, რაც მისი წვის შედეგად გამოიყოფა. წიაღისეული საწვავის მოხმარებისგან განსხვავებით, ეს პროცესი არ გამოყოფს მავნე დამაბინძურებლებსა და სათბურის აირებს, როგორებიც ნახშირორჟანგი ან გოგირდორჟანგი არიან.
დამატებით, წყალბადის მიღება განახლებადი ენერგიის წყაროებიდანაცაა შესაძლებელი, რაც მის პოტენციალს ერთიორად ზრდის.
წყალბადზე მომუშავე საქალაქო მატარებლის შესაქმნელად ის კვების წყაროს კონტაქტის ძველი ქსელის ნაცვლად წყალბადის საწვავის ელემენტითა და სუპერკონდენსატორით აღჭურვეს. სტატიაში ნათქვამია, რომ წყალბადისა და ჟანგბადის ელექტროქიმიური რეაქცია წყალბადის საწვავის ელემენტში ენერგიას წარმოქმნის. ამ რეაქციის ერთადერთი ნარჩენი წყალია და აზოტი ან გოგირდი არ გამოიყოფა. რეაქციის პროცესი უსაფრთხო და წყნარია.
2022 წლის ბოლოსთვის ჩინეთში დაახლოებით 270 წყალბადის საწვავის სადგური იყო, რაც ელექტრომობილების დასატენი პუნქტების გიგანტურ ქსელთან შედარებით ძალიან მცირე მაჩვენებელია, თუმცა თანდათან იზრდება.
როგორც ცნობილია, ჩინეთი წყალბადის ენერგიის სექტორის წახალისებას გეგმავს. ენერგიის ეროვნული ადმინისტრაციის (NEA) გეგმის მიხედვით, 2025 წლისთვის ქვეყანაში წყალბადის საწვავის ელემენტით აღჭურვილი 50000 სატრანსპორტო საშუალება იქნება და წელიწადში 100000-დან 200000-მდე მეტრული ტონა წყალბადი იწარმოება.
კომენტარები