ვაკუუმურ მილში მოძრავმა მაგლევის ტიპის ჩინურმა მატარებელმა სატესტო გასვლა შეასრულა
South China Morning Post-ის ცნობით, ულტრა სწრაფმა ვაკუუმურ მილში მოძრავმა ჩინურმა მატარებელმა პირველი სატესტო გასვლები შეასრულა.
სამი სატესტო გასვლა შანსის პროვინციაში, დათონგში მდებარე მაგლევის გამოსაცდელ ხაზზე შესრულდა. მატარებელმა ამ პროცესში 50 კმ/სთ განავითარა. საბოლოო მიზანს წარმოადგენს მატარებლის შექმნა, რომელიც თითქმის ვაკუუმურ მილში მგზავრებსა და ტვირთს 1000 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილებს.
მსოფლიოს უსწრაფესი სახმელეთო ტრანსპორტი
თუ პროექტის ყველა ეტაპი გეგმის მიხედვით წარიმართება, ეს მატარებელი მსოფლიოს უსწრაფესი სახმელეთო ტრანსპორტი გახდება. სატესტო ტერიტორია CASIC-ს (China Aerospace Science and Industry Corporation) ეკუთვნის, რომლის განცხადებითაც, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
დაწესებულებაში მდებარე გამოსაცდელი ვაკუუმური მილი სულ რაღაც 2კმ სიგრძისაა, თუმცა შემდეგ რამდენიმე წელიწადში მისი 60კმ-მდე გაზრდა იგეგმება.
ამ მომენტში ჩინეთში მსოფლიოში უგრძესი სწრაფმავალი რკინიგზის სისტემა მოქმედებს. საერთო ჯამში მისი სიგრძე 42000კმ-ს აჭარბებს. ჩინეთის მთავრობას აქვს ამბიციური გეგმა, რომ მატარებლების მაქსიმალური სიჩქარე მომავალ 2 წელიწადში 400კმ/სთ-მდე გაზარდოს.
2022 წლის ოქტომბერში ვაკუუმურ მილში მოძრავი მატარებელი ჩინეთის ჩრდილოეთის უნივერსიტეტმა წარმატებით გამოცადა. ხსენებული სატესტო გასვლები სწორედ ამ პროექტის ნაწილია.
ასევე იხილეთ: ჩინეთმა ვაკუუმურ მილში მოძრავი მაგლევის ტიპის მატარებელი გამოცადა
ჯერ კიდევ 2012 წელს SpaceX-ის დამფუძნებელმა, ილონ მასკმა ამავე ტიპის მატარებელი Hyperloop-ის პროექტი წარადგინა, რომელზე სამუშაოდაც The Boring Company დააარსა. ამის პარალელურად Virgin Galactic-ის დამფუძნებელმა რიჩარდ ბრენსონმა საკუთარი კომპანია Hyperloop One შექმნა.
მას შემდეგ ორივე კომპანიას არაერთი ფინანსური და ტექნიკური პრობლემა შეექმნა. შეიძლება ეს ნიშნავდეს, რომ ჩინეთი მალე ამ ტექნოლოგიის ლიდერი გახდება. ასეა თუ ისე, ამას დრო გვიჩვენებს.
კომენტარები