რატომ აშენებენ თახვები კაშხლების მსგავს კონსტრუქციებს და როგორ ეხმარება ეს ეკოსისტემას?
თახვები არქიტექტურული უნარით გამორჩეული ცხოველები არიან. ეს არც ისე პატარა მღრღნელები ბასრი წინა კბილებით ოსტატურად ჭრიან ხის ტოტებს და ტალახის, ბალახისა და ქვების კომბინაციით მდინარეებზე კაშხლების მსგავს, საკმაოდ მყარ კონსტრუქციებს აგებენ.
ეს, ალბათ, აქამდეც იცოდით, თუმცა თუ დაინტერესებულხართ, რატომ აკეთებენ ამას ისინი? წესით, ელექტროენერგიის მიღებას არ უნდა ცდილობდნენ...
მიზეზი მარტივია — კაშხლების აშენება უსაფრთხოების საკითხია. თახვის წონა საშუალოდ 18-36 კილოგრამს შეადგენს, მისი კიდურები კი ძალიან მოკლეა. შესაბამისად, ცხოველი სიმარდით მაინცდამაინც ვერ გამოირჩევა, რაც მას ხმელეთზე მტაცებლისთვის მარტივ საკბილოდ აქცევს.
"როცა თახვი ხმელეთზეა, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ის ერთი დიდი ქათმის ნაგეთსია, რომელსაც ნებისმიერი მტაცებელი დიდი სიამოვნებით მიირთმევდა. თუმცა, როცა თახვი წყალში შეაღწევს, ის თითქმის ხელშეუხებელია. ეს არსება გასაოცრად ცურავს და წყალქვეშ სუნთქვის შეკავება 10-15 წუთის განმავლობაში შეუძლია. კაშხლის აშენებით, თახვები ერთგვარ აუზს ქმნიან, რომელიც მათი უსაფრთხოების ზონაა", — აცხადებს ეკოჰიდროლოგი ემილი ფეირფაქსი.
დაგუბება, რომელსაც ეს კაშხალი ქმნის, საკმაოდ ღრმაა საიმისოდ, რომ თახვებმა თავი დაიცვან ისეთი მტაცებლებისგან, როგორებიც პუმები, დათვები, მგლები და კოიოტები არიან.
გარდა ამისა, კაშხლის აგებამ, შესაძლოა, არეალი დატბოროს, შესაბამისად თახვები საკვების მთავარ წყაროსთან (ფოთლები, ხეების ქერქი და სხვა მცენარეები) მიაახლოოს.
ამ არსების საოცარი უნარების დამადასტურებელია ის ფაქტიც, რომ მიზანს მხოლოდ კაშხლის აგება არ წარმოადგენს. ნაგებობის ირგვლივ წყლის ფართო არეალზე გასავრცელებლად თახვები არხებსაც აშენებენ, რომელთაც ხეებთან უსაფრთხოდ მისაახლოებლად და დიდი ზომის სამშენებლო მასალის მარტივად გადასატანად იყენებენ.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზის მიხედვით, თახვები ამ კაშხლებში არ ცხოვრობენ. საპირისპიროდ, ისინი ტოტებისგან და ტალახისგან ნაპირზე პატარა "სახლებს" იშენებენ, სადაც საშუალოდ 4-5 თახვი ცხოვრობს. მღრღნელების ამ გაერთიანებებს კოლონიებს უწოდებენ.
კაშხალი ეკოსისტემას ეხმარება
თახვების კაშხლები გარდა მათი მშენებლებისა, სხვა სახეობებსაც ძალიან ეხმარება. ნაგებობა მდინარის სიჩქარეს ანელებს და კონკრეტულ ლანდშაფტზე წყალს უფრო დიდი ხნით აკავებს. ეს უბრალო დინებებს ეკოსისტემების სასიცოცხლო წყაროდ აქცევს. საკვებისა და წყლის აქ თავმოყრილი რაოდენობა არაერთი სახეობისათვის იდეალურ საცხოვრებელ გარემოს ქმნის. სწორედ ამის გამო ითვლება, რომ თახვი ბუნებისთვის უმნიშვნელოვანესი არსებაა.
"კაშხალი წყალს ანელებს, რის შედეგადაც ის ნიადაგში უკეთ შედის. ეს გვალვის პერიოდშიც კი მცენარეთა ფესვებისთვის კვების მთავარი წყაროა. გარდა ამისა, ეს ირგვლივ არსებულ მცენარეებს ატენიანებს, რაც ტყის ხანძრის დროს თახვების საცხოვრებელ არეალში მდებარე მცენარეებს ხელუხლებელს ტოვებს. ეს ხანძრისგან დაცული ზონები სხვა ცხოველებსაც იცავს, რომლებიც სიკვდილს გაურბიან", — განაცხადა ფეირფაქსმა.
კომენტარები